Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ენერგეტიკული გაუგებრობა საქართველოში


კოშმარული ზამთრის შიში საქართველოს მოსახლეობის ქრონიკულ ავადმყოფობად იქცა, რომელიც გამწვავებას, როგორც წესი, შემოდგომაზე იწყებს ხოლმე და წელსაც, რა თქმა უნდა,

სწორედ ასე მოხდა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. თუკი შექმნილ ქაოტურ სიტუაციას გავითვალისწინებთ, მომავალი ზამთარი, შეიძლება გასულზე უარესიც აღმოჩნდეს. გესაუბრებათ ლელა კუნჭულია.

გამოზამთრების გლობალური პროგრამა, რომლისთვისაც ზაფხულში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა დავით მირცხულავამ მასზე განაწყენებული პრეზიდენტის ქებაც კი დაიმსახურა, აშკარად ვერ სრულდება. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დღემდე გაურკვევლად რჩება მრავალტანჯული მე-9 ენერგობლოკის ბედი, მაშინ, როცა პროგრამის მიხედვით ის, თითქოს და, სექტემბერში უნდა ამუშავებულიყო. ერთი სიტყვით, იმისათვის, რომ გამოვიზამთროთ, ხსენებული პროგრამა, ასე ვთქვათ, სერიოზულ პოლიტ-ეკონომიკურ ჩარევას მოითხოვს.

დიდი მარჩიელობა არ სჭირდება იმას, რომ გაზმომარაგების სფეროს ბურთი და მოედანი მომავალ ზამთარსაც რუსულ “იტერას” დარჩება. საქართველოს მთავრობის მიერ დიდად პატივცემული ეს კომპანია, ცხადია, ბუნებრივი აირის ერთადერთი მომწოდებლის სტატუსს კვლავაც მოხერხებულად მოიშველიებს და ცივ სეზონს, როგორც ყოველთვის, თავისი მიზნების მისაღწევად გამოიყენებს. შეგახსენებთ, რომ პრივილეგიების განმტკიცებას ის, ამ ეტაპზე, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება “იტერა-ჯორჯიას” შექმნით ცდილობს და ამ ერთობლივი საწარმოს 51-პროცენტიანი წილის, ანუ ძალიან მსუყე ლუკმის გადაყლაპვაზე ოცნებობს.

ძლიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, ამ ოცნების ახდენა “იტერას” ალბათ არ გაუჭირდება. მითუმეტეს, რომ მას საქართველოს მთავრობა და თავად პრეზიდენტიც კი გულშემატკივრობს. როგორც კომპანიის წარმომადგენელი საქართველოში თამაზ პატარიძე აღნიშნავს, მხარეებს შორის აქტიური კონსულტაციები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. თუმცა, როგორც არ უნდა გაუმართლოს “იტერას”, ერთობლივი საწარმოს შექმნა, როგორც ჩანს, მომავალი წლის მაისამდე მაინც ვერ მოხერხდება.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, საქართველოს გაზმომარაგების საკითხი, ანუ მომავალი ზამთრის სირბილე დიდად იქნება დამოკიდებული ზემოთხსენებული კონსულტაციების შედეგებზე. შეიძლება ითქვას, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რუსეთი საქართველოს არა პირდაპირი, არამედ მოხერხებული, ირიბი მეთოდით ემუქრება და “იტერა-ჯორჯიას” შექმნის ალტერნატივად მიმდინარე (თუ წლების განმავლობაში დაგროვილი) ვალების პუნქტუალურ გადახდას სთხოვს. მოგეხსენებათ, რომ ამგვარი მძიმე პირობის შესრულება ქართულ მხარეს ძალიან გაუჭირდება და, ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ ვერც კი შეძლებს, ხოლო “იტერა” გაზის ონკანის გადაკეტვას, ცხადია, არ დააყოვნებს. ერთი სიტყვით, საქართველოს ამ ზამთარსაც (და კიდევ ალბათ - დიდხანს) რუსული კომპანიის სურვილებზე მოუწევს სიარული.

პარალელურად, საოცრად მწვავე და აქტუალურია ელექტროენერგიის თემაც. ხსენებული სიმწვავე ბოლო პერიოდში თვალნათლივ გამოჩნდა საბითუმო ბაზარსა და AES-თელასს შორის დაძაბული ფინანსური ურთიერთობის ფონზე. საქართველოს რეგიონების მოსახლეობა შეშფოთდა: თუკი ელექტროენერგიის გარეშე თვით დედაქალაქი შეიძლება დარჩეს, ჩვენ უკეთესს რაღას უნდა მოველოდეთო...

შეგახსენებთ, რომ მოდავე მხარეებს შორის საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ჩადგა, რომელმაც საბითუმო ბაზრის მხარე დაიჭირა და AES-თელასს 13, 7 თეთრამდე გაზრდილი ტარიფის ამოქმედების ვადა (რაც, წესით, 1 ოქტომბრით განისაზღვრებოდა) მკაცრად შეუჩერა. იმედია, AES-თელასი საბითუმო ბაზრისთვის 26 მილიონი ლარის გადახდას არ დააყოვნებს, თორემ თბილისის ჩაბნელებას თბილისელების ანთება შეიძლება მოჰყვეს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG