Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

454-ე გამოშვება.


წამყვანი: მარიამ ჭიაურელი, პრაღა 454-ე გამოშვება.

წამყვანი: ძვირფასო რადიომსმენელებო, დღევანდელი გადაცემის მეორე ნაწილი, ტრადიციისამებრ, ”მეათე სტუდიას” დაეთმობა. ჩვენს ყოველკვირეულ რადიოჟურნალში განვაგრძობთ მსჯელობას საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე და დავუბრუნდებით ერაყთან დაკავშირებულ საკითხებს: კერძოდ, შევეცდებით ვუპასუხოთ შეკითხვას, უქმნის თუ არა საფრთხეს ერაყის ხელში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი საქართველოს. შემდეგ თურქეთში გადავინაცვლებთ და გიამბობთ სტამბულში ქართული კულტურის კერაზე – მე-19 საუკუნეში ქართველი კათოლიკეების მიერ დაარსებულ მონასტერზე. დღეს შემოგთავაზებთ აგრეთვე ინტერვიუს პოლიტოლოგ გია ნოდიასთან და გამოვეხმაურებით რუსი მწერლის, ვლადიმირ ვოინოვიჩის დაბადების 70-წლიან იუბილეს. გადაცემას ”მეათე სტუდიაში” მარიამ ჭიაურელი უძღვება.

რა ფაქტორები განაპირობებს რუსეთის აგრესიული პოლიტიკას საქართველოს მიმართ?

წამყვანი:
რა ფაქტორებით არის გამოწვეული რუსეთის უკიდურესად აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ? რამდენად განაპირობებს ამ დამოკიდებულებას თვით რუსეთში მიმდინარე პროცესები? არის თუ არა მოსალოდნელი რუსეთის პოლიტიკის შეცვლა უახლოეს მომავალში?
ამ საკითხების გარშემო ესაუბრა ისტორიკოს დავით აბაშიძეს გიორგი კაკაბაძე.

გიორგი კაკაბაძე:
დავით აბაშიძე უპირველესად აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთთან ომის გამო რუსეთის ხელისუფლება უაღრესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა.
“უკვე სამი წელია მიმდინარეობს ომი, რომელსაც დასასრული არ უჩანს. საჭირო გახდა დამნაშავეების მოძებნა და ისინი მოიძებნენ კიდეც საქართველოსა და მისი პრეზიდენტის სახით”, ამბობს ისტორიკოსი. გარდა ამისა, დავით აბაშიძე აღნიშნავს, რომ მოსკოვი უაღრესად გაღიზიანეულია ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის რეალური ამოქმედებით, რაც რუსეთის პოლიტიკურ ინტერესებს აშკარად ეწინააღმდეგება.

“რუსეთი ვერც იმას ურიგდება, რომ თანდათანობით ბოლო ეღება საქართველოში მის სამხდრო ყოფნას. არადა, ბევრი ჩრდილოელი პოლიტიკოსის შეფასებით, საქართველოდან რუსეთის წასვლა ჩრდილოეთ კავკასიაზე კონტროლის დაკარგვის ტოლფასია.
ცნობილია ისიც, თუ რაოდენ მწვავედ რეაგირებს რუსეთი დასავლეთის სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრირების პროცესებზე.
ვითარებას ამძიმებს თვით რუსეთში არსებული მდგომარეობა”.

[აბაშიძის ხმა] “რუსეთში არის ფედერაციის 80-ზე მეტი სუბიექტი და ცენტრის გავლენა იქ ძალზე სუსტია. ეს სუბიქტები, ფაქტობრივად, ფეოდალურ ერთეულებად ჩამოყალიბდნენ, რაც განსაკუთრებით გამოვლინდა 1998 წლის აგვისტოს დეფოლტის დროს. მაშინ თოთოეული სუბიექტი თვითონ ცდილობდა გადარჩენას და ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონებს შორის ფაქტობრივად მოიშალა”.

