Accessibility links

logo-print

რა შედეგები მოაქვს ქართველი პოლიტიკოსების მოსკოვში გახშირებულ ვიზიტებს


მას შემდეგ, რაც მოსკოვი საქართველოზე სამხედრო იერიშის მიტანით დაიმუქრა, სულ უფრო იმატა ქართველი პოლიტიკოსების ვიზიტებმა რუსეთის დედაქალაქში. ეს ბუნებრივადაც შეიძლებოდა მიგვეჩნია,

ამ ვიზიტების მიზანი ორი ქვეყნის ურთიერთობის მოწესრიგება რომ იყოს. ქართველ პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მოსკოვში რუსულ პოლიტიკურ ძალებში დასაყრდენის საძებნელად ჩადის და ამ ამოცანის შესასრულებლად საქართველოს შიდა პრობლემების კრიტიკით ცდილობს რუსი პოლიტიკოსების ყურადღების მიპყრობას.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებამ მოსკოვში მიმავალ საპარლამენტო დელეგაციას სათავეში თავად ჩაუდგეს, ამ პოსტზე ერთ-ერთი აქტიური პრეტენდენტი, სოციალისტური პარტიის ლიდერი და რუსეთთან მეგობრობის მთავარი მქადაგებელი ვახტანგ რჩეულიშვილი უზომოდ გაანაწყენა. სავარაუდოა, რომ ვახტანგ რჩეულიშვილს დელეგაციის ხელმძღვანელობა მოსკოვის თვალში პოლიტიკური წონადობის მოსაპოვებლად ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალა ოფიციალური საგარეო პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტაში ჩარევას მოერიდებოდა. მით უმეტეს, რამდენიმე კვირის წინ რჩეულიშვილი კერძო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთის დედაქალაქში.

მოსკოვს ასევე სტუმრობდა “ნაციონალური მოძრაობის” მედასავლეთე ლიდერი მიხეილ სააკაშვილი, მანამდე კი - საწინააღმდეგო ორიენტაციის მოძრაობა „ერთობის“ ლიდერი ჯუმბერ პატიაშვილი, ასევე - რუსეთის დიდი მეგობარი ასლან აბაშიძე და ასე შემდეგ. ყველაზე ბოლოს რუსეთის დედაქალაქიდან ჩამოვიდა საპარლამენტო ფრაქცია „ახალი აფხაზეთი - ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერი, რუსეთში საქართველოს ყოფილი ელჩი, საქართველოში ერთ დროს პრორუსული ორიენტაციის ფიგურად მიჩნეული ვაჟა ლორთქიფანიძე. მისი თქმით, მოსკოვში, სამწუხაროდ, ყველგან დახვდა არამარტო პრორუსული პოლიტიკოსების კვალი.

[ლოთქიფანიძის ხმა] „ძირითადად, მიდის საქართველოს ლანძღვა- გინება მათთან და მცდელობა წარმოჩენისა, როგორი დაპირისპირებული და როგორი დაწიაწებულია საქართველო. ალბათ, ესეც არის მიზეზი იმის, რომ ბევრს ასეთი აგრესიული აზრი აქვს, რომ თქვენ, საქართველო, მაინც დაიშლებით, თქვენ ერთად მაინც ვერ იარსებებთ, თქვენ ეკონომიკა გაქვთ ნულზე დაბალი და თქვენ, საერთოდ, ერთმანეთს ჭამთ, ერთმანეთის ლანძღვა- გინების მეტს არაფერს აკეთებთ. ჩამოდის ერთი და ამბობს, ჩემთან ითანამშრომლე, მე ვარ ძლიერი, ის არის ასეთი, ასეთი... მერე მეორე ჩამოდის და იგივეს ამბობს.“ [სტილი დაცულია]

ვაჟა ლორთქიფანიძის განცხადებით, მან არც ერთ რუს სახელმწიფო მოხელეს თუ სხვა რანგის პოლიტიკოსს, ვისთანაც მოსკოვში შეხვედრები ჰქონდა, საქართველოს შიდა პრობლემებზე საუბრის საშუალება არ მისცა. მისი თქმით, რუსეთს საქართველოზე არანაკლები შიდა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები აწუხებს და უმჯობესია, მოსკოვმა მათზე იზრუნოს.

ვაჟა ლორთქიფანიძე მოსკოვში კერძო ვიზიტით, გაზეთ „მასკოვსკიე ნოვოსტის“ მიწვევით, იმყოფებოდა. ამ გაზეთმა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა პრობლემატიკაზე სადისკუსიო მრგვალი მაგიდა მოაწყო.

[ლორთქიფანიძის ხმა] „საჭიროა არა მარტო გამოხატვა ემოციის, არა მარტო გამოხატვა ჩვენი დამოკიდებულების და მკაცრი პროტესტის, არამედ მოქმედებებიც და უნდა წარიმართოს ჩვენი მოქმედებები საერთაშორისო ორგანიზაციებში, სხვა ქვეყნებში და თავად რუსეთში. იმიტომ რომ საჭიროა ფართო მოქმედებების ზუსტი და ენერგიული, თუ შეიძლება ითქვას, აგრესიული მოქმედებების წარმართვა.“ [სტილი დაცულია]

ამ ქმედებების ერთ-ერთ მთავარ მიზანს კი წარმოადგენს საინფორმაციო ბლოკადის გარღვევა, რასაც, ნაწილობრივ, მიაღწიეს მრგვალი მაგიდის მონაწილე რუსეთის ინტელიგენციისა და პრესის წარმომადგენლებმა. ისინი იმ აზრს იზიარებენ, რომ პრეზიდენტ პუტინის ცნობილი განცხადება და საინფორმაციო ისტერია ორი ქვეყნის ურთიერთობებში არასწორი ნაბიჯია. ლორთქიფანიძის განცხადებით, ასეთი ადამიანების დამსახურების შედეგად, რუსულ მედიაში საქართველოს მიმართ არსებული აგრესიული დამოკიდებულება სიმართლის ასახვამ შეცვალა. რეალურ პოლიტიკაში კი ვითარების შეცვლის დიდი რესურსი აქვს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტზე ორი ქვეყნის პრეზიდენტების შეხვედრას.
XS
SM
MD
LG