Accessibility links

logo-print

პროგრამის ბოლოს, უცხოეთის პრესის მიმოხილვაში, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ დასავლეთის წამყვან


პროგრამის ბოლოს, უცხოეთის პრესის მიმოხილვაში, თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ დასავლეთის წამყვან პერიოდულ გამოცემებში ამ კვირის მანძილზე გამოქვეყნებულ სტატიებზე,

რომლებიც საერთაშორისო პოლიტიკის სხვადასხვა საკითხს ეხება; მათ შორის პანკისის პრობლემის ფონზე საქართველო-რუსეთის გამწვავებულ ურთიერთობას. გაზეთ ”ფაინენშლ ტაიმსის” 27 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნებული სარედაქციო წერილის სათაურია ”საქართველო იწვის”. სტატია ასე იწყება:

დიქტორი: ”გასაკვირი არ არის, რომ რუსეთი ცდილობს, გამოიყენოს ტერორიზმის წინააღმდეგ წარმოებული ომი, რათა კავკასიაში თავისი სისხლიანი ინტერესები გაატაროს. ბოლო შეტაკებაში, რომელსაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა, მოსკოვის მტკიცებით, 40-მდე ჩეჩენი პარტიზანი და 14 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. დეტალები საკმაოდ ბუნდოვანია, მაგრამ ნათელია, რომ მოსკოვი არ აპირებს, მეამბოხე პროვინციის დაშოშმინების მიზნით კარგა ხნის წინათ დაწყებული კამპანიის შესუსტებას. გარდა ამისა, რუსეთი დიპლომატიურ ზეწოლას აძლიერებს მეზობელ საქართველოზე და თბილისს აფრთხილებს, თუ შენს ტერიტორიაზე მყოფ ჩეჩენ მებრძოლებს არ მიხედავ, საქართველოში შემოვალთ და საქმეს თვითონ მოვუვლითო. ეს ორი თვალსაზრისით არის სახიფათო. მხოლოდ სამხედრო ძალის გამოყენებით ჩეჩნეთის ომს წერტილს ვერ დაუსვამ, ხოლო საქართველოში შესვლა ბრძოლის მასშტაბს გააფართოებდა. მოსკოვმა უნდა შეიგნოს, რომ მშვიდობის მოტანა მხოლოდ მოლაპარაკების გზით მიღწეულ შეთანხმებებს ძალუძს.”

წამყვანი: ”ფაინენშლ ტაიმსი” იქვე დასძენს, რომ რუსეთს, რა თქმა უნდა, სრული უფლება აქვს, თავისი ტერიტორიული მთლიანობის დაცვაზე იზრუნოს, მაგრამ სამხედრო ძალის სასტიკი გამოყენებით მან არა მარტო საბოლოოდ გადაიმტერა ჩეჩნები, არამედ სამართლიანი საერთაშორისო კრიტიკაც დაიმსახურა. გასული კვირის გაზეთებში ყურადღება ეთმობა საქართველოსთვის აქტუალურ კიდევ ერთ საკითხს: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენის მშენებლობის დაწყებას. აი, რას წერს ამასთან დაკავშირებით “უოლ სტრიტ ჯორნალ იუროპის” ანალიტიკოსი ვლადიმირ სოკორი:

დიქტორი: ”ევროპის ბაზრებზე კასპიის ენერგორესურსების გატანა საერთაშორისო ენერგეტიკის სფეროში ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა – როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად. ახლო აღმოსავლეთი სულ უფრო არასტაბილური ხდება და, ამდენად, კასპიის ენერგომატარებლები ევროატლანტიკური სივრცისთვის გაცილებით მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს: როგორც ფასის თვალსაზრისით, ისე ენერგიის წყაროების გამრავალფეროვნების მხრივ.”

წამყვანი: შემდეგ ვლადიმირ სოკორი წერს, რომ რუსეთი და ირანი, როგორც რეგიონში ენერგიის მთავარი ექსპორტიორები, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენს ეწინააღმდეგებიან. ”უოლ სტრიტ ჯორნალ იუროპის” ანალიტიკოსი იმასაც აღნიშნავს, რომ კასპიის ზღვის ენერგორესურსების დასავლეთისკენ ტრანსპორტირების გზაზე ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა საქართველოა.

დიქტორი: ”იქნებ სწორედ ეს იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომ ცდილობს მოსკოვი, ამ ქვეყანაში ქაოსი დათესოს, ”ანტი-ტერორიზმის სახელით იქ სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს და პრეზიდენტი შევარდნაძე ჩამოაგდოს. მაგრამ, საბოლოო ანგარიშით, ნავთობსადენი განამტკიცებს კასპიის რეგიონის ქვეყნების დამოუკიდებლობას და მათ მტკიცედ დაუკავშირებს დასავლეთის მომხმარებელ სახელმწიფოებს.”

წამყვანი: უცხოელი მიმომხილველები, ცხადია, დიდ ყურადღებას უთმობენ გერმანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებსაც, რომელშიც კანცლერ გერჰარდ შრიოდერის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ უმნიშვნელო უპირატესობით აჯობა ქრისტიან-დემოკრატიული და ქრისტიან-სოციალური კავშირების კონსერვატულ კოალიციას, რომელსაც ედმუნდ შტოიბერი ედგა სათავეში. გერმანიაში და, ცოტა ხნით ადრე, საფრანგეთში გამართულ არჩევნებს ბრიტანეთის გაზეთი ”ტაიმსი” ევროპის კავშირის პერსპექტივიდან აფასებს და აღნიშნავს, რომ ხანგრძლივმა საარჩევნო კამპანიებმა ზიანი მოუტანა რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივას, მათ შორის, ევროკავშირის გაფართოების პროცესს.

დიქტორი: ”ახლა, როცა არჩევნები ჩატარდა, ევროპის კავშირს თითქოს ისევ ეძლევა საშუალება, თავისი მიზნების განხორციელებაზე იზრუნოს. მაგრამ სოციალ-დემოკრატებისა და მათი მოკავშირე მწვანეების მცირე უპირატესობით გამარჯვებას, შესაძლოა, შედეგად მოჰყვეს ის, რომ, ევროკავშირის ინიციატივების განხორციელებისას, გერმანიამ უწინდელივით ვეღარ იტვირთოს ლიდერის ფუნქციები. მეტიც, საფრანგეთისა და გერმანიის ხელახლა არჩეულ ლიდერებს, ჟაკ შირაკსა და გერჰარდ შრიოდერს შორის არსებულმა სერიოზულმა უთანხმოებებმა, შესაძლოა, შეაფერხოს ხსენებული ინიციატივების განხორციელება.”

წამყვანი: მიუნხენში გამომავალი ”ზიუდდოიჩე ცაიტუნგის” მომომხილველი შტეფან ულრიხი შრიოდერის გამარჯვების შედეგად ბერლინ-ვაშინგტონის ურთიერთობაში წარმოშობილ დაძაბულობაზე მსჯელობს. ემოციებით დატვირთული საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში შრიოდერმა ხომ არაერთხელ გააკეთა აშკარად ანტიამერიკული განცხადებები და მკვეთრად დაუპირისპირდა შეერთებული შტატების გეგმას, იერიში მიიტანოს ერაყზე.

დიქტორი: ”შრიოდერის პოზიციამ ბზარი გაუჩინა გერმანიის ურთიერთობას შეერთებულ შტატებთან და ამ ბზარს ვერ გაამთელებ მარტო იმის თქმით, აქაოდა ეს განცხადებები შრიოდერის საარჩევნო სტრატეგიის ნაწილი იყოო. დიპლომატიური ზარალის გაბათილებას კარგა ხანი დასჭირდება და შრიოდერს ძვირად დაუჯდება თავისი პოზიცია. პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის პოლიტიკა თანდათან უფრო მეტ მხარდამჭერს მოიპოვებს, რის შედეგადაც დასუსტდებიან მისი კრიტიკოსები გერმანიასა და ევროპაში. გერმანიას მაღალი პოლიტიკური საფასურის გადახდა მოუწევს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გამოსასწორებლად; შესაძლოა, ბუშმა მოითხოვოს, რომ ავღანეთში ან ბალკანეთში მეტი გერმანელი ჯარისკაცი იქნეს განთავსებული, რათა თვითონ, გამოთავისუფლებული ამერიკელები ბაღდადის წინააღმდეგ ოპერაციაში ჩააბას.”

წამყვანი: ახლა რაც შეეხება უშუალოდ ვაშინგტონის გეგმას, რომელიც სადამ ჰუსეინის რეჟიმის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ითვალისწინებს. ამ საკითხს ეხება გაზეთ ”ვაშინგტონ ტაიმსში” ახლო აღმოსავლეთის ექსპერტი და მსოფლიო მშვიდობის ცენტრის თანამშრომელი კეროლ ოლირი. მისი აზრით,

დიქტორი: “ერაყის ლიდერის სადამ ჰუსეინის ძალისმიერი გზით ჩამოგდებას, შესაძლოა, გამანადგურებელი შედეგები მოჰყვეს. ამიტომ პოლიტიკის განმსაზღვრელებმა სერიოზულად უნდა დაიწყონ ფიქრი ერაყში ფედერალისტური სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე, რაც ომისშემდგომი სტაბილიზაციის საუცხოო საშუალება იქნებოდა და რასაც აქტიურად უჭერს მხარს ერაყის პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ძალა. ერაყის ეროვნული კონგრესიც ხომ კარგა ხანია, ემხრობა ერთიანი, ფედერალური და დემოკრატიული სადამისშემდგომი ერაყის შექმნას.”

წამყვანი: სადამისშემდგომ ერაყზე მსჯელობს თავის სტატიაში ბრიტანეთის “ტაიმსის” მიმომხილველი როჯერ მეთიუზიც, რომლის აზრით, ვაშინგტონს ამასთან დაკავშირებით მეტისმეტად ამბიციური გეგმა მოეპოვება.

დიქტორი: “სახელმწიფო უშიშროების საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველი კონდოლიზა რაისი აცხადებს, რომ დიქტატურის დამხობის შემდეგ შეერთებული შტატები მზად არის, დიდი დრო და სახსრები დაახარჯოს ერაყის ხელახლა აშენებას, როგორც ერთიანი და დემოკრატიული ქვეყნისა. მაგრამ მას შემდეგ, რაც 44 წლის წინათ არმიამ ჰაშემიტთა მონარქია დაამხო, ერთიანი ქვეყნის შენარჩუნება მხოლოდ სადამ ჰუსეინის რეპრესიული რეჟიმის პირობებში მოხერხდა. თუ მისი რეჟიმი დაემხო, ერაყში მოქმედ ნებისმიერ ძალას საქმე ექნება ათწლეულების მანძილზე დაგროვილ ბოღმასთან. ის, რომ ძალადობა ერაყში პოლიტიკასთან არის გაიგივებული, სადამის ბრალი არ არის. ეს ასეა იმ დღიდან მოყოლებული, რაც ეს ქვეყანა შეიქმნა.”
XS
SM
MD
LG