Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის თემას კვლავინდებურად მთავარი ადგილი უკავია ამ


გიორგი კაკაბაძე, თბილისი საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის თემას კვლავინდებურად მთავარი ადგილი უკავია ამ კვირის პრესაში. 26 სექტემბრის გაზეთ “რეზონანსის” თქმით, ”ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე

რუსეთის დელეგაცია დიდი იმედებით გაემგზავრა, თუმცაღა, აშკარაა, რომ, მისი ყველანაირი ცდის მიუხედავად, ევროსაბჭოს მხარდაჭერა ვერ მოიპოვა.

“რუსეთს არანაირი უფლება არ აქვს, საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებები განახორციელოს”, ნათქვამია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში.
ხოლო რეზოლუციის მე-5 პუნქტში ერთმნიშვნელოვნად არის აღნიშნული, რომ გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი და გაეროს უშიშროების საბჭოს 1269-ე რეზოლუცია, არც რუსეთს და არც რომელიმე სხვა ქვეყანას უფლებას არ აძლევს, უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე საომარი მოქმედებები განახორციელოს. არადა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სწორედ რომ გაეროს 51-ე მუხლზე ამყარებდა იმედებს, როდესაც საქართველოში რუსეთის სამხედრო მოქმედებებზე საუბრობდა”.

გაზეთი აღნიშნავს, რომ “რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლები მე-5 პუნქტის რეზოლუციიდან ამოღებას ჯერ კიდევ პოლიტკომიტეტში ითხოვდნენ დაჟინებით, მაგრამ ევროსაბჭოს კომისიამ ეს მოთხოვნა თავიდანვე არ დააკმაყოფილა. მოხსენებაში ასევე ერთ-ერთ რეკომენდაციად იქნა შეტანილი რუსეთის მიერ საქართველოსადმი დაწესებული ცალმხრივი სავიზო რეჟიმის, აგრეთვე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისათვის რუსეთის პასპორტების გაცემის საკითხების განხილვა. აღსანიშნავია, რომ ამ რეკომენდაციის მიღების წინააღმდეგ პოლიტიკური კომიტეტის მხოლოდ სამი წევრი გამოვიდა და სამივე რუსეთის დელეგაციას წარმოადგენდა”.

“რეზონანსი” დაუკავშირდა ევროსაბჭოში საქართველოს წარმომადგენელს, ლანა ღოღობერიძეს, რომლის თქმით, “ევროსაბჭოს მიერ საქართველოსა და რუსეთის მხარეებისთვის მიცემულ რეკომენდაციებში რუსეთს ერთმნიშვნელოვნად განემარტა, რომ ევროსაბჭო გმობს და რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, არ ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, ასევე, არ გადადგას ისეთი პოლიტიკური ნაბიჯი, რაც ხელყოფს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამ მხრივ, აღსანიშნავია მიღებული რეზოლუციის ის პუნქტი, სადაც ევროსაბჭო რუსეთს პირდაპირ რეკომენდაციას აძლევს, თავი შეიკავოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცალმხრივი მოქმედებებისგან. ეს ეხება როგორც აღნიშნული რეგიონებისათვის ეკონომიკურ დახმარებას, ასევე ამ ტერიტორიებზე გადაადგილების თავისუფლებას”.

ლანა ღოღობერიძემ გაზეთს, აგრეთვე, განუცხადა: “რეზოლუციაში პირდაპირ არის დაგმობილი პრეზიდენტ პუტინის 11 სექტემბრის გამოსვლა. რუსეთის დელეგაციის აღშფოთება სწორედ იმან გამოიწვია, რომ რეზოლუციის ყველა პუნქტი, რუსეთისათვის მიცემული ყველა რეკომენდაცია არის სრულიად პირდაპირი და ცალსახა. გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის რეაქცია ძალიან მძაფრი იყო. განსაკუთრებული აგრესიულობით დმიტრი რაგოზინი გამოირჩეოდა. ეს იყო ერთადერთი დელეგატი, რომელიც სხდომაზე რუსეთის მხრიდან გამოვიდა. საქართველოს მისამართით მისმა შეურაცხყმოფელმა გამოსვლებმა უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია დარბაზში. არც ერთი მისი შესწორება რეზოლუციაში გათვალისწინებული არ იქნა”.


27 სექტემბრის გაზეთი “24 საათი” აღნიშნავს, რომ ევროსაბჭოდან ჩამოტანილი საქართველოს უსაფრთხოების ასეთი სოლიდური გარანტიების მიუხედავად, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის ზურაბ ჟვანიას აზრით, რუსეთის მხრიდან აგრესიის საფრთხე მაინც არსებობს და ის არცთუ ისე მცირეა. მისი თქმით, “ის თავხედობა, რომელიც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის რაგოზინისა და დელეგაციის ზოგიერთი წევრისგან სტრასბურგში ჩემი თვალით ვნახე, მაფიქრებინებს, რომ მოვლენების ძალიან სერიოზულ განვითარებას უნდა ველოდოთ. ნურავინ იფიქრებს, რომ რუსეთის პირველი პირისგან მომდინარე იარაღის ჟღარუნი მხოლოდ სიმბოლურია და მას რეალური ქმედებები არ მოჰყვება. იმ ფონზე, როდესაც პარლამენტში უმნიშვნელო საკითხებზე ვკინკლაობთ, ქვეყანა სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება”.

ამ კვირაში დიდი გამოხმაურება ჰპოვა მოვლენამ, რის შესახებაც 27 სექტემბრის გაზეთი “ახალი ეპოქა” წერს: “საინტერესოა, რა მიზნებს ემსახურება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მოწესრიგების მიზნით უშიშროების საბჭოში შედგენილი დოკუმენტის ვითომ გასაიდუმლოებული 27-ე პუნქტი, სადაც ნათქვამია:”იმ დეპუტატების მიმართ, რომლებიც არღვევდნენ და არღვევენ კანონებს, ადეკვატური ზომები იქნება მიღებული”.

ამ პუნქტის მთავარი და ოფიციალური მიზანი საქართველოში მოქმედი უცხო ქვეყნის აგენტურის დაბლოკვაა. ქვეყანაში სპეცსამსახურების ფართო ქსელი მუშაობს და რეალურად უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომელიც ხელისუფლების მაღალ ეშელონებში მოკალათებულ მეხუთე კოლონას მოქმედების თავისუფლებას შეუზღუდავს”.

თუმცა, როგორც გაზეთი მიიჩნევს, “ამავე პუნქტით ხელისუფლება სხვა “ქვემიზნებსაც” ისახავს. პრეზიდენტი ერთდროულად რამდენიმე საქმის მოგვარებას ცდილობს და ორი ქვეყნის ურთიერთობის მოწესრიგების, ჭკვიანური საგარეო პოლიტიკის საბურველში საშინაო პრობლემების მოგვარებასაც აპირებს. შევარდნაძემ, უწინარესად, მისდამი დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების განეიტრალება გადაწყვიტა. “თავგასული ოპოზიციის” წინააღმდეგ ტექნიკურად მომზადებული და გათვლილი გეგმა მუშავდება.
“ახალი ეპოქა” დაასკვნის, რომ 27-ე პუნქტით პრეზიდენტმა პარლამენტში გამოსვლის წინ შესანიშნავი გარემო შეიქმნა. ის დღეს აგრესორი მეზობლის წინააღმდეგ გმირულად მებრძოლი სახელმწიფოს მეთაურია, ხოლო მასთან დაპირისპირებული ოპოზიციის წინააღმდეგ სადამსჯელო მექანიზმი მალე ამოქმედდება”.

საქართველოს პარლამენტის 27 სექტემბრის სხდომა სოხუმის დაცემის დღეს უნდა მიძღვნოდა, მაგრამ როგორც 28 სექტემბრის გაზეთი “რეზონანსი” წერს, “პლენარული სხდომა დილიდანვე უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული გასაიდუმლოებული დოკუმენტის გარშემო საუბრით დაიწყო. ფრაქცია “დემოკრატები” და “აღორძინება” პარლამენტში სამთავრობო საათზე უშიშროების მინისტრის მოწვევას მოითხოვდნენ. დეპუტატები აღნიშნავდნენ, რომ უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული დოკუმენტის ყველაზე სკანდალური მუხლი უკვე ამოქმედდა და დაიწყო დეპუტატების დევნა-შევიწროება არა მათი კანონდარღვევების, არამედ პოლიტიკური განცხადებების გამო.

უფრო კატეგორიული იყო “აღორძინების” წარმომადგენელი სანდრო ბრეგაძე, რომელიც აღნიშნავდა, რომ მას, ჯემალ გოგიტიძესა და ბორის კაკუბავას დაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლები უთვალთვალებენ”.

28 სექტემბრის გაზეთი “24 საათი” აქვეყნებს ინტერვიუს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, თედო ჯაფარიძესთან, რომელმაც 27-მუხლთან დაკავშირებით, კერძოდ, თქვა: “შეიძლება დაუჯერებელი იყოს, მაგრამ დაუდევრობით მოხდა ის, რომ ამ ჩანაწერში აქცენტი მხოლოდ დეპუტატებზეა გაკეთებული. ეს მისი ბრალია, ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა და, ალბათ, ჩემიც”.

ვაშინგტონში ვიზიტთან დაკავშირებით კი თედო ჯაფარიძემ განაცხადა: “ვაშინგტონში ყოფნისას რუსეთის თავდაცვის მინისტრმა იმ “დოკუმენტების” მთელი დასტა ჩაიტანა, რომელიც, მისი მტკიცებით, ჩეჩენ ბოევიკებთან ქართველების კავშირზე მეტყველებდა. მაგრამ ამერიკელებისთვის ამაში ახალი არაფერი ყოფილა, რადგან მათ პანკისთან დაკავშირებით ყველა ინფორმაცია, უკვე დიდი ხანია, აქვთ და ამიტომაც დაიწყო საქართველოში “წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა.
რა თქმა უნდა, სერგეი ივანოვის განცხადება ჩვენ რეალურ მუქარად უნდა აღვიქვათ, ამ მუქარის თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა შევატყობინოთ ჩვენს მეგობრებს და ავამუშაოთ ყველა დიპლომატიური არხი”.

თუმცა, როგორც თედო ჯაფარიძე მიიჩნევს, გარანტიები არ არსებობს და საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ რუსეთის მუქარა რეალობად არ იქცეს.
XS
SM
MD
LG