დავით აბაშიძე აღნიშნავს იმასაც, რომ “ძალიან მძიმე დემოგრაფიული მდგომარეობაა ციმბირში და განსაკუთრებით შორეულ აღმოსავლეთში, სადაც 6 მილიონ კვადრატულ კილომეტრზე უფრო მეტ ტერიტორიაზე მხოლოდ 8 მილიონი მოსახლე ცხოვრობს. ამ რეგიონებში მოსახლეობის აღწარმოება არ ხდება - ახალგაზრდობამ მიატოვა ეს ადგილები, სადაც სულ უფრო იზრდება ჩინეთის, იაპონიისა და სამხრეთი კორეის ეკონომიკური და ჩინეთის დემოგრაფიული ფაქტორების გავლენა”.

“და, როგორც ჩანს, საერთო ტენდენციის შეცვლა ამ რეგიონებში ვერ მოხერხდება”, მიიჩნევს დავით აბაშიძე. “ბუნებრივია, ასეთ ვითარებაში რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს თავისი შესუსტებული გავლენის აღდგენას კავკასიის რეგიონში და, კერძოდ, საქართველოში. ამ მიზნის მისაღწევად კი შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლაა მიჩნეული ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად”.

[აბაშიძის ხმა] “რუსეთი ვარაუდობს, რომ აგრესიული განცხადებებითა და ტონით შეძლებს საქართველოს მოსახლეობაში პანიკის შეტანას და იმ აზრის გავრცელებას, რომ რუსთთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზი პრეზიდენტი შევარდნაძეა. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს მოძრაობა შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით და ამ შემთხვევაში რუსეთისთვის არა აქვს მნიშვნელობა, თუ ვინ გამოიჩენს აქტიურობას, პრორუსული ძალები თუ პროდასავლური. რუსები ვარაუდობენ, რომ შევარდნაძის გადადგომისა და ხელისუფლებაში, თუნდაც, პროდასავლური ძალების მოსვლის შემთხვევაში, ისინი დიდ ხანს ვერ შეინარჩუნებენ ძალაუფლებას და მათ მალე პრორუსული ძალები შეცვლიან”.

თუმცა, ჩემს თანამოსაუბრეს ნაკლებად რეალურად მიაჩნია მოვლენების ამ სცენარით განვითარება, რადგან, როგორც იგი ფიქრობს, “დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ძალების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს შევარდნაძის ხელისუფლების შეცვლა რუსეთის ზემოქმედების შედეგად”.
“პრორუსული ძალები კი, რომლებიც ისედაც არ სარგებლობენ მოსახლეობის ფართო მხარდაჭერით, რუსეთის აგრესიული დამოკიდებულების პირობებში, ასპარეზზე გამოსვლას ვერ გაბედავენ”, ამბობს დავით აბაშიძე.

და მაინც, არის თუ არა მოსალოდნელი უახლოეს მომავალში პოზიტიური ცვლილებები რუსეთის პოლიტიკაში? [აბაშიძის ხმა] “თუ საქართველო შინაგანად განმტკიცდება – ქვეყანაში დადებითი პროცესები დაიწყება, მაშინ, რა თქმა უნდა, რუსეთმაც შეიძლება უფრო რეალისტური პოლიტიკა აირჩიოს. რუსეთი იმდენად თავის ძლიერებას კი არ გვახვეს თავს, რამდენადაც ჩვენი სისუსტით სარგებლობს”.

