Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვის კისერზეა სოხუმის დაცემა – სამხედროების თუ პოლიტიკოსების?


9 წლის წინ, ორკვირიანი უთანასწორო ბრძოლების შემდეგ, სოხუმში თავმოყრილმა საქართველოს საჯარისო ნაწილებმა უკან დაიხიეს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი სეპარატისტებისა

და მთიელ ხალხთა კონფედერაციის სამხედრო დანაყოფების ხელში გადავიდა. განვლილი 9 წლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებას ამ კატასტროფის გამომწვევი სამხედრო-პოლიტიკური მიზეზები არ დაუდგენია, პასუხისგებაში არ მიუციათ არც ერთი ხელმძღვანელი, ვინც ხელი მოაწერა სოხუმის დამცველების განიარაღებას და ალყაშემორტყმულ ქალაქში სწავლის დაწყების ბრძანება გასცა. საქართველოს როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ წრეებში დღემდე არაპოპულარულია შეკითხვა: შეიძლებოდა თუ არა ამ დამარცხების თავიდან აცილება და არსებობდა თუ არა უკანდახევის ბრძანება?

9 წლის წინ სოხუმზე მასირებული შემოტევა 14 სექტემბერს დაიწყო. მანამდე კი, თვენახევრით ადრე, რუსეთის შუამავლობით, საქართველოსა და აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოჩაში ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ რიგით მესამე ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე დადებული ორივე შეთანხმება აფხაზებმა ცალმხრივად დაარღვიეს, რასაც შედეგად ჯერ გაგრის დაცემა, შემდეგ კი ტამიშთან დესანტის გადმოსხმა და ასობით ქართველი ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასიური ხოცვა მოჰყვა. ამ ფონზე ახალი ხელშეკრულების დადება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სასიკვდილო რისკზე წასვლას უდრიდა. მით უფრო, რომ არავითარი გარანტია, რომ ეს ხელშეკრულება არ დაირღვეოდა, რუსეთის მხრიდან არ არსებობდა. თუმცა თავდაცვის იმდროინდელი მინისტრი გია ყარყარაშვილი საქართველოს ხელისუფლების ასეთ ნაბიჯს გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს, მოვლენების ასეთ საბედისწერო განვითარებას კი რუსული ფაქტორითა და არასაკმარისი საერთაშორისო ძალისხმევით ხსნის.

[გია ყარყარაშვილის ხმა] "ეს იყო ჩვენი მცდელობა, მაგრამ, სამწუხაროდ, მაშინ, ეტყობა, საერთაშორისო ძალისხმევა არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ის აგრესიული ზრახვები, რაც რუსეთის აგრესიულ წრეებს გააჩნდათ, არ აღსრულებულიყო. და ამიტომაც შედეგი განაპირობა ტრაგიკული, მძიმე და ათასობით ადამიანის სისხლია ფასად." [სტილი დაცულია]

თუმცა იმხანად ყველა სამხედრო ხელმძღვანელი ხვდებოდა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მეტად წამგებიან სამშვიდობო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. სამი ივნისის შეთანხმების თანახმად, საქართველოს სამხედრო ძალებს კუთვნილი მძიმე შეიარაღება და საარტილერიო დანადგარები, რომელიც ქართული საჯარისო ნაწილების ერთადერთ კოზირს წარმოადგენდა, გუმისთიდან 90 კილომეტრის დაშორებით, ენგურის აუზში, უნდა გადმოეტანათ. აფხაზების ტექნიკის კონცენტრირების ადგილად კი გუმისთის ხიდიდან 30 კილომეტრით დაშორებული ახალი ათონი დასახელდა.
შინაგანი ჯარების იმდროინდელი ბრიგადის მეთაურის, გენერალ გუჯარ ყურაშვილის თქმით, საქართველოს სამხედრო სარდლობამ ეს ბრძანება "გეგმის გადაჭრაბებით" შეასრულა:

[გუჯარ ყურაშვილის ხმა] "თანაც ჩვენ ენგურს აქეთ კი არ გამოვიყვანეთ, დავტვირთეთ ყველაფერი ბარჟებზე, გამოვიწვიეთ რუსეთის БДК-ები(დიდი სადესანტო გემები) და ფულიც გადავუხადეთ იმათა ჩვენა, რუსებსა. დავტვირთეთ, ჩამოვიყვანეთ ფოთში და იქ კი არ გავაჩერეთ, არამედ ფოთიდან წამოვიყვანეთ თბილისში."[სტილი დაცულია]

მაგრამ თუ სოხუმის მარცხს გენერალი გუჯარ ყურაშვილი პოლიტიკოსების შეცდომას აბრალებს, ოჩამჩირისა და გალის დაკარგვა, მისი აზრით, მთლიანად სამხედროების ნამუსზეა:

[გენერალ გუჯარ ყურაშვილი ხმა] "27-ში ხომ დაეცა სოხუმი, 30 -ში ცაგერაში როცა შამოვედი, ხუთასზე მეტი შეიარაღებული პიროვნება იდგა ცაგერაში. მაგრამ მოხდა ისე, რომ ყველანი წამოვიდნენ იქიდანა და 24-ე ბრიგადამ ისე დატოვა ოჩამჩირე, რომ ერთი ტყვიაც არ გავარდნილა." [სტილი დაცულია]


თავდაცვის სათადარიგო ზღუდეების ღალიძგის ხიდთან აგების შემთხვევაში საქართველოს სამხედრო ძალებს შეეძლოთ მოწინააღმდეგის ოჩამჩირესთან შეკავება, რაც იმას ნიშნავს, რომ უსაფრთხოების ზონა არა ენგურის ხიდზე, არამედ ოჩამჩირესთან დაფიქსირდებოდა. რაც ყველაზე საინტერესოა, ჩვენთან საუბარში ვერც ერთმა მაღალი სამხედრო თანამდებობის პირმა ვერ გაიხსენა, არსებობდა თუ არა ბრძანება უკან დახევის შესახებ.

სოხუმის დაცემის 9 წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებას აფხაზეთში განცდილი მარცხის ანალიზისთვის აღარ სცალია. მან დიდი ხანია შეწყვიტა ამ მარცხის სამხედრო-პოლიტიკური მიზეზების გამოძიება და სურს ყველაფერი ცუდი სიზმარივით დაივიწყოს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG