Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია ბელორუსიის პოზიცია საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობის საკითხში?


მომავალ ორშაბათს მოლდავეთის დედაქალაქი კიშინიოვი უმასპინძლებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების სამიტის, რომლის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი

საკითხი რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბული ურთიერთობა იქნება. რა პოზიციას დაიკავებენ სამიტის მონაწილე ქვეყნები ამ საკითხში? მიმდინარე კვირაში ნაწილობრივ მაინც შევეცდებით ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. ციკლის პირველი გადაცემა ორშაბათს შემოგთავაზეთ და იგი სომხეთს მივუძღვენით. დღეს ბელორუსიის ჯერია. შეიძლება თუ არა, რუსეთის პრეზიდენტის მიერ საქართველოს მისამართით გამოთქმულმა მუქარამ რაიმე სახით ბელორუსიაზეც მოახდინოს გავლენა? ამ საკითხის გარკვევას, ჩვენი თხოვნით, რადიო ”თავისუფლების” ბელორუსიული რედაქციის მინსკელი თანამშრომელი, ვლადიმირ გლოდი შეეცადა.

ვლადიმირ გლოდი: საქართველო-რუსეთის ურთიერთობაში წარმოშობილი დაძაბულობის თაობაზე ბელორუსიის ოფიციალური პოზიცია ამ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ამ ორიოდე კვირის წინათ ჩამოაყალიბა. მისი თქმით, რუსეთს ბელორუსიისთვის არ უთხოვია რაიმე ოპერაციაში მონაწილეობის მიღება. მით უმეტეს, რომ ქვეყნის კონსტიტუცია კრძალავს ბელორუსი სამხედრო მოსამსახურეების მოქმედებას სახელმწიფოს ფარგლებს გარეთ. ლუკაშენკომ აღნიშნა, მე არასოდეს წავალ ამაზე, როგორც მთავარსარდალიო. ამიტომ არავითარ საქართველოში, არავითარ ოპერაციაში მონაწილეობას არ მივიღებთ და, დარწმუნებული ვარ, არც თვით რუსეთი წამოიწყებს ამ ოპერაციას. ისღ
ა აკლია, კავკასიაში ახალი ომი გააჩაღოსო.

დავით კაკაბაძე: როგორც ჩვენი მინსკელი კოლეგა გვატყობინებს, ლუკაშენკოს ისიც უთქვამს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ვლადიმირ პუტინი მას მხარდაჭერასა და თანადგომას სთხოვს. ლუკაშენკოს არც ის დაუმალავს, კავკასიის საკითხში ჩვენი სიმპათიები მუდამ რუსეთის მხარეს იყო და მომავალშიც ასე იქნებაო.

რუსეთის მუქარის თემაზე ვლადიმირ გლოდი ბელორუს სამხედრო ექსპერტებს ესაუბრა. მათ ყურადღება გაამახვილეს იმ გარემოებაზე, რომ ბელორუსია შედის საერთაშორისო რეგიონულ სტრუქტურაში სახელწოდებით ”კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების ორგანიზაცია”. იგი მიმდინარე წლის 14 მაისს, მოსკოვში მოწყობილ საგანგებო თათბირზე შეიქმნა და რუსეთთან ერთად მასში შევიდნენ სომხეთი, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.

ვლადიმირ გლოდი: აღსანიშნავია, რომ კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ ტაშკენტის 1992 წლის ხელშეკრულების საფუძველზე ჩამოყალიბებული ამ ახალი სტრუქტურის სულისჩამდგმელი სწორედ ალექსანდრ ლუკაშენკო იყო. ამ სტრუქტურის დახვეწა მან მას შემდეგ მოისურვა, რაც ტაჯიკეთმა და ყაზახეთმა თავიანთი ტერიტორიები დაუთმეს შეერთებული შტატების სამხედრო კონტინგენტს, რომელიც ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდა.

რადიო ”თავისუფლების” მინსკელმა კორესპონდენტმა ვლადიმირ გლოდმა ზემოხსენებულ საკითხებზე აზრის გამოთქმა სთხოვა ბელორუსიის თავდაცვის ყოფილ მინისტრს პაველ კოზლოვსკის.

[პაველ კოზლოვსკის ხმა] “არა მგონია, შესაძლებელი იყოს რუსეთსა და საქართველოს შორის ფართომასშტაბიანი კონფლიქტის გაჩაღება. მეორე მხრივ, გამორიცხული არ არის, რუსეთმა მართლაც მოიმოქმედოს ის, რის შესახებაც მისმა პრეზიდენტმა არაორაზროვნად განაცხადა; ანუ დარტყმები განახორციელოს პანკისის ხეობაში, თავისი სამხედრო შენაერთები ლოკალურად ჩააბას პანკისთან დაკავშირებულ კონფლიქტში. რაც შეეხება ბელორუსიის შესაძლო მონაწილეობას, მე თავად რუსეთისთვის ვერ ვხედავ იმის აუცილებლობას, რომ კონფლიქტში ბელორუსია ჩაითრიოს. ეს, ჩემი აზრით, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს, თუ ჩვენი (ბრჭყალებში) “ბრძენი” ხელმძღვანელი რატომღაც თვითონ გამოიჩენს ინიციატივას. ისე კი რუსეთს, მისი ძალის პატრონს, ასეთი ოპერაციის ჩასატარებლად ბელორუსიის დახმარება არ ესაჭიროება. არც მატერიალური და არც, მით უმეტეს, ცოცხალი ძალის თვალსაზრისით. ასეთი ოპერიციისთვის, თუ მისი განხორციელება განიზრახა, რუსეთს საკმარისი ძალა მოეპოვება.”
XS
SM
MD
LG