Accessibility links

გაეროს განიარაღების ექსპერტებისა და ერაყის დელეგაციის შეხვედრა ვენაში


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 30 სექტემბერს, პირველად განვლილი თითქმის 4 წლის მანძილზე, დაიწყო მოლაპარაკება გაეროს განიარაღების ექსპერტებსა და ერაყის ოფიციალურ წარმომადგენლებს შორის.

სამშაბათს, 1 ოქტომბერს, ვენაში მიმდინარე ამ მოლაპარაკებაზე, განიარაღების ექსპერტებმა არარორაზროვნად განუცხადეს ერაყის დელეგაციას, რომ გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიამ დაუბრკოლებლად უნდა შეძლოს ერაყში ისეთი მნიშვნელოვანი ობიექტების შემოწმება, როგორიცაა, მაგალითად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების შენობები, აგრეთვე ერაყის პრეზიდენტის, სადამ ჰუსეინის ელიტური რესპუბლიკური გვარდიის შტაბ-ბინა. წარსულში განიარაღების კომისიას ეკრძალებოდა ხსენებული ობიექტების შემოწმება.

გაეროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ორშაბათს მოლაპარაკებებზე, რომელიც ვენაში, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს შენობაში მიმდინარეობს, გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული. ”ნებისმიერი ობიექტის შემოწმება ერაყში უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ, უპირობოდ და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშეო” - განაცხადა სამშაბათს, ვენაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისიის თავმჯდომარემ ჰანს ბლიქსმა.

შეთანხმებით, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა დადო ბაღდადთან 1998 წლის დასაწყისში, განიარაღების საერთაშორისო კომისიას აეკრძალა შემოწმება სადამ ჰუსეინის რვა ოფიციალური კომპლექსისა, რომლებსაც ერთად დაახლოებით 32 კვადრატული კილომეტრის ფართობი უკავია. ამ გარიგების ძალით, განიარაღების ექსპერტებს არ შეეძლოთ მოულოდნელად მოენახულებინათ ხსენებული კომპლექსები, რომლებშიც ჰუსეინის სასახლეებიც შედიოდა. ამავე გარიგების თანახმად, შეიქმნა საერთაშორისო დიპლომატთა ჯგუფი, რომელიც განიარაღების ექსპერტებს ახლდა თან, როცა ეს უკანასკნელნი სადამ ჰუსეინის სასახლეში შევიდნენ. შეერთებულმა შტატებმა და უშიშროების საბჭოს დანარჩენმა წევრებმა მხარი დაუჭირეს ამ გეგმას, რომელიც დღემდე ძალაში რჩება. თუმცა, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია ამჟამად მოითხოვს ახალი რეზოლუციის მიღებას, რომელიც ხსენებულ შეზღუდვებს გააუქმებს.

როგორც ჰანს ბლიქსმა განაცხადა, ერაყელები და გაეროს განიარაღების ექსპერტები ცდილობენ თანხმობის მიღწევას ისეთ პრაქტიკულ საკითხებში, როგორიცაა განიარაღების საერთაშორისო კომისიის ჯგუფების განაწილება და დაბინავება, მათი უშიშროების უზრუნველყოფა; ისინი ცდილობენ დაადგინონ, თუ როგორ უნდა მოხდეს ანალიზისათვის აღებული სინჯების გატანა ქვეყნიდან.

ამასობაში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ ვიდრე განიარაღების ექსპერტები ერაყში დაბრუნდებოდნენ, ჰანს ბლიქსი გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ რეზოლუციის მიღებას უნდა დაელოდოს; რადგან ამ რეზოლუციამ, შესაძლოა, კორექტივები შეიტანოს განიარაღების კომისიის სამოქმედო პროგრამაში.
XS
SM
MD
LG