Accessibility links

logo-print

ამ დღეებში “პოსტმოდერნიზმად” მონათლული ხელოვნური


ამ დღეებში “პოსტმოდერნიზმად” მონათლული ხელოვნური

ჰამბურგერი, ქორეოგრაფიის სახით, რუსებმა ჩამოგვიტანეს: ვალერი მიხაილოვსკის საბალეტო ანსამბლმა, რომლის შემადგენლობაში მხოლოდ მამაკაცები არიან, ორი სპექტაკლი გამართა რუსული ხელოვნების ფესტივალის, “ვივატ სანკტ-პეტერბურგის” პროგრამის ფარგლებში. ამ წარმოდგენებზე ბალეტის ზოგიერთი მოყვარული სკანდალსაც კი ელოდა: ხუმრობა ხომ არაა - მიხაილოვსკის დასის წევრები, ე.ი. “მხოლოდ მამაკაცები” სპექტაკლებში ქალის პარტიებს ასრულებენ, ანუ პუანტებით გამოდიან სცენაზე და კლასიკური ბალეტის გაშარჟებას ბედავენ. მაგრამ გრიბოედოვის თეატრში წარმოდგენილი სანკტ-პეტერბურგელთა ორი სპექტაკლი, ეს თავისებური “ტრავესტი-შოუ,” ქართულმა საზოგადოებამ დიდი სიამოვნებით “მოინელა”. იმას კი ამბობდნენ, ასეთი სანახაობა ქართველებს რომ წარმოედგინათ, თეატრს ბასილ მკალავიშვილის რისხვა არ ასცდებოდაო. თუმცა, როგორც გამოირკვა, 1992 წელს, როცა ბორის ეიფმანის დასის წამყვანმა სოლისტმა ვალერი მიხაილოვსკიმ ახალი დასის შექმნა გადაწყვიტა, “რუსი მკალავიშვილების” მხრიდან თავდასხმას მაშინდელ ლენინგრადშიც ელოდნენ. ეს დრო საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას ვალერი მიხაილოვსკიმ გაიხსენა:

[ვალერი მიხაილოვსკის ხმა, შესაბამისი ქართული ტექსტით] “მეშინოდა, რომ დამაპატიმრებდნენ იმის გამო, რაც გავაკეთე...ყველა ელოდა ხუმრობას, შაყირს და როცა დაინახეს, რაოდენ სერიოზულია, დახვეწილი შესრულება (ხუმრობასთან ერთად, რა თქმა უნდა), აღფრთოვანდნენ. მეორე დღეს გაზეთებში დაიბეჭდა წერილები – ჩვენს წარმოდგენებს “რევოლუცია” უწოდეს საბალეტო ხელოვნებაში.”

“რევოლუცია ბალეტში” – სწორედ ასე წარმოგვიდგინეს მიხაილოვსკის დასის სპექტაკლები რუსული კულტურის ფესტივალის ორგანიზატორებმა. თბილისში არავის გახსენებია თუნდაც მონტე-კარლოს ბალეტის მამაკაცთა დასი, ან ცნობილი შვედი ქორეოგრაფის, მაცეკის “გედის ტბა”, რომელშიც მხოლოდ ვაჟები ცეკვავენ. იქ ქალების პარტიას ასრულებდნენ ათლეტური აღნაგობის მამაკაცები, რომლებიც ყველა მოძრაობაში წარმოაჩენდნენ თავიანთ, ასე რომ ვთქვათ, “მამაკაცურ ღირსებებს” და სწორედ ამ ხერხით ქილიკობდნენ ყველანაირ “მაჩოიზმზე”, მასკულინური კულტურის სტერეოტიპებზე. მიხაილოვსკის დასის შვიდი თუ რვა მამაკაცი – ათლეტები არ არიან. მართალია, საგანგებოდ შეკერილი 43, 44 ზომის პუანტები აცვიათ, სხვა მხრივ, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მართლაც აგერიოთ “სუსტი სქესის” წარმომადგენელში. ამან კი უთუოდ გააადვილა სანკტ-პეტერბურგელი მოცეკვავეების სცენაზე ბალერინებად “გარდაქმნა.” ამიტომაც არ გამოვიდა “ხუმრობა და შაყირი”, თუმცა არც სერიოზული შესრულება ვიხილეთ. სპექტაკლის ორივე მოქმედება - “ტანგო რუსებისთვის”, წარმოდგენილი პირველ განყოფილებაში, და “ოჰ, ეს შედევრები”, კლასიკური ბალეტის მსუბუქი პაროდირება მეორე აქტში - უფრო მეტად ჰგავდა მამაკაცის ცეკვას პუანტებიან მექანიკურ თოჯინასთან, რომელიც, თავის მხრივ, არა “მაჩოიზმზე”, არამედ ქალებზე უფრო ქილიკობდა. კლასიკური ქორეოგრაფიის მოყვარულებს აქ მამაკაცის პარტიის შემსრულებლებზე გაურბოდათ თვალი, რადგან, ტექნიკური თვალსაზრისით, მიხაილოვსკის დასის წევრებს წუნს ნამდვილად ვერავინ დასდებდა. მაგრამ მიხაილოვსკიმ ორი კურდღლის ერთად დაჭერა მოინდომა: გადაწყვიტა, როგორც კლასიკის, ასევე საცირკო სანახაობის მოყვარულთა გული მოეგო, იმის იმედით, რომ დაშლილი, ანდროგენულ-ჰერმაფროდიტული ხელოვნება, რომელშიც ყველაფერი ერთად იქნება “ჩაყრილი”, აბსოლუტურად ყველა კატეგორიის მაყურებელს დაატკბობდა. მულტივიტამინის ფერადი აბივით, რომელიც ყველაფერს არჩენს და სიცოცხლეს გიხანგრძლივებს.

