Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიქელანჯელო ანტონიონი - 90


29 სექტემბერს 90 წელი გავიდა მსოფლიო კინოს ცოცხალი

კლასიკოსის მიქელანჯელო ანტონიონის დაბადებიდან. ეს იტალიელი კინორეჟისორი ყოველთვის იყო პოპულარული საბჭოთა, მათ შორის, ქართველ ინტელექტუალებს შორის, რომლებმაც ანტონიონის ფილმი “დაბნელება” პირველად 60-იანი წლების მიწურულს იხილეს. მაგრამ 1971 წლიდან, როცა ანტონიონის “ზაბრისკი პოინტი” თბილისის სპორტის სასახლეში უჩვენეს, დიდი კინორეჟისორი ქართველი ახალგაზრდების კერპიც გახდა. ჩვენი ყოველკვირეული პროგრამა “ოქროს საუკუნე” დღეს მიქელანჯელო ანტონიონის იუბილეს გამოეხმაურება და 1969 წელს შეერთებულ შტატებში გადაღებულ “ზაბრისკი პოინტს” გაგახსენებთ.

მას შემდეგ, რაც თბილისის სპორტის სასახლეში, მოსკოვის კინოფესტივალის კონკურსგარეშე პროგრამით, ანტონიონის “ზაბრისკი პოინტი” უჩვენეს, საკმაო დრო გავიდა და საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა. იმხანად სპორტის სასახლის ტრიბუნები შეავსეს არამარტო ქართველმა ინტელექტუალებმა, რომლებმაც ანტონიონის “დაბნელება” ლამის საკულტო ფილმად გამოაცხადეს. სპორტის სასახლეში მოვიდნენ ახალგზრდებიც. მათ პირველად მიეცათ შანსი ეხილათ ამერიკელი თანატოლების ცხოვრება, იდეოლოგიური განზოგადებების გარეშე მოწოდებული ჰიპების ყოფა. მათ პირველად მისცეს საყვარელი როკ-ანსამბლის თავისუფალი მოსმენის საშუალება – იმ მუსიკისა, რომელიც “პინქ ფლოიდმა” სპეციალურად ანტონიონის ფილმისთვის დაწერა

[მუსიკა. “პინკ ფლოიდი”]

დრო გავიდა, მაგრამ დღევანდელი საქართველოსთვის ანტონიონის “ზაბრისკი პოინტი” განსაკუთრებით აქტუალური სურათი გახდა. ჩვენც ნელ-ნელა ვემსგავსებით “მომხმარებელ საზოგადოებას”. მიუხედავად გაჭირვებისა, ჩვენც ვიწყებთ ე. წ. “კარგი ცხოვრების” დაფასებას და სწორედ დღეს ჩნდებიან ჩვენში ისინი, რომლებიც განსხვავებული ფორმით გამოხატავენ ამ “მომხმარებლობის” მიმართ პროტესტს...ახალგაზრდა ნონკონფორმისტები – ცინიკურნი, ცუდად ჩაცმულნი, უიდეალონი, როგორც წესი, უკულტურონი და გაუნათლებელნი, აგრესიულები, მაგრამ შემგუებლობას მოკლებულნი. საზოგადოებისთვის, რომელიც სტაბილურობისკენ მიისწრაფვის, სწორედ ეს ახალგაზრდები იქცევიან “მტრის ხატად”, სწორედ მათ მოაქვთ ყველაფერი “დესტრუქციული”. ამიტომაც სძულს ობივატელს ეს “ბინძური ახალგაზრდები,” ისევე როგორც სძულთ ანტონიონის ფილმში “ზაბრისკი პოინტის” გმირები – დარია და მარკი. მათ საზოგადოების ხორცმეტებს უწოდებენ. ისინი სიცრუეს ვერ ეგუებიან, ამიტომ უნდა დაიღუპონ. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, როგორ აფასებს დღეს “ზაბრისკი პოინტს” ქართველი მუსიკოსი და პოეტი ირაკლი ჩარკვიანი.

