Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მიმართ რუსეთის პოლიტიკის ანალიზი


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი ბოლო დროს რუსეთის ექსპერტები უფრო კრიტიკულად აანალიზებენ თავისი ქვეყნის პოლიტიკას საქართველოს მიმართ. ამას მოწმობს, თუნდაც, 30 სექტემბრის “ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებული გამოკითხვა,

რომელიც რუსეთის დიპლომატიის სტრასბურგის ფიასკოს მიეძღვნა. ამასთანავე, გაზეთი აღნიშნავს, რომ კიდევ ერთი დარტყმა რუსეთმა ოკეანის გაღმიდან მიიღო – აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა მოსკოვთან დაპირისპირებაში თბილისს დაუჭირა მხარი.
რით აიხსნება ანტირუსული ჟესტების ეს სერია – რუსეთის საგარეო პოლიტიკის ჩავარდნით, თუ რუსეთთან დაახლოებაზე დასავლეთის უარით?


პოლიტიკურ კვლევათა ინსტიტუტის ხელმძღვანელის სერგეი მარკოვის აზრით, დასავლეთს არ უთქვამს უარი რუსეთთან დაახლოებაზე, სტრასბურგის მარცხში კი თავად რუსეთს მიუძღვის ბრალი.
მისი თქმით,

“მკაცრი შეტევა საქართველოზე შესაბამისი წინასწარი მომზადების გარეშე წარიმართა. ამ მხრივ, ამერიკელებისგან უნდა აგვეღო მაგალითი: ჯერ – ბევრი პროპაგანდა, შემდეგ კი – კონკრეტული მოქმედებები. სამწუხაროდ, პროპაგანდაში ამდენი უნარი არ აღმოგვაჩნდა. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ კი რეაგირება მოახდინა არა იმდენად პუტინის განცხადებაზე, რამდენადაც იმ ბაკქანალიაზე, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. იმავდროულად, საპარლამენტო ასამბლეამ უპასუხა რუსეთის გენერლების ზედმეტად მკაცრ განცხადებებს, მათ კი, როგორც ჩანს, სერიოზულად ირწმუნეს სამხედრო ოპერაციების დაწყება საქართველოს ტერიტორიაზე, რაც, დღესდღეობით, უხეში პოლიტიკური შეცდომა იქნებოდა”.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი იგორ ბუნინი მიიჩნევს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განვითარებული მოვლენები ორმა გარემოებამ განაპირობა: ჯერ ერთი, ტექნიკურმა ხარვეზებმა – იმ მომენტისთვის რუსეთის დელეგაციის თითქმის ნახევარი შემადგენლობა მოსკოვში დაბრუნდა ფედერაციის საბჭოს სხდომაზე, მათ ხმებს კი სიტუაციის შეცვლა შეეძლო. თუმცა, როგორც ბუნინი ამბობს:

“მთავარი მაინც იდეოლოგიური წინააღმდეგობა იყო. შეიძლება ითქვას, რომ ევროპა თავის იდეოლოგიას, თავის ფასეულობებს იცავს. როგორც ჩანს, შევარდნაძე ერთ-ერთი ამ ფასეულობათაგანია. ევროპისთვის იგი ერთგვარ სიმბოლურ პიროვნებას, იმ ადამიანს წარმოადგენს, რომელიც გერმანიის გაერთიანებას დაეხმარა და რომელმაც ხელი შეუწყო მშვიდობას 80-იანი წლების მიწურულს.
ამიტომ, პრაქტიკულად, შეუძლებელია, რომ შევარდნაძეს სადამ ჰუსეინის როლი ერგოს. ასეთი კომბინაცია მიუღებელია დასავლეთის ქვეყნებისთვის. ამ თვალსაზრისიდან გამომდინარე, შევარდნაძეს არავინ დათმობს, მას დაიცავენ. უცნაურია, რომ ჩვენს დიპლომატიას ეს არ ესმის”.

სტრატეგიულ კვლევათა ცენტრის დირექტორის ანდრეი პიონტკოვსკის აზრით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მარცხი განპირობებულია რუსეთის სრულიად უაზრო და მისი ინტერესების საწინააღმდეგო სამხედრო გეგმებით საქართველოს მიმართ.
ექსპერტმა “ნეზავისიმაია გაზეტას” განუცხადა:

“არ ვიცი, საგარეო პოლიტიკის რომელმა მრჩევლებმა უკარნახეს მთავრობას, რომ შესაძლებელია პანკისში შეჭრა წარმატებით ჩაეწეროს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლისა და ერაყის წინააღმდეგ აშშ-ის მოსალოდნელი ოპერაციის კონტექსტში. მაგრამ საპარლამენტო ასამბლეაში განცდილი მარცხი გვიჩვენებს, რომ ეს სრულიად უაზრო გათვლა იყო”.

გაცილებით მკაცრ პოზიციას იცავს პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის დირექტორი ვალერი ფიოდოროვი, რომლის აზრით, ბოლოდროინდელი მოვლენები მოწმობს, რომ “აშშ არ არის მზად იმისათვის, რომ დათმოს საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ლიდერის როლი და უფლება, ერთპიროვნულად განსაზღვროს, თუ ვინ არის ტერორისტი დღევანდელ მსოფლიოში და ვინ უნდა ებრძოლოს მას”.

ვალერი ფიოდოროვის თქმით, რასაკვირველია, რუსეთი არ უნდა ეგუებოდეს ასეთ ვითარებას და “მომავალშიც უნდა ატარებდეს დამოუკიდებელ პოლიტიკას თავისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც თავისი ქვეყნის ტერიტორიის გარეთ აქტიურ ანტიტერორისტულ მოქმედებებსაც შეიძლება გულისხმობდეს”.
XS
SM
MD
LG