გიორგი კაკაბაძე, რადიო “თავისუფლებისათვის”, თბილისი.
[მუსიკა]

უქმნის თუ არა საფრთხეს ერაყის მფლობელობაში არსებული მასობრივი განადგურების იარაღი საქართველოს

წამყვანი:
სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, საერთაშორისო პოლიტიკური დისკუსიებისას, სულ უფრო და უფრო გახშირდა ერაყისა და საქართველოს ერთად მოხსენიების ფაქტები. თუ აქამდე “კულუარულად” გამოითქმებოდა ვერსიები რუსეთ-ამერიკის ფარული შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც, ოფიციალური მოსკოვი, ერაყზე თავდასხმის სანაცვლოდ, ვაშინგტონს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენების უფლებას უყენებს პირობად, 25 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა კიდევ უფრო ცალსახა პოზიცია გამოხატა, როცა განაცხადა, რუსეთს ერაყის პრობლემაზე მეტად ის აწუხებს, თუ რა ხდება საქართველოშიო. არადა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ საქართველოში ბოლომდე გააზრებული არ არის, თუ რამდენად რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა ჩვენი ქვეყანა.

თამარ ჩიქოვანი:
დასავლეთის საკმაოდ მკაცრი რეაქცია რუსეთის პრეზიდენტის 11 სექტემბრის განცხადებაზე, გარკვეულწილად, იმის გარანტიად უნდა ჩაითვალოს, რომ რუსეთი ვერ გაბედავს ღია აგრესიას სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ. თუმცა, ამავე დროს, არაოფიციალურ საუბრებში მაღალი თანამდებობის პირები არ გამორიცხავენ რუსეთის მხრიდან საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა რაიონების დაბომბვის შესაძლებლობას. სხვა საკითხია, რომ ჯერჯერობით საქართველოში არავინ საუბრობს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს, თუ აშშ-ი, გაეროს რეზოლუციის მიუხედავად, მაინც გადაწყვეტს ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებას.

ამ კვირაში, პარლამენტის საგანგებო სხდომაზე გამოსვლისას, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა გამოაქვეყნა დოკუმენტები იმის შესახებ, თუ რა საშიშროებას უქმნის ერაყი მსოფლიოს. შემაშფოთებელი რაოდენობის მასობრივი განადგურების იარაღის ჩამოთვლის გარდა, დასახელდა ქვეყნები, რომლებიც, შესაძლოა, ერაყული იარაღის სამიზნედ იქცეს. ჩამონათვალში, ისრაელის გარდა, აღმოჩნდა მთელი ახლო და შუა აღმოსავლეთი, პლუს საბერძნეთი და თურქეთი.
ბუნებრივია, თუ მოვლენები ასეთი სცენარით განვითარდა, ანუ ერაყმა არ დაუშვა თავის ტერიტორიაზე გაეროს ექსპერტები ან კვლავ შეეცადა მის ხელთ არსებული იარაღის გადამალვას, რაც უცილობლად გამოიწვევს საომარი ოპერაციის დაწყებას ერაყის წინააღმდეგ, გეოგრაფიული სიახლოვის გამო, საქართველო შეიძლება იმ ქვეყნების რიცხვში აღმოჩნდეს, რომლის მოსახლეობის სიცოცხლესაც საფრთხე შეექმნება.

სამწუხაროდ, შესაბამის სახელმწიფო დაწესებულებებში შეუძლებელი აღმოჩნდა იმის დადგენა, თუ რა პრევენტიული ღონისძიებების გატარება გახდება აუცილებელი ასეთ შემთხვევაში. სამოქალაქო დაცვისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ოთარ ტაველიშვილის ცნობით, თუ გაჩნდა რეალური საშიშროება საქართველოს წინააღმდეგ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენებისა, ამისთვის უნდა მოემზადოს მთავრობაც და მოსახლეობაც. მისივე აღიარებით, ამ ეტაპზე სამოქალაქო თავდაცვისა და საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის შესაძლებლობები საკმაოდ მწირია, თუნდაც თავშესაფრებისა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებათა თვალსაზრისით.

საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარის გიორგი გაჩეჩილაძის აზრით: [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “ საქართველო, როგორც პატარა ქვეყანა, ასეთ სერიოზულ გლობალურ საკითხებში აქტიურად არ უნდა ერეოდეს. იმიტომ, რომ შეერთებული შტატები ძალიან დაშორებულია საქართველოდან და ერაყი დაშორებულია თბილისიდან დაახლოებით 1000 კილომეტრით. ანუ ის შესაძლებლობები, რაც ინგლისის უშიშროებამ გამოაქვეყნა, შეიძლება საქართველოსაც მოსწვდეს.”[სტილი დაცულია]
იგი იხსენებს 1988 წლის ჩერნობილის ტრაგედიას, როცა საქართველოდან 2 ათასი კილომეტრის დაშორებით მდებარე ატომური სადგურის აფეთქების შედეგად, საქართველო ერთ-ერთ ყველაზე დაზარალებულ ქვეყნად იქცა. შესაბამისად, გიორგი გაჩეჩილაძე არ გამორიცხავს, ეს პრეცედენტი ამჯერადაც განმეორდეს: [გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] “როგორც არ უნდა მოხდეს, ვისაც არ უნდა დაარტყას ანდა შემთხვევით, შეერთებულმა შტატებმა თუ დაბომბა ტერიტორიები და ის საცავები, სადაც საშიში ნივთიერებებია განლაგებული, ამოფრქვევა მოხდეს – თავისუფლად შეიძლება, მეტეოროლოგიური პირობების გამო, ეს საქართველოშიც ჩამოვიდეს, როგორც ეს მოხდა ჩერნობილის დროს.”[სტილი დაცულია]

მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში, ის, რაც მოხდება ერაყთან დაკავშირებით, რაიმე ფორმით ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრებაზე აისახება.

თამარ ჩიქოვანი რადიო თავისუფლებისათვის”, თბილისი.

წამყვანი:
ახლა მივაშურებთ ქვეყანას, რომელიც თამარ ჩიქოვანის მიერ მომზადებულ სიუჟეტშიც იყო მოხსენიებული, ოღონდ პოლიტიკური დისკუსიების მაგივრად კულტურის თემას შევეხებით.

[მუსიკა]
ქართული კულტურის კერა სტამბოლში და დამოკიდებულება ქართველ კათოლიკეთა მიმართ

წამყვანი:
ქართველი მკვლევარი, ბათუმის უნივერსიტეტის პროფესორი შუშანა ფუტკარაძე 9 თვის მანძილზე იმყოფებოდა სტამბოლში მე-19 საუკუნეში ქართველ კათოლიკეთა მიერ დაფუძნებულ მონასტერში დაცული წიგნადი ფონდის შესასწავლად. როცა ეცნობი დღესაც მოქმედი ამ მონასტრისადმი თურქეთის სახელმწიფოსა და მოქალაქეების დამოკიდებულებას, ძალაუნებურად ავლებ პარალელს საქართველოში მცხოვრებ ქართველ კათოლიკეებთან, რომელთაც ვერაფრით დაუმტკიცებიათ თავიანთი უფლება, ილოცონ კათოლიკურ ეკლესიაში, მეტიც, ვერ დაუმტკიცებიათ, რომ ეკლესია, სადაც მათ ღვთისმსახურების აღსრულება სურთ, კათოლიკურია. ამ ორ განსხვავებულ სურათზე დავით პაიჭაძე მოგითხრობთ.

დავით პაიჭაძე:
ქართველთა კათოლიკურ მონასტერს სტამბოლში 1859 წელს ჩაუყარა საფუძველი პეტრე ხარისჭირაშვილმა. უკანასკნელი ქართველი კათოლიკე ბერი იქ 1966 წელს გარდაიცვალა. კათოლიკური ეკლესია დღესაც მოქმედებს, წირვა-ლოცვა ფრანგულ, თურქულ და სომხურ ენებზე მიმდინარეობს. ქართულენოვანი მრევლი ეკლესიას აღარ შერჩა. მეოცე საუკუნეში ბოლო რამდენიმე ათეული წლის მანძილზე მონასტერს მზრუნველობდა სტამბოლში მცხოვრები ზაზაძეების ოჯახი: ჯერ პავლე ზაზაძე, რომელიც გასული საუკუნის დასაწყისში ქართველმა კათოლიკე მღვდელმა შალვა ვარდიძემ ჩაიყვანა სტამბოლში განათლების მისაღებად, შემდეგ და დღემდე – პავლე ზაზაძის ვაჟი, სიმონ ზაზაძე.

