Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ გააუჩინარა რუსულმა მედიამ ასლან აბაშიძე


საქართველო რუსული მედიის ყურადღების ცენტრში რჩება, ამჯერად, ასლან აბაშიძის უზგო -უკვლოდ გაუჩინარების თემით. კოსმოსური კვლევის ცენტრის მიწვევით,

აბაშიძის ამერიკის შერთებულ შტატებში გამგზავრება რუსულმა პრესამ მორიგი მძაფრსიუჟეტიანი ამბის გავრცელებისთვის გამოიყენა. ამ უკანასკნელის მიხედვით, ასლან აბაშიძე, რომელიც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტიდან უვნებლად გამოსვლასა და საქართველოს ხელისუფლებაში ამაღლებას ლამობს, შეერთებულ შტატებშია თუ სადმე სხვაგან, არავინ იცის. აჭარის ლიდერის იდუმალი გადაადგილების ვერსიის გავრცელება “აღორძინების” წევრებმა ასლან აბაშიძის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის ნაწილად მიიჩნიეს, თუმცა ყველაფერი საქართველოს წინააღმდეგ კამპანიის ჩარჩოებში უფრო ჯდება. როგორც ჩანს, რუსეთში აბაშიძესა და შევარდნაძეს შორის ურთიერთობის მორიგი გამწვავებით სარგებლობენ.


ცნობა ასლან აბაშიძის საქართველოდან გაქცევის შესახებ რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა ”ნეზავისიმაია გაზეტაში” გამოქვეყნებულ სტატიაზე დაყრდნობით გაავრცელეს. სტატიის თანახმად, ასლან აბაშიძეს ბათუმი ედუარდ შევარდნაძის ორშაბათის ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ანუ პრეზიდენტის განცხადების გახმაურებისთანავე, დაუტოვებია. და აი, რა თქვა პრეზიდენტმა:

[ედუარდ შევარდნაძის ხმა] “ეხლა არ არის თვითონ ბათუმში. წასულია მეტად საჭირო საქმეზე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მის მისიას მივესალმები, მაგრამ შემდეგში მისი მისიის შესრულება, როგორც საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლისა, დიდად იქნება დამოკიდებული თბილისში მის ჩამობრძანებაზე.”

როგორც ვხედავთ, “ნეზავისიმაია გაზეტა” უზუსტობას უშვებს. ედუარდ შევარდნაძის განცხადების მიხედვით, აჭარის ლიდერს ბათუმი გასულ ორშაბათამდე უნდა დაეტოვებინა. ცალკე თემაა, რამდენად არაზუსტია სტატიის ის ნაწილიც, სადაც მოსკოვში უკანასკნელად ყოფნისას ასლან აბაშიძისთვის საქართველოს პრეზიდენტობის შეთავაზებაზეა საუბარი: “აჭარის ლიდერს დაანახვეს, რომ მოსკოვი მას საქართველოს მომავალ ლიდერად განიხილავს. აბაშიძე გამოუვალ მდგომარეობაში მოექცა. ერთია, რომ ის არ ემორჩილება ცენტრს, მეორე მხრივ, ის არავინაა საერთაშორისო საზოგადოების თვალში. მოსკოვი აპირებს ასლან აბაშიძე საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს და შეთავაზებული წინადადება მისთვის იმდენად სერიოზულია, რომ აჭარის ლიდერმა გადაწყვიტა “ჰოსა” თუ “არაზე” საქართველოსა და რუსეთისგან მოშორებით იფიქროს.”

შეგახსენებთ: ოფიციალური ინფორმაციით, ასლან აბაშიძე ოკეანის გაღმა კოსმოსური კვლევის ცენტრის “ნასას” მიწვვეით გაემგზავრა. იქ ის ოთხშაბათს “ატლანტისის” კოსმოსში გაშვების ცერემონიალს უნდა დასწრებოდა, მით უფრო, რომ რუსულ-ამერიკული ეკიპაჟის წევრი ბათუმში დაბადებული კოსმონავტია და, მართალია, “ნეზავისიმაია გაზეტას” მიერ მითითებულ წინადადებაზე დაფიქრება კოსმოსში გაფრენას ჰგავს, რატომ დადგა ეჭვქვეშ აჭარის ლიდერის კოსმოსში გასვლის ღონისძიებაზე დასწრება, გაუგებარია. ასლან აბაშიძის თანაგუნდელები “ნეზავისიმაია გაზეტას” სტატიით აღშფოთებულები არიან და აცხადებენ, რომ მასში ქართული აზროვნებისა და სახელმწიფო კანცელარიის გავლენა იკითხება.

უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებით კი, ძნელი წარმოსადგენია რუსეთის პრესა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის კარნახით მოქმედებდეს. ის უფრო თბილისისა და ბათუმის სერიოზულ წაკიდებას უნდა ცდილობდეს.

აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსის შენარჩუნებისთვის აჭარის ლიდერს თბილისში ჩამობრძანება მართებს, მაგრამ, სავარაუდოა, რომ ის თბილისში არ ჩამოვა. ასლან აბაშიძემ აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების საკუთარი ხედვა სახელმწიფო კანცელარიაში ამას წინათ გამოგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა. ამ წერილზე შევარდნაძეს ჯერ არ უპასუხია. აფხაზეთის პრობლემის გადაჭრის ახალი იდეები მას შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში რუდოლფ პერინამ გააცნო. ეს იდეები პრესისთვის დახურული რჩება.
XS
SM
MD
LG