[ირაკლი ჩარკვიანის ხმა]: “ეს არის ზომიერი აგრესია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქართველისთვის, და არამარტო ქართველისთვის...სოციალურად ჩვენ უნდა შევიგრძნოთ ეს აგრესია...მონას უკვე გამოცლილი აქვს აგრესიულობა აბსოლუტურად. იგი შეიძლება იყოს აბსოლუტურად თანახმა ყველაფერზე. ამაზეა აქ ლაპარაკი, რომ ზომიერად თუ ადამიანი არ არის აგრესიული, ის თუ არ იცავს თავის თავს, თავის იდეებს, იგი მკვდარია.... ადამიანმა არ უნდა დაკარგოს იმის შეგრძნება, რომ მას შეუძლია რაღაც შეცვალოს ამქვეყნად, - ამაზეა ეს ფილმი. ადამიანი, თავად პერსონა ცვლის ყველაფერს. მთავარია, მან შეიგრძნოს, რომ ეს შეუძლია. თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ამაში მას არავინ დაეხმარება, რადგან ყველანაირი სტრუქტურა წინააღმდეგია იმისა, რომ გააცნობიერო შენი შესაძლებლობები...”

“ზაბრისკი პოინტში” იმხანად 57 წლის იტალიელი კინორეჟისორი მიქელანჯელო ანტონიონი არ მალავს, რომ სოლიდარობას უცხადებს ჰიპების მოძრაობას და არც აგრესიული ახალგაზრდობის მიმართაა მტრულად განწყობილი. ანტონიონიმ, ფაქტობრივად, აიტაცა ჰიპების რადიკალური ლოზუნგი: “ძირს ძალადობა, გაუმარჯოს სიყვარულს, გაუმარჯოს თავისუფალ სექსს!” “ზაბრისკი პოინტის” სახელგანთქმული სცენა უდაბნოში – “მოსიყვარულე წყვილებით”, თავისებური “ჯგუფური ეროტიკით” – ყოველგვარ ირონიას თუ კრიტიკულ შეფასებასაა მოკლებული. მსოფლიო კინოს კლასიკოსი აღიარებს, რომ ეს ახალგაზრდები მეამბოხეები არიან. მათი ამბოხების ობიექტი კი ერთადერთია – სიძულვილი და პირმოთნეობა. უდაბნოში, რომელსაც სახელად “ზაბრისკი პოინტი” ჰქვია, მათ პირველად მიეცათ თავიანთი გრძნობების თავისუფალი გამოვლენის საშუალება, მაგრამ პოლიცია უთვალთვალებს მარკს, რომელსაც ადამიანის მკვლელობას აბრალებენ. ახალგაზრდა კაცი, რომელიც ძალადობას ებრძვის და თავისუფალ სიყვარულს ქადაგებს, აუცილებლად უნდა დაიღუპოს.

ავანგარდისტი მხატვარი ილიკო ზაუტაშვილი იმ ქართველ ახალგაზრდებს შორის იყო, რომლებმაც 1971 წელს სპორტის სასახლეში “ზაბრისკი პოინტის” სანახავად ბილეთი გადამყიდველებისგან შეიძინეს. დღეს იგი აღნიშნავს:

[ილიკო ზაუტაშვილის ხმა]: “თვითონ ეს სული, ეს მიმართება ყოველთვის არსებობდა და არსებობს კიდევაც. თუნდაც ეს მეტაფორა მიგვანიშნებს ამაზე, როცა არის ზღვაზე თუ ტბაზე საუბარი, რომელიც იყო უდაბნო, მერე ტყე და მერე ამოდის ზემოთ. ეს სული, რომელიც ყოველთვის ისწრაფვის სიახლისკენ. რა მიჩქმალულიც არ უნდა იყოს ან დამალული, საბოლოო ჯამში, ის, ალბათ, ისევ გამოვლინდება...და ყოველთვის გამოვლინდება – მე არ ვიცი ეს იქნება დღეს, ეს იქნება ხვალ... მაგრამ აუცილებლად იქნება. მიუხედავად იმისა, რომ ფილმში არის სწორედ ის დრო, სწორედ ის სარეკლამო ბილ-ბორდები, რომელიც იმ დროს ახასიათებდა, 60-იან წლებს, სწორედ ის ცხოვრების წესი, თუნდაც ობივატელური, სტუდენტური და ა. შ., ფილმში არის ხაზგასმული რაღაც მუდმივი ფასეულობანი...უდაბნოში ხდება საოცარი თავისუფალი სიყვარულის გამოვლენა, როდესაც ხდება ამ სიყვარულის მოწოდება აბსოლუტურად სუფთა სახით.” (სტილი დაცულია).

