Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი ერაყის მიმართ ახალი რეზოლუციის მიღებას მოითხოვს


ანდრო ეული, პრაღა რთული არჩევანის წინაშე დადგა შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია მას შემდეგ, რაც სამშაბათს, ვენაში, გაეროსა და ერაყის ოფიციალური

წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაეროს განიარაღების საერთაშორისო კომისია ერაყში თავისი საქმიანობას განაახლებს. მაგრამ შეთანხმება არ ითვალისწინებს ერაყის პრეზიდენტის იმ 8 ობიექტის შემოწმებას, სადაც, ექსპერტთა ვარაუდით, მასობრივი განადგურების იარაღი შეიძლება იყოს დამალული.

თეთრი სახლის ადმინისტრაცია გაეროს უშიშროების საბჭოს მოუწოდებს, მიიღოს ახალი რეზოლუციის პროექტი, რომელიც დაავალდებულებს ერაყს, ქვეყნის ტერიტორიაზე მდებარე ნებისმიერი ობიექტის შემოწმების შესაძლებლობა მისცეს განიარაღების ექსპერტებს; ხოლო თუ ბაღდადი ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, მის წინააღმდეგ სამხედრო ძალა იქნება გამოყენებული.

მოელიან, რომ ხსენებული რეზოლუციის პროექტი, რომლის ტექსტი სამშაბათს მიიღო რეიტერის სააგენტომ, ამ კვირის ბოლოს წარედგინება განსახილველად 15-წევრიან უშიშროების საბჭოს. როგორც ამ დოკუმენტშია ნათქვამი, ვიდრე განიარაღების ექსპერტები, 1998 წლის დეკემბერში რომ დატოვეს ერაყი, ამ ქვეყანაში დაბრუნდებოდნენ, ბაღდადმა, 7 დღის განმავლობაში, ოფიციალური თანხმობა უნდა მისცეს გაეროს რეზოლუციის ყველა პირობის შესრულებაზე. მომდევნო 30 დღეში ერაყმა უნდა წარმოადგინოს თავისი მასობრივი განადგურების იარაღის ნუსხა და ამ იარაღთან დაკავშირებული მასალებისა და კომპონენტების სრული სია. ამის შემდეგ, გაეროს განიარაღების კომისია ერაყში თავის საქმიანობას შეუდგება.

თუ ერაყი თავისი მასობრივი განადგურების არსენალის შესახებ ყალბ ინფორმაციას წარმოადგენს, გაეროს წევრი ნებისმიერი სახელმწიფო უფლებამოსილი იქნება, სამხედრო ძალა გამოიყენოს ბაღდადის წინააღმდეგო, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა განაცხადა, რომ დაუშვებელია განიარაღების ექსპერტთა საქმიანობის განახლება ერაყში, ვიდრე უშიშროების საბჭო არ შეიმუშავებს ახალ განაწესს ერაყის სამხედრო ობიექტების შესამოწმებლად და კონკრეტულად არ განსაზღვრავს იმ შედეგებს, რაც ბაღდადის მიერ გაეროს მოთხოვნის შეუსრულებლობას მოჰყვება. ”ყველას კარგად მოეხსენება, რომ შემოწმების უწინდელი რეჟიმი უშედეგო იყო” – განაცხადა კოლინ პაუელმა.

შეერთებული შტატებისა და ბრიტანეთის მიერ მომზადებული რეზოლუციის პროექტი განსახილველად გადაეცა უშიშროების საბჭოს დანარჩენ მუდმივ წევრებს: ჩინეთს, რუსეთსა და საფრანგეთს. სამივე ეს ქვეყანა წინააღმდეგია იმისა, რომ რეზოლუციის პროექტში სამხედრო ძალის გამოყენებაა გათვალისწინებული იმ შემთხვევისთვის, თუ ერაყი არ მოისურვებს განიარაღებას.

ერაყის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ თარიქ აზიზმა 2 ოქტომბერს, ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე, ”მიუღებელი” უწოდა შეერთებული შტატების მოთხოვნას, რომ გაეროს უშიშროების საბჭომ ერაყის საკითხზე ახალი რეზოლუცია მიიღოს. ასე რომ, დაპირისპირება გრძელდება.
XS
SM
MD
LG