Accessibility links

logo-print

არაბულმა სახელმწიფოებმა შეარბილეს ანტი ამერიკული პოზიცია ერაყის წინააღმდეგ გალაშქრების საკითხში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა არაბული ქვეყნების მთავრობათა უმრავლესობა თვეების განმავლობაში საჯაროდ ეწინააღმდეგებოდა ერაყის პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის ძალით ჩამოგდების ნებისმიერ კამპანიას შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით.



მაგრამ მიმდინარე თვეში რამდენიმე არაბულმა ქვეყანამ, მათ შორის საუდის არაბეთმა და ეგვიპტემ მიანიშნეს, რომ მხარს დაუჭერენ ამგვარ კამპანიას, თუ მას გაეროს მანდატი ექნება.

ვაშინგტონი და ლონდონი აძლიერებენ ზეწოლას გაეროს უშიშროების საბჭოზე, რათა მან მიიღოს მკაცრი რეზოლუცია ერაყის წინააღმდეგ. რეზოლუცია დაავალდებულებს ერაყს, დროის გარკვეულ მონაკვეთში შეასრულოს გაეროს განიარაღების ინსპექტორების მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში, უშიშროების საბჭო მიმართავს ყველა საჭირო ზომას, ძალის ჩათვლით.

10-ოდე დღის წინათ, საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უფლისწულმა საუდ ალ-ფაისალმა, ვაშინგტონისა და ლონდონის მცდელობების კომენტირებისას თქვა, რომ “ყველა ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა გაეროს ქარტიას, უნდა დაემორჩილოს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას”.

ეგვიპტის პრეზიდენტმა ხოსნი მუბარაკმა კი მოუწოდა ერაყს “თავიდან აიცილოს დაუმორჩილებლობის სერიოზული შედეგები.”

აქამდე საუდის არაბეთი და ეგვიპტე, ისევე როგორც არაბული ქვეყნების უმრავლესობა ერაყის კრიზისის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას უჭერდნენ მხარს. ამასთანავე, ისინი გამორიცხავდნენ მათი ტერიტორიების გამოყენებას, თუ ამერიკა ცალმხრივად დაიწყებდა სამხედრო მოქმედებებს.

ექსპერტებიის აზრით, ეგვიპტისა და საუდის არაბეთის პოზიციების შეცვლა გამოწვეულია იმით, რომ კამპანია ერაყის წინააღმდეგ გარდაუვლად გამოიყურება. ლონდონელი ექსპერტი ნილ პარტრიკი ამბობს, რომ საუდის არაბეთის გადაწყვეტილება მოტივირებულია, ვაშინგტონთან ურთიერთობების შემდგომი გაუარესების შიშით, თუ ის არ დაუჭერს მხარს გაეროს მანდატით წარმოებულ სამხედრო კამპანიას.

11 სექტემბრის შემდეგ რიადსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობები დაიძაბა. გარდა ამისა, საუდის არაბეთს არ სურს ჩამორჩეს კატარს, რომელმაც შეერთებულ შტატებს თავის ტერიტორიაზე მოქმედების ნება მისცა.

ამას წინათ ამერიკის მედიაში ითქვა, რომ პენტაგონი აპირებს კატარში ბაღდადის წინააღმდეგ კამპანიის შტაბ-ბინის შექმნას. ამავე დროს, შეერთებულმა შტატებმა დაიწყო კატარის საჰაერო ბაზების მოდიფიკაცია – ამაგრებს ანგარებს და აშენებს ახალ ასაფრენ-ბილიკებს.

კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰამად ბინ იასიმ ალ-თანიმ სექტემბრის დასაწყისში განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს ჯერ არ უთხოვია მხარდაჭერა ერაყის წინააღმდეგ გალაქრებაში, მაგრამ თუ ვაშინგტონი ასეთი თხოვნით მოგვმართავს, ჩვენ სერიოზულად განვიხილავთ კატარის სამხედრო ობიექტების გამოყენების საკითხსო.

პარტრიკის აზრით, კატარისა და საუდის არაბეთის საჯარო განცხადებები მოწმობს, რომ ისინი ცდილობენ გაინაღდონ ადგილი სადამის შემდეგ შექმნილ ახალ რეგიონულ სიტუაციაში.

[პარტრიკის ხმა] “ერაყში შექმნილი ახალი რეჟიმი ვაშინგტონთან დაახლოებას მოისურვებს და, მართალია, ის ვერ დაიკავებს საუდის არაბეთის, როგორც შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორის ადგილს უსაფრთხოებისა და ნავთობის პოლიტიკის სფეროებში, საუდის არაბეთს ადარდებს, რომ ახალ სტარატეგიულ ჩარჩოებში, რომელიც კონფლიქტის შემდეგ შეიქმნება, ის არახელსაყრელ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს.”

ამ ორი ქვეყნის მაგალითს სპარსეთის ყურის რეგიონის ყველა სახელმწიფო არ მისდევს. მაგალითად ბაჰრეინმა, სადაც შეერთებული შტატების მეხუთე ფლოტია განთავსებული, ამ კვირაში მოუწოდა არაბულსა და მაჰმადიანურ ქვეყნებს, კატეგორიულად უარყონ ერაყის წინააღმდეგ სამხედრო გალაშქრების იდეა. ბაჰრეინის პრემიერ-მინისტრმა ბინ სულმან ალ-ხალიფამ განაცხადა, რომ ბაღდადის თანხმობამ ქვეყანაში დააბრუნოს განიარაღების ინსპექტორები გააქრო ერაყზე დარტყმის მიზეზი.

ის ქვეყნები, რომლებმაც ვაშინგტონის მხარდაჭერაზე მიანიშენს, ალბათ იმედოვნებენ, რომ თუ მიღებულ იქნება გაეროს მანდატი, ეს შეასუსტებს არაბულ სამყაროში ანტიამერიკულ გრძნობებს. ანტიამერიკული განწყობილება, უმეტესწილად, იმით არის გამოწვეული, რომ ისრაელ-პალესტინელთა კრიზისში, ვაშინგტონი ისრაელის მხარეს დგას.

ისლამისტებისგან ბევრი ცდილობს, საქმე ისე წარმოადგინოს, თითქოს ისრაელისთვის მხარდაჭერა და ერაყის რეჟიმის დამხობა არის ორი გზა რომლითაც ვაშინგტონი ახორციელებს თავის მიზანს – შეასუსტოს არაბული სამყარო.

ერაყი ხშირად ადანაშაულებს დასავლეთს სიონიზმში. ერაყის კულტურის მინისტრმა ჰამად იუსეფ ჰამადმა ტონი ბლერის გამოსვლა ბრიტანეთის პარლამენტში დაახასიათა, როგორც მსოფლიო სიონიზმის მიერ დაწყებული კამპანიის ნაწილი.
XS
SM
MD
LG