Accessibility links

ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში ქართული


წამყვანი: ეკა წამალაშვილი, თბილისი ახალგაზრდული პროგრამის დღევანდელ გადაცემაში ქართული

კულტურის იმ ფაქტებზე ვისაუბრებთ, ძირითადად ახალგაზრდების ყურადღებას რომ იპყრობენ. ესაა კლუბი სარდაფი და თეატრალური სარდაფი თბილისში. მიუხედავად იმისა, რომ კლუბსაც და თეატრსაც სარდაფი ჰქვია, არც ერთი არასოდეს ყოფილა “ანდერგრაუნდი”, ანუ თავიანთი პოლიტიკით არასოდეს ხაზგასმით არ გამიჯვნიან ძირითად კულტურულ ნაკადებს თუ ზნეობრივ ნორმებს და არც ვიწრო, იატაკქვეშა წრე უგულვიათ თავიანთ სტუმრებად თუ მაყურებლებად. სარდაფში ამ მიმართულების კლუბისა და თეატრის ყოფნა შემთხვევითობაა (ან იძულება: სხვაგან წასასვლელი არ არის) და არავითარ შემთხვევაში – კონცეფცია. ამაში, ალბათ, თავად დარწმუნდებით, როცა მოუსმენთ ჩემი კოლეგის, ეკა წამალაშვილის, სიუჟეტს კლუბ სარდაფის შესახებ (ეკა ესაუბრა კლუბის დამფუძნებელს, რეჟისორ დათო ჯანელიძეს), ხოლო შემდეგ მოისმენთ ინტერვიუს თეატრალური სარდაფის მთავარ რეჟისორ ლევან წულაძესთან.

კლუბმა“ სარდაფმა” სეზონი გასულ ხუთშაბათს ხუთშაბათის ტრადიციული ლიტერატურული საღამოთი გახსნა და ხელოვნების, ლიტერატურის მოყვარულებს - აქვე შევნიშნავთ, რომ კლუბის სტუმრები ყველა თაობის ადამიანები არიან ხოლმე, მათ შორის კი, ჭარბად - ახალგაზრდები - განახლებული ინტერიერი დაახვედრა. კლუბის ხელმძღვანელს რეჟისორ დათო ჯანელიძეს “ სარდაფის” სახეშეცვლილ გარემოში შევხვდი და მასთან საუბრისას გავარკვიე, რომ ახალ სეზონზე საინტერესო იდეების განხორციელება იგეგმება.

დათო ჯანელიძემ და მისმა მეგობრებმა 2 წლის წინ გადაწყვიტეს შეექმანთ მყუდრო გარემო, რომელიც ჩვენს კომერციულ საზოგადოებაში უადგილოდ დარჩენილ ინტელიგენციას მიიზიდავდა. ასე შეიქმნა კლუბი “ სარდაფი” და მან, იდეის ავტორების გასაკვირად, ყველაზე მეტად ახალგაზრდები მიიზიდა. იმან, რაც დათო ჯანელიძეს და მის მეგობრებს, ანუ შედარებით უფროსი თაობის წარმომადგენლებს, აწუხებდათ და აინტერესებდათ, თინეიჯერებიც დააინტერესა. კლუბმა“ სარდაფმა” თავისი ლიტერატურული თუ მუსიკალური საღამოებითა და ლექციებით, რომელსაც მუსიკოსი დათო ევგენიძე უძღვება ხოლმე, ახალგაზრდები მაგნიტივით მიიზიდა. ახალ და კარგად განახლებულ ძველ ” სარდაფში” მათ სათქმელი ისეთი ფორმით შესთავაზეს, როგორითაც ვერც სკოლებსა და ვერც უმაღლეს სასწავლებლებში შესთავაზებდნენ. შეხვედრებმა ძველი და ახალი თაობის მწერლებთან და პოეტებთან ინტენსიური ხასიათი შეიძინა. ჩემთან საუბრისას დათო ჯანელიძემ გაიხსენა, რამხელა შთაბეჭდილება დატოვა ახალგაზრდებზე პოეტ ანა კალანდაძესთან შეხვედრამ და არამარტო ამ შეხვედრამ. განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ ამ ლიტერატურულ საღამოებზე თაობათა შორის ზღვარი იშლება. ეს თავისთავად ხდება. “სარდაფის” სტუმრებს და მასპინძლებს, ძველი და ახალი თაობის წარმომადგენლებს, ერთმანეთთან უმაღლესი ფასეულობა - თავისუფლება აახლოებს. კლუბის შექმნის იდეის ქვაკუთხედიც ხომ ეს იყო. გარემო, რომლის შექმნაც 2 წლის წინ გადაწყდა, თავისუფლებისა და თავისუფალი აზრის უნდა ყოფილიყო. მიზანი მიღწეულ იქნა და მან თავისი კონკრეტული შედეგებიც გამოიღო.

[დათო ჯანელიძის ხმა] “აქ ისეთი საინტერესო რაღაც მოხდა სტუდენტური ფესტივალის დროს, როცა პირველად გაიცნეს რეჟისორებმა აკადემიის კინომხატვრები და უკვე დღეს ეს ბავშვები აკეთებენ ფილმებს. ძალიან ბევრი აღმოჩენა მოხდა აქ - პოეტებისაც, მხატვრებისაც, მუსიკოსებისაც და რეჟისორებისაც. აქ უნდა ყოფილიყო თავისუფლება, მეტი არაფერი არ გვინდოდა. აქ ყველას შეუძლია გამოთქვას თავისი აზრი, ოღონდ -კულტურულ ფორმაში. ეს თავისუფლება იგრძნობა ყველასათვის, უფროსი თაობისთვისაც და უმცროსი თაობის წარმომადგენლებისთვისაც.”

ასეთი გარემოს შექმნამ, მთელი თავისი გვერდითი პრობლემებით, კლუბის ხელმძღვანელების ზურგზე გადაიარა. კლუბის ინტერიერის განახლება ცალკეული ადამიანების დახმარებით მოხერხდა, მათ შორის იყო ზურაბ ჟვანიაც.

“ სარდაფის” ტრადიციულ ლიტერატურულ საღამოებზე დასწრება უფასოა კლუბის წევრებისთვის. დანარჩენებს მიზერული საფასურის გადახდა უწევთ. კლუბის ხელმძღვანელებმა წელს პრესის და ბიზნესის წარმომადგენლების მიზიდვა გადაწყვიტეს. მათ იდეებს მხარდაჭერა ესაჭიროება და, ბუნებრივია, ისინი მხარდაჭერის მოპოვებას ცდილობენ. კლუბი “სარდაფი” ბევრს ვერ დაიტევს და რადგან მისმა ღონისძიებებმა საგანმანათლებლო ელემენტებიც შეიძინა და ამ ღონისძიებებზე დასწრების მოთხოვნილება არსებობს, შესაძლოა, მოხერხდეს სატელევიზიო გადაცემების მომზადებაც, მაგრამ ეს ჯერ მხოლოდ იდეაა.

წლევანდელი რეალური სიახლე პრესის და ბიზნესის წარმომადგენლების თანდასწრებით ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხებზე საუბრები იქნება. ხუთშაბათობით გაიმართება ლიტერატურული საღამოები, შაბათს ან კვირას - მუსიკალური საღამოები. ახალგაზრდებს ისევ ექნებათ დათო ევგენიძის ლექციების მოსმენის საშუალება და კიდევ:

[დათო ჯანელიძის ხმა] “ამას ემატება ციკლები “მასტერ კლასის” ტიპის. ვთქვათ, ერთკვირიანი ან ერთთვიანი. ძალიან გვინდა ოთარ იოსელიანი ჩამოვიყვანოთ და მან გააკეთოს “მასტერ კლასი” სტუდენტებისთვის. თუნდაც, ერთი კვირით. ამას სოროსის ფონდთან ერთად ვცდილობთ. ასევე გვინდა რობერტ სტურუამ გააკეთოს “მასტერ კლასი”. არის ჰოლანდიურ-ქართული კავკასიის კულტურული ცენტრი, მასთან ერთად გვინდა ჩვენებები გავმართოთ, პიტერ ბრუკის სპექტაკლები ვაჩვენოთ, სტრელერზე ველაპარაკოთ. ანუ, იმაზე, რაც არ იციან. ძირითადი დეფიციტი არის ინფორმაციის დეფიციტი და თუ ეს ინფორმაცია მივაწოდეთ ამ ბავშვებს... მაგრამ, ჩვენ არა გვაქვს სახსრები და არაფერი. ამას უნდა ზურგი.”

“ სარდაფის” ლიტერატურული საღამო მომავალ ხუთშაბათს ალექსანდრე დარჩიაშვილს, ნიკო გომელაურს და ეკა გამცემლიძეს უმასპინძლებს. დამსწრე საზოგადეობას ისინი გოგა ჭყონიას წარუდგენენ. მომდევნო ხუთშაბათს შეხვედრა ბესიკ ხარანაულთან შედგება. კლასიკური მუსიკის საღამოებს კი მარიკა მანაგაძე გახსნის. მოკლედ, კლუბი“სარდაფი” მასპინძლობისთვის მზადაა. ის ელის ყველას, განსაკუთრებით კი, კლუბის წევრებს, რომლებიც, საინტერესო შეღავათებით ისარგებლებენ. შეკითხვას:” კერძოდ, რით?” დათო ჯანელიძემ უპასუხა:

[დათო ჯანელიძის ხმა] “კერძოდ ის, რომ სიხარულით ვხვდებით; ის, რომ ყველანაირ ინფორმაციას ვაწვდით იმის შესახებ, თუ რა ხდება კლუბში; ის, რომ ვაწყობთ საღამოებს მათთვის და ის, რომ ამ იატაკს, რომელსაც ვერ ვიტანდი, იმიტომ რომ საშინელი კაფელი ეგო, თავისი ფერი ეცემა და თქვენ ნახავთ, რომ მასზე ყველას თავისი უჯრა აქვს. “

შეგახსენებთ, ეთერშია რადიო თავისუფლების ახალგაზრდული პროგრამა. ახლა მოუსმენთ ინტერვიუს თეატრალური სარდაფის მთავარ რეჟისორ ლევან წულაძესთან.

[იხ. აუდიოვერსია]

ჩვენი გადაცემა აქ დასრულდა. ერთმანეთს, წესისამებრ, შევხვდებით მომავალ კვირადღეს, 6 ოქტომბერს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG