Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყოფილი მეომრები პრეზიდენტის შეწყალებას ელოდებიან


სოზარ სუბელიანი, თბილისი ზაფხულის განმავლობაში პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების თავმჯდომარის მოადგილის გია ყარყარაშვილის მიერ შექმნილმა ჯგუფმა უზარმაზარი მუშაობა გასწია და სრულად მოიძია იმ ყოფილი მეომრების სია,

რომლებიც დღეს სასჯელაღსრულების სისტემაში იხდიან სასჯელს. სიების დაზუსტების პარალელურად, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და მისმა თანაგუნდელებმა არანაკლები მოცულობის ლობისტური სამუშაო ჩაატარეს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებთან და აღმასრულებელი თუ საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა სოხუმის დაცემის მეცხრე წლისთავთან დაკავშირებით ყოფილი მეომრების შეწყალებისთვის ნიადაგი შეემზადებინათ. მიმართვა, ხელმოწერილი პარლამენტის ასამდე წევრის მიერ, რომლებიც ყოფილი მეომრების შეწყალებას ითხოვენ, სამშაბათს გადაეცა პრეზიდენტს და ამჟამად ყველაფერი სახელმწიფოს პირველი პირის ნებაზეა დამოკიდებული.

გია ყარყარაშვილის თქმით, მას კარგად ესმის ის ერთგვარი უხერხულობა, რაც ამ ეტაპზე ყოფილი მეომრების შეწყალების საკითხის დაყენებას ახლავს: დღეს, როცა საქართველო რუსეთთან თითქმის საომარ მდგომარეობაში იმყოფება და ყოველ წუთს მოსალოდნელია ვითარების გართულება, როცა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური კრიზისია, როცა საზოგადოებას ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია 1992-95 წლების ანარქიის შედეგები, ყოფილი მეომრების შეწყალების თემის აქტუალიზება შეიძლება ბევრს უადგილოდ მოეჩვენოს, თუმცა ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ პრობლემას სხვა კუთხიდანაც უნდა შევხედოთ: [გია ყარყარაშვილის ხმა] “იმ პერიოდის იდეოლოგია ყოფილ იარაღიან კაცს, როგორც ჯალათს, ისე აღიარებდა. დღეს ჩანს, რომ ჩვენ კი დავსაჯეთ ყოფილი სამხედრო პირები, მებრძოლები, მაგრამ ამით ქვეყანას არ ეშველა და, საერთოდ, გაუფასურდა პატრიოტული სულისკვეთება ქვეყანაში.” [სტილი დაცულია]

რამდენადაც სრული სიების მოპოვება და მათი უტყუარობის დადგენა შრომატევადი საქმეა, ყარყარაშვილმა გადაწყვიტა, ამ შრომის დიდი ნაწილი თავად შეესრულებინა, რათა ხელისუფლებას სირთულის მომიზეზებით არ ეთქვა შეწყალებაზე უარი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსის დავით ბეჟაშვილის თქმით, თავდაპირველად 470 პატიმარი გამოჩნდა, რომელთაგან ზოგს საბუთი ჰქონდა, თითქოს საომარ ოპერაციებში მონაწილეობდა, ზოგიც ზეპირად აცხადებდა – საბუთების მოგროვება ვერ მოვახერხეო. მოგვიანებით, როცა ხმა გავარდა, ყარყარაშვილი საბუთებს აგროვებსო, ყოფილი მეომრების რიცხვმა 840 კაცს მიაღწია. ცხადი იყო, რომ ეს არ იყო რეალური რიცხვი; ამასთან, არსებობდა საფრთხე, რომ ნამდვილი მეომრები ამ სიის მიღმა აღმოჩნდებოდნენ. ამიტომ, სპეციალურმა ჯგუფმა შემოიარა სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულება, შეხვდა ყველა პირს, ვინც კი პრეტენზიას აცხადებდა და, გარდა დოკუმენტების შესწავლისა, მათ ერთგვარი ტესტირებაც ჩაუტარა. საბოლოო შედეგი ასეთი იყო: [დავით ბეჟაშვილის ხმა] “აბსოლუტურად აღმოჩნდა, რომ იმ 840 კაციდან, ფაქტობრივად, სადღაც 250 კაცზე მეტი არ არის ნამდვილად ნაომარი და ბრძოლებში მონაწილე ვისაც ჰქვია და ერთი ასეთი კურიოზული შემთხვევაც იყო, როცა სასამართლო გადაწყვეტილებაში უწერია ერთ-ერთს, 1991 წელს შევიდა სოხუმში და იბრძოდა აფხაზების წინააღმდეგ გმირულად, როცა ომი 1992 წელს დაიწყო…” [სტილი დაცულია]

გია ყარყარაშვილის თქმით, სიების დაზუსტების პროცესში იმდენი, რბილად რომ ვთქვათ, კურიოზი გამოჩნდა, რომ ესეც კი საკმარისი იქნებოდა ყოფილი მეომრების შეწყალებისთვის: [გია ყარყარაშვილის ხმა] “კურიოზია, რა თქმა უნდა, როცა მუხროვანის ამბებთან დაკავშირებით მე აღმოვაჩინე გასამართლებული ადამიანი; კურიოზია, თუნდაც ის, რომ შეწყალების პროცესში ვერანაირად ვერ მოხვდნენ ორფეხ და ერთფეხ ამპუტირებული პატიმრები სხვადასხვა კოლონიებიდან, რომლებსაც არც მკვლელობა აქვთ და სასჯელის ნახევარზე მეტიც მოხდილი აქვთ; კურიოზია ისიც, რომ პიროვნება გასამართლებულია თვითონ დაზარალებულის მიერ – დაზარალებული იყო მოსამართლე; უამრავია ასეთი კურიოზული ფაქტი. კურიოზია ერთ-ერთი მხედრიონელის ფაქტი, რომელიც ჯერ დაიხვრიტა და შემდეგ გასამართლდა – 6 თვის შემდეგ. ეს არის ერთ-ერთი იმ ექვსი დახვრეტილიდან, რომლებიც სამეგრელოში დახვრიტეს და რომელიც გადარჩა; კურიოზია, ხომ, ალბათ, ესეც? ეს კურიოზებია, რომლებიც აძლიერებს ჩემი და იმ ადამიანების რწმენას, რომლებიც შეწყალების იდეას მხარს ვუჭერთ და მიგვაჩნია სამართლიანად, რომ ეს სწორია, აუცილებელი და საჭირბოროტო.” [სტილი დაცულია]

ყარყარაშვილის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ამდენი პატიმრის ერთად გამოშვებას, შეიძლება, გარკვეული საფრთხეც ახლდეს თან, მაგრამ კომისიამ უკვე იზრუნა შეწყალებული პატიმრების მომავალ დასაქმებასა და სოციალურ ადაპტაციაზე.
XS
SM
MD
LG