Accessibility links

logo-print

მოლაპარაკება ჩეჩნებსა და რუსებს შორის?


მოსკოვი მეორე ომს აწარმოებს ჩეჩნეთში და არც ერთი მხარის წარმატება არ ჩანს. და არც არავის წარმოუდგენია, როგორი უნდა იყოს რომელიმე მხარის გამარჯვება. უფრო ხშირად იმაზე ლაპარაკობენ,

რომ ამგვარ ომს ვერავინ მოიგებს. მით უფრო აქტუალური გახდა მოლაპარაკება რუსებსა და ჩეჩნებს შორის.
არის თუ არა ასეთი რამ შესაძლებელი?

ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთში ბოლო ხანს გაბედა, ჩეჩნებთან მოლაპარაკების აუცილებლობაზე საუბარი დაეწყო, აღმოჩნდა ამ ქვეყნის ყოფილი პრემიერი ევგენი პრიმაკოვი, რომლის აზრით, ახლა ამისთვის საუკეთესო მომენტია. აქვე გეტყვით, რომ რუსეთში სამჯერ გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ჩეჩნების ლიდერთან ასლან მასხადოვთან მოლაპარაკებას ემხრობა.

პრიმაკოვის მოწოდებას აჟიოტაჟი მოჰყვა. მოსკოვის სტრატეგიული კვლევის ცენტრის დირექტორი ანდრეი პიონტკოვსკი ფიქრობს, რომ პრიმაკოვის ტიპის პოლიტიკოსის მიერ გამოთქმული ასეთი აზრი, მეტად ეფექტიანი შეიძლება გამოდგეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნებული ჩეჩნეთში მშვიდობის კომიტეტის აღმასრულებელი დირექტორის, გლენ ჰაუარდის აზრითაც, პრიმაკოვის მოწოდება მეტად მნივშნელოვანია, რადგან პრიმაკოვი საერთაშორისო პოლიტიკაში პუტინის არაპირდაპირი მრჩევლის როლს ასრულებს.

კრემლს მოლაპარაკების სურვილი რომ გაუჩნდეს კიდეც, არავინ უწყის, როგორ უნდა გაართვას მან თავი ურთულეს ამოცანას – დაასრულოს ომი. პუტინი თავის ხალხს დღემდე ელაპარაკება ჩეჩენ “ტერორისტებზე”, “ბანდიტებზე”, რომლებიც განადგურებულ უნდა იქნენ. როგორ გინდა ამის შემდგომ მათ მოელაპარაკო? თუმცა, არსებობს ერთი ვარიანტი: რუსეთი თავს ომში გამარჯვებულად აცხადებს, რითაც შესაძლებლობა ეძლევა, ომი დაასრულოს.

პრიმაკოვის განცხადება მოჰყვა ჩეჩნეთში ომის მოწინააღმდეგის, უშიშროების საბჭოს წევრის ივან რიბკინის ზეწოლას, დაწყებულიყო მოლაპარაკება. ის ასლან მასხადოვის წარმომადგენელს ახმედ ზაკაევს მცირე ხნით, არაოფიციალურად შეხვდა. იგივე ზაკაევი ესაუბრა ჩეჩნეთში პუტინის წარმომადგენელს ვიქტორ კაზანცევს. ამ შეხვედრაზე ჩეჩენთა მხარემ უარყო მოსკოვის პირობა, რომ მოლაპარაკებაზე საუბარი მხოლოდ მეამბოხეთა განიარაღებას უნდა შეეხოს და არა ჩეჩნეთის სტატუსს.

ჩეჩნეთში ჩვენი რადიოს სპეციალურ კორესპონდენტად კარგა ხანს მუშაობდა ანდრეი ბაბიცკი, რომლის აზრით, ჩეჩნეთსა და რუსეთს შორის მოლაპარაკება აუცილებელია.

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] “მასხადოვმა წინააღმდეგობის სადავეები მათ გადასცა, ვისაც იდეოლოგიურად არ ეთანხმებოდა. ის იყო ზომიერი ცენტრის წარმომადგენელი და სიმბოლო. ახლა გაერთიანდა შამილ ბასაევთან. ეს მოლაპარაკებას ნაკლებად ეფექტიანად გადააქცევს და ვითარება მოლაპარაკებისთვის, ყოველდღიურად უარესდება”.

ანდრეი ბაბიცკის თანახმად, მეტად დრამატული მდგომარეობაა თვით ჩეჩნეთის საზოგადოებაში, რომელსაც არავითარი ნდობა აღარ აქვს მოსკოვისა, და რომელსაც, ფაქტობრივად, ტოტალური შინა ომი ემუქრება:

[ანდრეი ბაბიცკის ხმა] “მოსახლეობის ერთმა ნაწილმა აირჩია ერთი მხარე, მეორე აშკარად ან ფარულად თანამშრომლობს. მიდის სამოქალაქო ომი, ხოცავენ ყველას, ვინც რუსეთის ადმინიტრაციას ემსახურება, თუკი რაიმე გარეშე ძალა არ შეაკავებს ჩეჩნებს, ატყდება სამოქალაქო ომი, რომელიც ტოტალურ ამოხოცვამდე მივა. ისე, რომ ამ ომში ჩეჩნებმაც წააგეს და რუსეთმაც”.

ამ უკანასკნელ წინადადებაში ჩვენს კოლეგას უნდა დავეთანხმოთ: ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს, მაგრამ მით უფრო გაუგებარია კრემლის წარსული და ახლანდელი პოლიტიკა. ისევ ანდრეი ბაბიცკის დავესესხები: მისი თქმით, პუტინმა ყველაზე უკეთ იცის, რა ხდება ჩეჩნეთში. რუსეთის ხელისუფლებას, შესაძლოა, მართლაც მიზნად ჰქონდეს დასახული, რომ ჩეჩნები ერთმანეთის ხელით გაწყვიტოს.
XS
SM
MD
LG