დაახლოებით ასეთი სანახაობა წარმოგვიდგინეს ამ კვირაში ქართველებმაც. უფრო სწორად, “კავკასიელებმა”, რადგან კინორეჟისორ ნანა ჯანელიძის სპექტაკლი “მინდა გამოსვლა წამიდან”, იგივე “ანტიგონე”, რომლის თბილისური პრემიერა 25 სექტემბერს შედგა რკინიგზელთა სახლში, “კავკასიური პროექტია” – სპექტაკლის ავტორებს შორის სომეხი რეჟისორის ასისტენტი და აზერბაიჯანელი ქორეოგრაფია მოხსენიებული. თავდაპირველად ახალი “ანტიგონეს” პრემიერა სარდაფის თეატრის ახალი დარბაზისთვის იყო ჩაფიქრებული, მაგრამ თბილისის ახალი თეატრალური სივრცის გახსნა გაურკვეველი დროით გადაიდო, რის გამოც სპექტაკლის ავტორებს დარბაზის შეცვლა მოუხდათ. ამან, რა თქმა უნდა, იმოქმედა წარმოდგენის ხარისხზე. რკინიგზელთა სახლის დარბაზის აკუსტიკა უხარისხოა, ამიტომ დროდადრო საერთოდ არ ისმოდა მსახიობების მეტყველება. ცუდმა აკუსტიკამ, პირველ რიგში, ანტიგონეს სახეზე იმოქმედა. ამ როლის შემსრულებელი ნანუკა ხუსკივაძე ხომ არ მალავს, რომ ინფანტილურ გოგონას განასახიერებს, ამიტომაც ტიტინებს სცენაზე. საერთოდ, ამ “კავკასიურმა პროექტმა” კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ ამაღლებულ-პათეტიკური მეტყველება, შეზავებული ბავშვური ტიტინით, თანამედროვე ქართული თეატრის “სავიზიტო ბარათი” ხდება. არ არის გამორიცხული, რომ წარმოდგენის ავტორებმა ასეთ სტილს გააზრებულად მიმართეს. ნანა ჯანელიძის სპექტაკლის გმირები ხომ მსახიობები არიან, რომლებიც წარმოდგენის პირველ ნაწილში “ანტიგონეს” რეპეტიციებს გადიან თეატრში, ტერორისტის თავდასხმის მოწმეები ხდებიან, მერე კი, თამაშობენ “ანტიგონეს” – სპექტაკლის ერთ-ერთი გმირი, მოხუცი თედო, რომელიც ტერორისტის თავდასხმას შეეწირება, წარმოდგენის მეორე ნაწილში კრეონტად გარდაიქმნება და ასე გამოიკვეთება ნანა ჯანელიძის წარმოდგენის იდეაც – “მინდა გამოსვლა წამიდან”, ანუ “ეს უკვე იყო”(ამ ფრაზას განუწყვეტლივ იმეორებენ “კავკასიურ პროექტში”), ანუ საქმე გვაქვს “სულების გადასახლების” იდეასთან, რომელიც, მოგეხსენებათ, მოდაშია იქ, სადაც სკეპტიკურად არიან განწყობილნი ყველანაირი განმანათლებლობის მიმართ, სადაც ირაციონალურს, მისტიკურს უფრო მეტად სცემენ პატივს... ანუ ჩვენთან, დღევანდელ საქართველოში, ან, თუ გნებავთ, კავკასიაში. [ფრაგმენტი სპექტაკლიდან]

ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ავტორს სურს თავისი პოზიცია გამოხატოს იმის მიმართ, რაც ხდება დღევანდელ საქართველოში, “ანტიგონეს” ამბავს კი იყენებს ორნამენტის, დეკორის სახით. როცა კრეონტი ამბობს, “კაცმაცუნების ქვეყანაში” ვცხოვრობთო, ანტიგონე დასძენს, “შენ არ შექმენი ასეთი ქვეყანაო”? და მაყურებელიც კმაყოფილია, მან ხომ კარგად იცის, რას მიანიშნებს რეჟისორი. პანტომიმისა და ქორეოგრაფიის შერწყმა პათეტიკურ-ბავშვურ ლოზუნგებთან კი სპექტაკლის მსვლელობის დროს მაინცდამაინც ვერ ხერხდება. თუმცა იქნებ არც არის აუცილებელი, რომ “მოხერხდეს” – ჩვენ ხომ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში ვცხოვრობთ.
XS
SM
MD
LG