Accessibility links

logo-print

სოხუმის დაცემის მეცხრე წლისთავი რუსეთსა და საქართველოს შორის ცივი ომის ფონზე


სოხუმის დაცემიდან მეცხრე წლისთავზე საქართველოს ხელისუფლებამ, პირველად ამ წლების მანძილზე, ოფიციალურად აღიარა, რომ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგებას რუსეთი აბრკოლებს.

საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის განცხადებით, “აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესი ჩიხში რუსეთის მიზეზით არის მოქცეული.” თუ გავითვალისწინებთ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან საქართველოს წარმომადგენლის მიერ გაკეთებულ მკვეთრ მინიშნებებს და ვაშინგტონის მზადყოფნას აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში, ირაკლი მენაღარიშვილის 27 სექტემბრის განცხადება, რომელიც მან საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას გააკეთა, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში სერიოზული კორექტივების მომასწავებლად უნდა მივიჩნიოთ. თუმცა სოხუმის დაცემის დღეს თბილისში აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ მსჯელობისთვის ნაკლებად ეცალათ. მთავარ თემას ისევ ქვეყნის უსაფრთხოება და რუსეთის შემოტევა წარმოადგენდა.

ინგუშეთის ტერიტორიაზე ჩეჩენ ბოევიკებსა და რუსეთის ფედერალურ ძალებს შორის მომხდარ შეტაკებას რუსეთის ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ იყენებს და აცხადებს, რომ ბოევიკები ინგუშეთში საქართველოდან შეიჭრნენ. ბრალდება არგუმენტაციას მოკლებულია. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თავმჯდომარის ვალერი ჩხეიძის თქმით:

[ვალერი ჩხეიძის ხმა] “ არც ინფორმაცია მიგვიღია იმის შესახებ, რომ დაირღვა საზღვარი და არც შეტყობინება.”

ინგუშეთში გელაევის რაზმის საქართველოდან გადასვლას არ ადასტურებს არც უშიშროების მინისტრი, რომელიც ფლობს ინფორმაციას ბოევიკებისა და რუსი მესაზღვრეების კავშირის შესახებ. მისი თქმით, ” საქართველოს საზღვარი მთლიანად კონტროლდება და, თუ რუსეთში ვინმე შედის, ეს რუს მესაზღვრეებს უნდა მოჰკითხონ.” ამას გარდა, ქართველი ძალოვანები აცხადებენ, რომ პანკისის ხეობაში ანტიკრიმინალური ოპერაციის აქტიური ფაზა დასრულებულია, რომ პანკისში ჩეჩენი ბოევიკები არ იმყოფებიან და ხეობა მთლიანად კონტროლდება. ასეთი განცხადებებისა რუსეთში, რა თქმა უნდა, არ სჯერათ. იქ სურთ დაიჯერონ, რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის გარღვევას კიდევ 100 ბოევიკი ცდილობს. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან და ეს ჩვეული პროპაგანდისტული პოლიტიკაა. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ამ დეზინფორმაციული ტალღის შესუსტებას არ ელის, პირიქით, და ფიქრობს, რომ შევარდნაძის და პუტინის შეხვედრამდე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა უაღრესად დაძაბული იქნება. უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტში გამოსვლისას მენაღარიშვილს დიდი იმედი არც პრეზიდენტების შეხვედრაზე დაუმყარებია. მან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესია არ გამორიცხა, თუმცა თქვა, რომ დასავლეთის მკვეთრი რეაქციის გამო ეს ნაკლებად მოსალოდნელია და უფრო რეალური ზეწოლის სხვა მექანიზმების ამუშავებაა. ირაკლი მენაღარიშვილმა ყველას და, პირველ რიგში, დეპუტატებს მთავარი შეახსენა:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ ეს არის განსაკუთრებული სიფრთხილე, ყველა ძალების კონსოლიდაცია და ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება.”

რუსეთიდან მომავალი საფრთხის თემას გარკვეული დრო დაეთმო ნატოს საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სემინარზე, რომელსაც თბილისში ნატოს პარტნიორი ქვეყნების სამოცამდე პარლამენტარი ესწრება. შექმნილი ვითარება ხელისუფლებას აიძულებს აღიაროს, რომ რუსეთის ჩარევა საქართველოს საქმეებში მარტო საქართველოს კი არა, მთელი რეგიონის სტაბილურობას უქმნის საფრთხეს, რომ რუსეთს აფხაზეთის პრობლემის მოგვარება ხელს არ აძლევს და, თუ მისი წინააღმდეგობა არ დაიძლევა, საერთაშორისო ძალისხმევა აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით უნაყოფო აღმოჩნდება. მინიშნება საინტერესოა. ის, შესაძლოა, იმაზე მეტყველებდეს, რომ იწყება მცდელობა რუსეთი ჩამოაშორონ აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების საქმეს. თუმცა ჯერ მთავარი ქვეყნის უსაფრთხოებაა. 27 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ ერთმა რუსულმა ვერტმფრენმა დაარღვია.
XS
SM
MD
LG