თავის ერთ-ერთ წერილში მიქელანჯელო ანტონიონი აღნიშნავდა, რომ მის მსოფლმხედველობაზე უდიდესი გავლენა მოახდინა შუა საუკუნეების გერმანელმა მოაზროვნემ, “რაინდად” წოდებულმა ერეტიკოსმა, მაისტერ ეკჰარტმა. ანტონიონის ეკჰარტის ერთი გამონათქვამიც მოჰყავს: “რაოდენ აუცილებელია გავთავისუფლდეთ საგნებისგან და მოვიკრიფოთ ძალ-ღონე, რათა შევიცნოთ ერთიანი, დაუნაწევრებელი, მარადიული ჭეშმარიტება. გამოაფხიზლე ამისათვის შენი გონება, შენი ზრახვები და წარმართე სიღრმისკენ, სადაც ძევს კიდეც ეს საგანძური.”

ანტონიონის გმირები ამას ახერხებენ. ამიტომაც მთავრდება ფილმი მარკის, ფაქტობრივად, ერთდღიანი შეყვარებულის, დარიას, ფანტასტიკური ხილვით. დარია რადიოთი შეიტყობს მარკის სიკვდილის ამბავს. მარკის გაცნობის შემდეგ მის ცნობიერებაში ყველაფერი შეიცვალა, იგი პირველად მიხვდა, თუ ვის და რას ემსახურებოდა. ამბოხების ვნებამ მასშიც გაიღვიძა, მასაც მოუნდა თავისუფლების შეგრძნება. იგი უახლოვდება თავისი შეფის ვილას და ხანგრძლივად “ჩააცქერდება” მას. დარია ამ ვილას წარმოსახვაში “აფეთქებს” – ჰაერში მიფრინავს მანქანის, ავეჯის, ტელევიზორებისა და მაცივრების ნამსხვრევები, იღუპება ყოველივე მატერიალური, რომელიც ზოგჯერ აფერხებს ადამიანის პიროვნულ განვითარებას. სწორედ ცივილიზებულ საზოგადოებაში შექმნილი ეს მოჩვენებითი ღირებულებების მქონე არამყარი საგნები განაპირობებენ სულის წვალებას, ფორიაქს, სიკვდილის შიშს. ამის მიღმა კი არსებობს “ზაბრისკი პოინტი”, “სიყვარულის ტრამალი”, რომელზედაც იმხანად 57 წლის იტალიელი კინორეჟისორი ოცნებობდა. ფსიქოლოგ ლიკა ნადარაიას თქმით, [ლიკა ნადარაიას ხმა] “ამ ფილმს აქვს სწორედ ის პოლიტიკური სიმწვავე, რომელიც ძალიან აქტუალურია ჩვენთვის. ეს არის ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ მწვავედ რეაგირებს მოქალაქე, აქტიური მოქალაქე იმის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია უსამართლობა...მარკი, რომელიც იმასაც კი იღებს თავის თავზე, რომ შავად შეიღებოს სახე, რათა გაიზიაროს ის პრობლემები, რომელიც არის იმ პერიოდში შავკანიანი ამერიკელისთვის, მარკი, რომელიც საოცრად სამართლიანია და საოცრად დახვეწილი, ამავე დროს, თავგანწირული...ჩემთვის ამიტომ არის ღირსეული მისი პოლიტიკური აქტი –სწორედ იმიტომ, რომ არა პოლიტიკოსის, არამედ მოქალაქის, ე. ი. ადამიანის გაკეთებულია.” (სტილი დაცულია)

საინტერესოა, შეივსება თუ არა დღეს თბილისის სპორტის სასახლე, ისევ რომ უჩვენონ აქ “ზაბრისკი პოინტი”. წესით, აუცილებლად უნდა შეივსოს: ქართული საზოგადოება ხომ მართლაც მიხვდა, რომ გაუკუღმართებული ცხოვრების მიზეზი ადამიანი კი არა, ადამიანების მიერ შექმნილი სისტემებია. ამ სისტემებიდან “ამოვარდნილ არსებებს” არსად იღებენ და ისევ ეჭვის თვალით უყურებენ.
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

XS
SM
MD
LG