პროფესორი შუშანა ფუტკარაძე, რომელიც შარშანდელი ნოემბრიდან წლევანდელი ივლისის ჩათვლით სწორედ ამ მონასტერში იმყოფებოდა იქ დაცული ბიბლიოთეკის აღსაწერად და შესასწავლად, მიამბობს [შ. ფუტკარაძის ხმა]: “სტამბოლში ეს მონასტერი წარმოადგენდა ქართული კულტურის ცენტრს. აქ თავს იყრიდა მთელი მსოფლიოდან გამოგზავნილი ლიტერატურა. თუ სადმე იყო ქართული სტამბა, თუ სადმე ხორციელდებოდა ქართული გამოცემები, ყველა გამომცემლობა და ყველა სტამბა უგზავნიდა წიგნებს ამ ტაძარს. აქ დაცულია ცხრა ოთახი, სავსე წიგნებით – რა თქმა უნდა, არამარტო ქართულ ენაზე. ეს არის მრავალფეროვანი ლიტერატურა და თითქმის ყველა დარგს ეხება – ამ მონასტერთან ხომ ქართულ-ბერძნული და ქართულ-ფრანგული სკოლები იყო შექმნილი. ბიბლიოთეკაში თავი მოიყარა კერძო კოლექციებში დაცულმა ლიტერატურამაც. ბოლო დროს თურქეთში ჩამოყალიბდა თურქეთ-საქართველოს კულტურისა და განათლების ფონდი. ფონდს განზრახული აქვს, ამ ბიბლიოთეკის ბაზაზე სტამბოლში ჩამოყალიბდეს ქართული კულტურის ცენტრი, რომელიც მოემსახურება საქართველოსა და თურქეთის კეთილმეზობლურ, კულტურულ ურთიერთობებს”. ამ ინიციატივის მოთავე სწორედ ზაზაძეების ოჯახია.

შუშანა ფუტკარაძემ ჩემთან საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ კათოლიკური ეკლესიის მრევლს შეადგენენ თურქეთის ეთნიკურად ბერძენი, სომეხი, ფრანგი თუ ქართველი მოქალაქეები, რომელთაც კათოლიკური რწმენა აერთიანებთ და საუბრისას თავიანთ თავს თურქ მოქალაქეებად წარმოადგენენ. რაც შეეხება ყოფილი მონასტრისა და ბიბლიოთეკის მდგომარეობას, წიგნების შენახვასა და დაცვაში განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თურქეთის ხელისუფლების როლი.

თუ სტამბოლში ქართული კულტურის ცენტრს აფუძნებენ იმ მონასტერზე, სადაც ახლა ქართულ ენაზე მლოცველი ერთი ადამიანიც აღარ დაიარება, საქართველოში აქ მოსახლე კათოლიკე ქართველებს არ აძლევენ საშუალებას, იმ ადგილას აღასრულონ ღვთისმსახურება, რომელზედაც თითქოს სრული უფლება აქვთ. ვგულისხმობთ კათოლიკურ თემს ქალაქ ქუთაისში, რომლის მკვიდრ ქართველ კათოლიკეებს ვერაფრით დაუმტკიცებიათ, რომ მე-19 საუკუნეში მათი თანამორწმუნეების აგებული ცნობილი ტაძარი კათოლიკურია. ამ ეკლესიაში ახლა მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს. ვერც ქალაქისა და რეგიონის ხელისუფლებას, ვერც მართლმადიდებელი ეპარქიის ხელმძღვანელობას ქუთათურმა კათოლიკეებმა ვერაფერი შეასმინეს და საბოლოოდ სასამართლოში იჩივლეს. უკანასკნელი სხდომა 18 სექტემბერს გაიმართა და კიდევ გადაიდო.

ქუთაისში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის - “დემოკრატიის ხელშეწყობის ცენტრის” დირექტორმა გოჩა ჩხეტიამ ჩემთან საუბრისას ერთი ფაქტი გაიხსენა: კათოლიკეებს ქუთაისში თავიანთი რადიოგადაცემა ჰქონდათ. გაზაფხულზე, სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ, [ჩხეტიას ხმა] “როცა მათი გადაცემები გადიოდა ეთერში, საქენერგო, ქელასი სტამბას, სადაც რადიოს ოფისია განთავსებული, დენს უთიშავდა. 20 წუთი რომ გავიდოდა, ისევ ჩაურთავდნენ. სტამბას დენი საერთოდ არ ეთიშება, მას მუდმივი კვების წყარო აქვს. მაგრამ იმ ჯერზე დენის გამორთვა “ემთხვეოდა” გადაცემის დასაწყისს, ხოლო ჩართვა – გადაცემის დასრულების დროს”.

გარდა ამისა, როგორც გოჩა ჩხეტია აღნიშნავს, სასამართლოში ჩივილის შემდეგ ერთგვარი საინფორმაციო ომი გაჩაღდა კათოლიკეებსა და მართლმადიდებლებს შორის, ხოლო მართლმადიდებელ მრევლს მისი მოძღვრები უფრო ხშირად ეუბნებოდნენ, რომ კათოლიკეები მწვალებლები და ერეტიკოსები არიან. მართალია, ქუთაისში კათოლიკეებისადმი დამოკიდებულებას, რბილად რომ ვთქვათ, საყოველთაო კეთილგანწყობას ვერ უწოდებ, მაგრამ არ არსებობს არც ერთი ფაქტი მათდამი იმგვარი მოპყრობისა, თბილისში რომ ექცევიან სხვადასხვა რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს.

დავით პაიჭაძე რადიო ”თავისუფლებისათვის”, თბილისი.

ინტერვიუ გია ნოდიასთან

წამყვანი:
საქართველოში რელიგიური უმცირესობებისადმი დამოკიდებულებას ეხმიანება ”მეათე სტუდიისათვის” მომზადებული შემდეგი სიუჟეტიც: 24 სექტემბერს შეერთებული შტატების ე.წ. “ჰელსინკის კომისიაში” გაიმართა მოსმენა, რომელიც საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების მდგომარეობის განხილვას მიეძღვნა. მსმენელთა ნაწილს ეცოდინება, რომ “ჰელსინკის კომისია” აშშ-ის მთავრობის ეგიდით მოქმედი დამოუკიდებელი უწყებაა, რომლის ამოცანა გახლავთ “ჰელსინკის საბოლოო აქტში” ჩამოყალიბებულ დებულებათა განხორციელების მეთვალყურეობა. 24 სექტემბრის მოსმენაში კომისიის წევრების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე ლინ პასკო, მასაჩუსეტსის შტატის მაუნტ ჰოლიოკ კოლეჯის პროფესორი, ისტორიკოსი სტივენ ჯონსი და საქართველოს ოთხი წარმომადგენელი: შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩი ლევან მიქელაძე, მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის დირექტორი გია ნოდია, საქართველოს ბაპტისტთა კავშირის ხელმძღვანელი, ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი და იეღოველთა მოწმეების წარმომადგენელი გენადი გუდაძე.

მოსმენის დამთავრებისთანავე, დავით კაკაბაძემ ვაშინგტონში დაურეკა მის ერთ-ერთ მონაწილეს გია ნოდიას და სთხოვა, მსმენელისთვის თავისი მოხსენების ძირითადი დებულებები გაეცნო. ბატონი გიასგან ისიც შევიტყეთ, რომ მომხსენებლებმა დიდი ყურადღება დაუთმეს საქართველოში რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა უფლებების ხელყოფის ფაქტებს.

