Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა და საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ არ მეგობრობენ


დავით პაიჭაძე, თბილისი როგორც ცნობილია, საქართველომ უკრაინასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის ძალითაც უკრაინა დაეხმარება ჩვენს ქვეყანას ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აღდგენასა და შეძენაში.

საამისოდ საქართველოს 12 მილიონი დოლარის გაღება მოუწევს. ცნობის გავრცელებას, ცხადია, მოჰყვა მწვავე რეაქცია რუსეთის საზოგადოებაში: რუსულმა მედია წერს, რომ უკრაინა საქართველოს ეხმარება რუსეთის წინააღმდე ომში. დავით პაიჭაძე შეეცადა გაერკვია, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შეძენა განაპირობა რუსეთ-საქართველოს ბოლო დროს გაუარესებულმა ურთიერთობებმა და საქართველოს საჰარეო სივრცის ლამის წამდაუწუმ დარღვევამ რუსეთის მხრიდან, თუ საქართველო-უკრაინის ხელშეკრულება რუსეთის ფაქტორისგან დამოუკიდებლად დაიდო? ამისთვის დავით პაიჭაძე დაუკავშირდა საქართველოს ელჩს უკრაინაში და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გრიგოლ ქათამაძეს.

უკრაინა იმთავითვე იმ სახელმწიფოთა შორის იყო, საქართველოსთან მრავალმხრივი, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობა და დახმარება რომ აკავშირებთ. საქართველოსა და უკრაინის მთავრობებს შორის ჯერ კიდევ 1996 წელს დაიდო შეთანხმება სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. ხსენებული შეთანხმება ამ სფეროში ერთი პირველი იყო იმათში, რაც კი საქართველოს დაუდია სხვა ქვეყნებთან. ასე რომ, მაინცადამაინც რუსეთ-საქართველოს გამწვავებულ ურთიერთობებზე არ აღმოჩნდა “მიბმული” ჩვენი ქვეყნის სურვილი, შეიძინოს უკრაინისგან ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის იარაღი და დაიხმაროს უკრაინა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის აღდგენაში. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადა უკრაინაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გრიგოლ ქათამაძემ [ქათამაძის ხმა]: “საქართველოს ჰაერსაწინააღმდეგო სისტემის აღდგენაზე უკრაინასთან ჩვენ დიდი ხნის წინ დავიწყეთ მუშაობა, დაახლოებით ოთხი წლის წინ... ბოლო წლების განმავლობაში უკრაინელი სპეციალისტები რამდენჯერმე იყვნენ საქართველოში, შეისწავლეს, რა მდგომარეობაშია ჩვენი საჰაერო თავდაცვის სისტემა და შემოგვთავაზეს ამ სისტემის აღდგენის გეგმა. თუმცა შემდეგ ამ პროგრამის დაჩქარება, ალბათ, იმანაც გამოიწვია, რომ სიტუაცია გამწვავდა. და მაინც, უშუალო კავშირი აქ არ არსებობს, რადგან პრობლემის გადაჭრაზე ზრუნვად ჩვენ შევუდექით გაცილებით ადრე, ვიდრე გამწვავდებოდა საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობები”.

გრიგოლ ქათამაძე იხსენებს, რომ საქართველომ რუსეთსაც შესთავაზა თანამშრომლობა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში, მაგრამ ეს ქვეყანა არ დაინტერესებულა. საქართველოს მისი გზა აქვს, ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის გადაწყვეტს რუსეთი, დაგვეხმაროს და ითანამშრომლოს საქართველოსთან. უკრაინასთან თანამშრომლობა კი ნაბიჯ-ნაბიჯ ავაწყვეთ, განაცხადა გრიგოლ ქათამაძემ.

საჰაერო თავდაცვის სისტემის აღდგენა მხოლოდ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობის ქონას არ ნიშნავს, აქ საჭირო კვალიფიციური პერსონალიც იგულისხმება. საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის დანადგარებთან თითქმის არ ჰქონიათ აქტიური შეხება. გრიგოლ ქათამაძე, რომელიც უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე იყო და, ბუნებრივია, დღესაც ინარჩუნებს კონტაქტებს ამ უწყებასთან, აღნიშნავს [ქათამაძის ხმა]: “სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: საქართველოს თავდაცვის უწყებას ჰყავს ახალგაზრდა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ამ სფეროში. მათ მიიღეს განათლება საზღვარგარეთ, მათ შორის რუსეთსა და უკრაინაში და ქართველი სპეციალისტები მომზადებულნი არიან საიმისოდ, რომ მიიღონ, გაუფრთხილდნენ და მოიხმარონ თანამედროვე ტექნიკა. ასე რომ, ჩვენ შესაბამისი ძალები გვყავს”.

საჰაერო თავდაცვის სისტემის აღდგენამ საქართველოს უნდა შეაძლებინოს საკუთარი საზღვრების დაცვა ყველა მიმართულებით. ვიდრე ეს მომხდარა, საქართველოს თავდაცვის მინისტრი იძულებული იქნება, თავაღერილმა უყუროს ქვეყნის საჰაერო სივრცის დამრღვევ ვერტმფრენსაც კი, როგორც ეს მოხდა გასულ პარასკევს ბარისახოში მისი ყოფნის დროს. თეთრი ფერის ვერტმფრენი რამდენიმე წუთს დაჰფრენდა იმ ტერიტორიას, სადაც დავით თევზაძე იმყოფებოდა. ვერტმფრენი რომ რუსული იყო და არა ეუთოს დამკვირვებლებისა, ცხადი მაშინ გახდა, როცა შორს გაფრენისას კუდზე წითელი ვარსკვლავი დაუნახეს.
XS
SM
MD
LG