Accessibility links

იუგოსლავიის ორი ყოფილი ლიდერის დაპირისპირება ჰააგის სამხედრო ტრიბუნალზე


სამშაბათს ჰააგაში, გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე შეკრებილები უჩვეულო სცენის მოწმე გახდნენ: სასამართლოს დარბაზში ერთმანეთისგან სულ რამდენიმე მეტრის დაშორებით იჯდა ორი

ყოფილი პრეზიდენტი - სტიპე მესიჩი, ხორვატიისა და იუგოსლავიის ყოფილი ლიდერი, და სლობოდან მილოშევიჩი – ჯერ სერბიის, ხოლო მოგვიანებით იუგოსლავიის პრეზიდენტი. თუმცა მესიჩი მოწმის სკამზე იჯდა, მაშინ როცა მილოშევიჩს ამჯერადაც ბრალდებულის სკამი ერგო: 26 სექტემბრიდან მიმდინარეობს მის წინააღმდეგ მიმართული პროცესის მეორე ნაწილი, რომელიც ხორვატიასა და ბოსნიაში ჩადენილ დანაშაულებს ეხება. და აი, სამშაბათს, მილოშევიჩის პროცესზე პირველად მისცა ჩვენება მასავით ყოფილმა სახელმწიფოს მეთაურმა.

როგორც ჰააგიდან იუწყებიან, სტიპე მესიჩი თავს არიდებდა მილოშევიჩისათვის თვალის გასწორებას. ის მშვიდად იჯდა და პასუხობდა შეკითხვებს, რომელთაც გაეროს ბრალმდებლები უსვამდნენ მილოშევიჩის პოლიტიკის შესახებ ხორვატიაში ომის დაწყებამდე, ანუ 1991 წლამდე. თუმცა, მესიჩის პასუხები არა მარტო ჰააგის ტრიბუნალზე მოღვაწე იურისტებისათვის გამოდგა საინტერესო: მან ხომ მძიმე ბრალდებები წაუყენა ყოფილ კოლეგას – კერძოდ, მესიჩის ვერსიით, მილოშევიჩის მიზანი იყო იუგოსლავიისთვის ბოლოს მოღება და მის ნანგრევებზე დიდი სერბიის შექმნა: ამ მიზანს, ისევ მესიჩის მტკიცებით, ექვემდებარებოდა ყველა დანარჩენი პოლიტიკური მიზანი, იქნებოდა ეს იუგოსლავიის არმიაზე კონტროლის დამყარება თუ ეთნიკური წმენდა ხორვატიასა და ბოსნიაში.

სხვათა შორის, ამ საკითხში სტიპე მესიჩის მოსაზრებები განსაკუთრებით საყურადღებოა, ვინაიდან ის არა მარტო ხორვატიის პრეზიდენტი იყო, არამედ – 91 წელს იუგოსლავიის დაშლამდე – ამ ქვეყნის მორიგე პრეზიდენტის თანამდებობაც ეკავა. აი, როგორ შეაფასა მან მოვლენები, რომელიც ხორვატიაში ომის დაწყებას უძღოდა:

[სტიპე მესიჩის ხმა] ”მილოშევიჩმა თქვა, რომ სლოვენიასა და ხორვატიას უნდა მისცემოდათ იუგოსლავიისგან გამოყოფის შესაძლებლობა. ჩვენ ვიცით, რატომ თქვა ეს. იმიტომ, რომ სლოვენიაში ადგილობრივი სერბები არ არიან. მან თქვა, იუგოსლავიიდან გავიდეს ხორვატიაც, ოღონდ არა სერბები, რომელთაც ხორვატიაში დარჩენა სურთო. ასე რომ, ხორვატიას გამოყოფის უფლება ეძლეოდა, ოღონდ იმ ტერიტორიების გარეშე, სადაც სერბები სახლობდნენ.”

სწორედ ამ სერბების ძალადობისაკენ წაქეზება, მათთვის იარაღისა და ფულის მიწოდება, აგრეთვე, იუგოსლავიის არმიის სერბული ინტერესების სამსახურში ჩაყენება იყო ზომები, რომლებიც მილოშევიჩმა – მაშინ სერბიის პრეზიდენტმა –, ხორვატიაში საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე მიიღო; სამშაბათს, უმთავრესად, ამ ბრალდებებისაგან შედგებოდა მოწმე სტიპე მესიჩის ჩვენება. თუმცა, ბრალდებებს ვერც თავად მესიჩი გადაურჩა: მილოშევიჩმა, მას შემდეგ, რაც ყურადღებით მოუსმინა მაღალი რანგის მოწმეს, მას ”ბოროტმოქმედი” უწოდა და მესიჩი იქით დაადანაშაულა იუგოსლავიის დაშლის ხელშეწყობაში.

ურთიერთბრალდებები ამით არ ამოწურულა: ოთხშაბათს ორი ყოფილი პრეზიდენტი კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ერთმანეთის პირისპირ და სლობოდან მილოშევიჩმა (საკუთარი თავის ვექილმა) ჯვარედინ დაკითხვაზე საკმაოდ უხერხული შეკითხვით მიმართა სტიპე მესიჩს: როგორ მოხდა, რომ იმხანად ხორვატიის პარლამენტის თავმჯდომარემ არაფერი იცოდა ხორვატების მიერ ბოსნიაში ჩადენილი დანაშაულების შესახებო?

შეგახსენებთ, რომ სლობოდან მილოშევიჩისათვის წაყენებული ბრალდება, რომელსაც გაეროს სამხედრო ტრიბუნალზე ამჟამად განიხილავენ, 61 მუხლს მოიცავს, მათ შორის ხორვატიასა და ბოსნიაში სამხედრო დანაშაულებისა და გენოციდის ბრალდებებს.
XS
SM
MD
LG