Accessibility links

logo-print

რა განაპირობებს რუსეთსა და საქართველოს შორის არსებულ დაძაბულობას


გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთის პრესაში გრძელდება მიზანმიმართული შეტევა საქართველოსა და პრეზიდენტ შევარდნაძის წინააღმდეგ, რასაც ანტიამერიკული რიტორიკაც ახლავს თან.

პანკისის პრობლემას ამოფარებული ჩრდილოელი პოლიტიკოსები მაქსიმალურად ესწრაფვიან საქართველოში დესტაბილიზაციის შეტანას. თუმცა, სათქმელია ისიც, რომ რუსეთის პრესა განსხვავებულ მოსაზრებებსაც უთმობს ადგილს.
წინა კვირაში გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის გარშემო თამარ ჩიქოვანი და გიორგი კაკაბაძე გესაუბრებიან.

განსაკუთრებულ აგრესიულობას ავლენს რუსეთის სახელმწიფო დუმის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი შიშკარევი, რომლის წერილს 26 სექტემბრის “როსიისკაია გაზეტა” ბეჭდავს. თავდაპირველად აღსანიშნავია, რომ ავტორი აშკარა დეზინფორმაციას აწვდის მკითხველს, როცა წერს: “მხოლოდ უკანასკნელი წელიწადნახევრის განმავლობაში საქართველოში 150-ზე მეტი უცხოელი გაიტაცეს. მათი უმრავლესობა დაიღუპა, დანარჩენები პანკისის ხეობაში წაიყვანეს”.

ავტორი დაასკვნის, რომ “ეს შემზარავი დანაშაულები ძალის გამოყენების ჭეშმარიტ სამართლებრივ საფუძვლებს უქმნის რუსეთს, ოღონდ არავითარ შემთხვევაში არა სუვერენული სახელმწიფოს, არამედ საქართველოში მყოფი ტერორისტების წინააღმდეგ”.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, შიშკარევი, მაგალითად, წერს: “უკანასკნელ ხანს პანკისის ხეობაში მოვლენების დეტექტიური განვითარება იწვევს მტკიცე შეგრძნებას, რომ შევარდნაძე განაგრძობს ჯერ კიდევ წარსულიდან ცნობილ თამაშებს რუსეთთან. იმ მცირე განსხვავებით, რომ ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი თავისი ხელქვეითების დახმარებით ცდილობს, მსოფლიო საზოგადოებრიობის ყურადღება თავის კომბინაციებს მიაპყროს”.

ავტორის თქმით, “ცდილობს რა ხელისუფლებაში დარჩენას, შევარდნაძე მელასავით ეშმაკურად იქცევა და ერის ყურადღების აქცენტი შიდა ფაქტორიდან გარე ფაქტორზე მოერხებულად გადააქვს. რუსეთის მისამართით განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმებით იგი ჯერ კიდევ ცდილობს, რომ კომპენსაცია გაუკეთოს თავისი პოზიციების უიმედო, კატასტროფულ დაცემას ქვეყნის შიგნით”.

“როსიისკაია გაზეტა” აგრეთვე გვამცნობს, რომ შიშკარევის აზრით, “ამერიკელთა მიერ შევარდნაძის ყველა წამოწყების ერთსულოვანი მხარდაჭერა განპირობებულია აშშ-ის ყბადაღებული გეოსტრატეგიული ინტერესებით კავკასიის რეგიონში და, პირველ რიგში, კასპიის ენერგეტიკული რესურსების გამოყენების შესაძლებლობით”.

პანკისის პრობლემის გარშემო საუბრობს 27 სექტემბრის გაზეთ “კომერსანტის” ფურცლებზე იჩქერიის პრეზიდენტის წარმომადგენელი ახმედ ზაკაევი, რომლის თქმით, “განცხადებები იმის თაობაზე, რომ ბოევიკები პანკისის ხეობიდან მოვიდნენ, მხოლოდ საბაბია აგრესიული მოქმედებებისთვის საქართველოს წინააღმდეგ”.

ზაკაევი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთის საზღვრიდან პანკისის ხეობამდე დაახლოებით 200 კილომეტრია და იმეორებს, რომ რუსეთის განცხადებები ერთადერთ მიზანს ემსახურება.

“ სამხედროები დიდი ხანია მიხვდნენ, რომ ჩეჩნების წინააღმდეგობას ვერ დაძლევენ და ამიტომ ცდილობენ, მთელი პასუხისმგებლობა საქართველოს გადააბრალონ”, ამბობს იგი.


“კომერსანტის” ამავე ნომერში გამოქვეყნებული გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ რესპონდენტთა ნაწილი ემხრობა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვას, დანარჩენებისთვის კი ეს სრულიად მიუღებელია. მაგალითად, რუსეთის დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, ბორის პასტუხოვის აზრით, უკანასკნელი მოვლენები ადასტურებს პანკისის ხეობაში ტერორისტთა ბუდის ლიკვიდაციის აუცილებლობას.

ტელეჟურნალისტი ოლგა რომანოვა კი მიიჩნევს, რომ ბოევიკების გარღვევა ინგუშეთში მხოლოდ საბაბია და მეტი არაფერი. მისი თქმით, “სწორედ რუსეთს უნდა დაესვას კითხვა, თუ რატომ გაჩნდნენ ინგუშეთში ბოევიკები, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან”.

“არ გამიკვირდება, თუ ამავე ლოგიკით, ხვალ ლიტვასა ან პოლონეთთან დავიწყებთ ომს იმიტომ,რომ ჩვენებს კალინინგრადში ავიწროვებენ”, ამბობს ტელეჟურნალისტი.
XS
SM
MD
LG