Accessibility links

logo-print

ედუარდ შევარდნაძე ანტიკრიმინალური ოპერაციის საქართველოს სხვა რეგიონებში გადანაცვლებას არ გამორიცხავს. პირველი მინიშნება ცხინვალის მიმართულებით კეთდება


პანკისის ანტიკრიმინალური ოპერაციის შედეგებით კმაყოფილმა ედუარდ შევარდნაძემ 30 სექტემბერს ორი საინტერესო მინიშნება გააკეთა. პირველი ცხინვალის რეგიონში გართულებულ ვითარებას უკავშირდება.

მდგომარეობის კიდევ უფრო გამწვავების შემთხვევაში, პრეზიდენტი ცხინვალის რეგიონში ანტიკრიმინალური ოპერაციის ჩატარებას არ გამორიცხავს. ედუარდ შევარდნაძის მეორე საინტერესო მინიშნება აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირად წარმომადგენელს ასლან აბაშიძეს დაუკავშირდა. შევარდნაძემ აჭარის ლიდერს თბილისში ჩამოსვლა მოსთხოვა და თქვა, რომ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასლან აბაშიძეს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსს შეუჩერებს. აქვე შეგახსენებთ, რომ აბაშიძე აფხაზეთისთვის ეკონომიკური ბლოკადის მოხსნას ითხოვს და რადგან შევარდნაძე აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში აჭარის ლიდერის როლს სკეპტიკურად უყურებს, ჩანს, ის პრობლემის მოგვარების რუსული მოდელის უარყოფას ცდილობს. და კიდევ, თბილისი პოსტსაბჭოთა სივრცის კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს რუდოლფ პერინას უმასპინძლებს.


ბაქოში წარმოებული მოლაპარაკების შემდეგ რუდოლფ პერინა შეხვედრებს თბილისში გამართავს. მისი პირველი მანსპინძლები ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე და პრეზიდენტი შევარდნაძე იქნებიან. მოგვიანებით პოსტსაბჭოთა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო დავალებათა ელჩი, რომელიც ბაქოში ეუთოს მინსკის ჯგუფთან ერთად ჩავიდა და იქ მთიანი ყარაბახის პრობლემის მოწესრიგების საკითხებზე იმსჯელა, შეხვედრებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც გამართავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ მოგვაწოდა. მცირე განმარტებისთვის: პერინას ჩამოსვლა თბილისში ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თედო ჯაფარიძის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ერთ-ერთი შედეგია. ის ჯერ კიდევ 2001 წლის ნოემბერში აცხადებდა: “11 სექტემბრის ტერაქტებმა შეერთებული შტატებისა და რუსეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა და დადგა დრო სოხუმმაც მოაწესრიგოს თბილისთან ურთიერთობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მოთხოვნის გათვალისწინებითო.” მას შემდეგ კიდევ ბევრი რამ შეიცვალა. შეერთებული შტატების მზადყოფნა აქტიურად ჩაერთოს აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში, რის შესახებაც ჯორჯ ბუშის ცნობილ წერილშია საუბარი, ძალაშია. რუდოლფ პერინა თბილისში აფხაზეთის პრობლემის ირგვლივ იმსჯელებს და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ამ პრობლემასთან დაკავშირებით შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ახალ მიდგომებს გააცნობს. ჩანს, უახლოეს პერიოდში გასამართ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი სიახლეები უნდა გმოიკვეთოს. მანამდე კი უნდა აღინიშნოს ედუარდ შევარდნაძის 30 სექტემბრის თამამი განცხადება, რომელიც მან პანკისის სპეცოპერაციით მიღებულ გამოცდილებაზე საუბარს მოაყოლა.

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “თუ ცხინვალის რეგიონში ან სხვაგან მდგომარეობა მწვავე იქნება, ეს გამოცდილება უნიკალურია და მას აუცილებალდ გამოვიყენებთ.”

ამ განცხადებამ ცხინვალში აფორიაქება გამოიწვია.
ედუარდ კოკოითმა გამოხატა მზადყოფნა ითანამშრომლოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მისი თქმით, მოსაზღვრე ტერიტორიებზე წესრიგის დამყარების მიზნით.
თუმცა განმარტა, რომ არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე ასეთი ოპერაციის ჩატარებას. `შეგახსენებთ, ცხინვალის რეგიონში მოქმედი სამშვიდობო ძალები არ რეაგირებენ ისეთ ფაქტებზე, როგორიც ცხინვალის ეგრეთ წოდებული “ომონის” მიერ ადამიანთა გატაცებებია. დიდი ლიახვის მოსახლეობა კი ხეობაში ქართველი სამართალდამცავების შეყვანას ითხოვს. აქვს თუ არა პანკისის სპეცოპერაციას მომავალი ცხინვალის რეგიონში, ძნელი სათქმელია, თუმცა ედუარდ შევარდნაძის განცხადება მეტყველებს, რომ თბილისი ამბოხებულ რეგიონებთან სხვა ტონით საუბარს იწყებს. პრეზიდენტის ტონი საგრძნობლად გამკაცრდა სოხუმის რეჟიმის ნდობით აღჭურვილ ასლან აბაშიძის მიმართაც. მისთვის პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე საუბარი უკვე მეორედ შედგა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “შემდგომში მისი მისიის შესრულება, როგორც საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლისა, დიდად იქნება დამოკიდებული თბილისში მის ჩამობრძანებაზე.”

ნათქვამს თბილისში აჭარის წარმომადგენლობა გამოეხმაურა. ჰამლეტ ჭიპაშვილმა განმარტა, რომ ასლან აბაშიძე თბილისში არ ჩამოვა.
XS
SM
MD
LG