Accessibility links

logo-print

ლუსტრაციის შესაძლებლობა საქართველოში


დავით პაიჭაძე, თბილისი საქართველოში მოარულ შეხედულებად იქცა არსებული ვითარების – ანუ ეკონომიკური კრახის, ცუდი მმართველობის, მძიმე სოციალური ყოფის ახსნა ქვეყანაში მოქმედი აგენტურის საქმიანობით.

აგენტურაში გულისხმობენ როგორც საბჭოთა კავშირიდან გადმოყოლილ, ოდესღაც კაგებეს-თან საიდუმლოდ დაკავშირებულ პირებს, ისე დღეს არსებულ უცხო სახელმწიფოთა სპეცსამსახურების აგენტებს. შესაბამისად, აქტუალობას არ კარგავს ლუსტრაციის თემა, რომელიც, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ დისკუსიების საგანია. ერთი ასეთი დისკუსია პარასკევს, 27 სექტემბერსაც, გაიმართა დეპუტატ ჰამლეტ ჭიპაშვილის ინიციატივით. დისკუსიაზე მიწვეულ სტუმრებს საქართველოში ლუსტრაციის სასურველ ფორმასა და განხორციელების შესაძლებლობათა შესახებ გავესაუბრე.

თავად შეხვედრის ინიციატორი, პარლამენტის წევრი ჰამლეტ ჭიპაშვილი ასეთ საკითხს წამოჭრის: რა მოუვა, როგორ გაუძლებს და გადაიტანს ქვეყანა და საზოგადოება ლუსტრაციის კანონის მიღება-ამოქმედებას [ჭიპაშვილის ხმა]: “ხომ არ მოხდება ისედაც დაპირისპირებული საზოგადოების კიდევ ერთხელ დაპირისპირება, ერთმანეთზე გადაკიდება... ისედაც დაძაბული ვითარებაა. არის კი საჭირო ამ დროს საზოგადოების ერთი ნაწილი დავუპირისპიროთ მეორეს”?

უფლებადამცავი ნანა კაკაბაძე საეჭვოდ არ მიიჩნევს ლუსტრაციის კანონის აუცილებლობას, ოღონდ მას საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი მოტივი აქვს კანონის მიღების სასარგებლოდ. ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის უშიშროებასთან ოდესღაც დაკავშირებულ ადამიანთა უმეტესობას დღეს, ალბათ, ამძიმებს საკუთარი წარსული [კაკაბაძის ხმა]: “დღეს ამ ადამიანებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, გათავისუფლდნენ ამ იძულებისგან და, როგორც ჩვეულებრივმა მოქალაქეებმა, ყოველგვარი ტვირთის გარეშე იცხოვრონ”.

არასამთავრობო ორგანიზაციის, “კავშირი 21-ე საუკუნის” ხელმძღვანელმა პაატა გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში დიდი ხნის წინ მომზადებული და განუხილველად დატოვებული კანონპროექტი ლუსტრაციის შესახებ ე.წ. მსუბუქ ლუსტრაციას გულისხმობს და არა ისეთს, როგორც განხორცილდა ჩეხეთსა და გერმანიაში. კანონპორექტი არ ითვალისწინებს საბჭოთა უშიშროებასთან საიდუმლოდ დაკავშირებულ პირთა ვინაობის იმთავითვე საჯაროდ გამჟღვანებას, არამედ აძლევს მათ საშუალებას, თავადვე ფარულად აღიარონ თანამშრომლობის ფაქტი და, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, შეეგუონ მის გასაჯაროებას. ლუსტრაციასთან დაკავშირებული პროცედურების წარმართვა საპარლამენტო ნდობის ჯგუფს ეკისრება, მაგრამ პაატა გაჩეჩილაძეს ერთი რამ ეეჭვება [გაჩეჩილაძის ხმა]: “მე მეეჭვება, საქართველოში არათუ პარლამენტში, არამედ ხელისუფლების ნებისმიერ ორგანოში მოიძებნოს ისეთი ობიექტური ჯგუფი თუ ძალა, რომელიც სამართლიანად განახორციელებს და ზუსტად აღასრულებს ამ კანონს”.

ნდობის ჯგუფს ან კანონის აღმასრულებელ კომისიას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პოლიტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც, რომლის აზრით, კანონის მიღება ძნელი არ იქნება, თუ პარლამენტარები ასეთი კომისიის შემადგენლობაზე შეთანხმდებიან. პაატა ზაქარეიშვილი ჰუმანური კანონის მომხრეა [ზაქარეიშვილის ხმა]: “როგორი უნდა იყოს კანონი? კანონი, პირველ რიგში, უნდა იცავდეს ადამიანის უფლებებს და თუგინდ იმის უფლებას, ვინც იყო ოდესღაც აგენტი ან, რაღაც პირობების ძალით, დღეს არის აგენტი. ამიტომ კანონი მთლიანად ადამიანისკენ უნდა იყოს მიმართული”.

კიდევ ერთი უფლებადამცავის, გიგა ბოკერიას აზრით, რომელიც ასევე მიიწვიეს დისკუსიაზე, ლუსტრაციის კანონის მიღება დღეს და უახლოეს მომავალში სრულიად არარეალურია. ამასთან, თუ საქართველოში ლუსტრირებაზე მიდგა საქმე, ჯერ ისტორია, კომუნისტური წარსული უნდა შეფასდეს და მერე შესრულდეს ლუსტრაციის პროცედურები. [ბოკერიას ხმა]: “მთავარ შეცდომად მიმაჩნია, როცა ლუსტრაციაში უშიშროების ფარულ თანამშრომელთა გაშიფვრას გულისხმობენ. პირველ რიგში, ლუსტრაცია უნდა შეეხოს ნომენკლატურას, რომელსაც არანაირი გაშიფვრა არ სჭირდება, ისედაც გაშიფრულია”.

შეხვედრისას საბჭოთა პერიოდის აგენტების თემა ნაკლებ აქტუალურად მიიჩნია “მართალი გაზეთის” რედაქტორმა ვახტანგ ხარჩილავამ, რომელსაც უფრო მწვავე პრობლემად არა კაგებე-ს, არამედ დღეს არსებული უცხო სპეცსამსახურების მოქმედ აგენტთა გამოვლენა ესახება. ხარჩილავას უთხრეს, რომ ეს არის არა ლუსტრაციის საკითხი, არამედ საქართველოს კონტრდაზვერვის ამოცანა.
XS
SM
MD
LG