იხ. აუდიო ვერსია
[დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ”ჰელსინკის კომისიაში” გაკეთებულ მოხსენებებს და სხდომაზე გაკეთებულ არაოფიციალურ სტენოგრაფიულ ჩანაწერს გაეცნონ შემდეგ მისამართზე:
http://www.csce.gov/briefings.cfm?briefing_id=232
]

[მუსიკა]

ვლადიმირ ვოინოვიჩი – 70

წამყვანი:
”განათლების დეფიციტის გამო რამე უფრო ჭკვიანურ პროფესიას ვერ დავეუფლე და ამიტომ გავხდი მწერალიო”, წერს რუსი სატირიკოსი ვლადიმირ ვოინოვიჩი. რაც შეეხება თავად სატირას, ისიც თურმე მისდა უნებურად, ბუნებრივად იქცა მისი შემოქმედების მთავარ მახასიათებლად. მისი თქმით, იგი სინამდვილეს აღწერდა, სინამდვილე კი თავად იყო სატირული. ვლადიმირ ვოინოვიჩზე, რომელსაც ხუთშაბათს, 26 სექტემბერს, 70 წელი შეუსრულდა, ბიძინა რამიშვილი მოგითხრობთ.

ბიძინა რამიშვილი:
1932 წელს ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში, მაშინდელ სტალინაბადში, დაბადებული ვოინოვიჩი არა მარტო მწერლად აქცია ცხოვრებამ თითქოსდა მისდაუნებურად, იგი დისიდენტადაც მისდაუნებურად იქცა. მისი რომანი ”ჯარიკაც ივან ჩონკინის არაჩვეულებრივი თავგადასავალი” სამოციანი წლების ბოლოს ”სამიზდატის” მეშვეობით ვრცელდებოდა. მისმა გმირმა, რუსეთის ზღაპრის ტრადიციიდან ამოზრდილმა, სიმართლის მაძიებელმა გულუბრყვილო ჯარისკაცმა ჩონკინმა მყარი ადგილი მოიპოვა რუსეთის კულტურაში. რაც შეეხება ავტორს, იგი ამ წიგნისთვის გარიცხეს მწერალთა კავშირიდან, შემდეგ კი კაგებეს მუქარის ობიექტი გახდა. ასე იქცა დისიდენტად”აპოლიტიკური” ვოინოვიჩი, რომელიც 1980 წელს მიუხენში გადავიდა საცხოვრებლად. სხვათა შორის, იგი არაერთხელ ყოფილა რადიო ”თავისუფლების” რუსული რედაქციის სტუმარი, სანამ ჩვენს რადიოს მიუნხენში ედო ბინა. სწორედ ამ რედაქციის თანამშრომელს, ივან ტოლსტოის ვთხოვე, ესაუბრა ვოინოვიჩის შესახებ.

[ტოლსტოის ხმა] ”მწერალი ვლადიმირ ვოინოვიჩი ძალიან ჰგავს თავის თავს. წიგნების ყდებიდან დემოკრატიულად გვიღიმის არაჟანივით ჭაღარა, მაგრამ შინაგანად ახალგაზრდა ადამიანი. ტექსტიდან კი ამოიზრდება ეშმაკი ბერიკაცი და ადამიანური სიბრიყვის მდევნელი. სწორედ ასეთია ვოინოვიჩი ხელის ჩამორთმევისასაც. არ შეიძლება მისი ვერ ცნობა. მის წინაშე ვერ იყალბებ და ვერ იკეკლუცებ. ვოინოვიჩი საკუთარი თავის ტოლია და ეს მას არაჩვეულებრივად სრულ პიროვნებად აქცევს.
უკანასკნელ წლებში მასში მწერალი ნებაყოფლობით უთმობს ადგილს სხვა შემოქმედ ფიგურას – მხატვარს. მისი სამყარო ტილოზეც მისი ლიტერატურის ბუნებრივი გაგრძელებაა: ვოინოვიჩის ფერწერა დამცინავი, გაშარჟებული, მხიარულია. ჩასუქებული, ზიზილ-პიპილოებში გამოწყობილი დეიდა იქცევა სატირად დეიდებზე, ავტოპორტრეტი ირონიულია და შეგნებულად მოსულელო. აქვეა სამი ფიგურა, სამი მწერალი რუსეთის მიწისა, სასეირნოდ გამოსულები, სამივე ერთნაირი სიმაღლის, სოფლური გარეგნობის, როგორც ბაზრობის თოჯინები: პუშკინი, გოგოლი და ვოინოვიჩი.
რა ჯანმრთელი გაგებაა სამყაროში საკუთარი ადგილისა, რა აუცილებელი წამალია საკუთარ თავში შეყვარებულობისა და პათოსისა!

საბჭოთა ადამიანი ვოინოვიჩს ჯერ კიდევ მაშინ იცნობდა, როცა ვერც კი ხვდებოდა მის არსებობას: სკოლაში დიდი ხნის მანძილზე ვმღეროდით სიმღერას კოსმონავტებზე ”კიდევ თოთხმეტი წუთი გვაქვს მარაგში”. მართალია, ხმამაღალი გუნდით ვსარგებლობდით და სიტყვებს ჩვენ ყაიდაზე ვცვლიდით... მერე სიმღერა გაქრა, იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად ვლადიმირ ვოინოვიჩიც გაიზარდა, ლიტერატურის ღირსების დაცვა დაიწყო, წერდა წერილებს და სატირულ მოთხრობებს.

”მინდა პატიოსანი ვიყო” – ასეთი, ერთგვარად, გულუბრყვილო სათაური ჰქონდა მის ერთ-ერთ ადრეულ მოთხრობას. გულუბრყვილოდ, ბავშვურად, ჯიუტად გაატარა ვოინოვიჩმა ეს დევიზი თავის შემოქმედებით ცხოვრებაში. ნახეთ მისი უკანასკნელი წიგნი, რომელიც ალექსანდრ სოლჟენიცინთან ურთიერთობებს ეძღვნება. ეს არ არის ანგარიშსწორება, როგორც ფიქრობენ ისინი, ვისაც წიგნი არ წაუკითხავს. ეს არის ისევ ის ჯიუტი სურვილი, ”იყოს პატიოსანი” და არ გადაუხვიოს იმ ზნეობრივ პრინციპებს, რომლებმაც ჩამოაყალიბა ოდესღაც მწერლის პიროვნება.
წელს ვლადიმირ ვოინოვიჩს სახაროვის სახელობის სალიტერატურო პრემია მიენიჭა სამოქალაქო სიმამაცისთვის. ის ძალიან უხდება ვლადიმირ ნიკოლაევიჩს. იგი პრემიითაც თავმდაბალ ადამიანად რჩება”.

ეს გახლდათ ჩვენი რადიოს რუსული რედაქციის თანამშრომელი ივან ტოლსტოი. ბოლოს კი თავად ვლადიმირ ვოინოვიჩს მოუსმინეთ. გთავაზობთ მცირე ნაწყვეტს რადიოგადაცემიდან, რომელშიც მწერალი ანდრეი სახაროვის შესახებ საუბრობდა.

[ვოინოვიჩის ხმა]

წამყვანი:
მწერალ ვლადიმირ ვოინოვიჩზე მასალა ბიძინა რამიშვილმა მოამზადა. მასთან ერთად ”მეათე სტუდიის” დღევანდელ გამოშვებაზე პრაღაში მუშაობდნენ დავით კაკაბაძე და მარიამ ჭიაურელი. რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროში კი ხმის რეჟისორის პულტთან იჯდა ლევან გვარამაძე. გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე ეთერსა და ინტერნეტში.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG