Accessibility links

logo-print

რით არის განპირობებული თევზაძისა და ხაბურძანიას გასაიდუმლოებული ვიზიტები სომხეთში?


პანკისის ხეობაში მიმდინარე ანტიკრიმინალური სპეცოპერაციის გამო, საქართველოს ეგრეთ წოდებული ძალოვანი სამინისტროების ყველა ხელმძღვანელმა საზღვარგარეთის ქვეყნებში დაგეგმილი ვიზიტები გადადო.

თუმცა ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში ჯერ საქართველოს თავდაცვის, შემდეგ კი უშიშროების მინისტრები გასაიდუმლოებულ ვითარებაში ესტუმრნენ, მეზობელი სომხეთია. ვალერი ხაბურძანია ერევანში მეორე დღეა იმყოფება. ამ ვიზიტის შესახებ ინფორმაციის მისაღებად სომხეთის გავლენიანი საინფორმაციო სააგენტო "არმენინფოს" გენერალურ დირექტორს დავუკავშირდი და შევეცადე, აგრეთვე, გამერკვია, თუ რით არის განპირობებული თევზაძისა და ხაბურძანიას გასაიდუმლოებული ვიზიტები სომხეთში.

საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია ერევანში თავისი კოლეგის კარლ სარქისიანის მიწვევით იმყოფება. უშიშროების სამინისტროს მიერ ამ ვიზიტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია, როგორც ყოველთვის, უკმარისობის გრძნობას იწვევს თუნდაც იმიტომ, რომ მასში არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, განიხილავენ თუ არა უშიშროების მინისტრები ჯავახეთის პრობლემას – ჯავახეთისა, სადაც დესტაბილიზაციის საფრთხე პერმანენტულად არსებობს.

კიდევ უფრო გაურკვეველ მდგომარეობაში არიან სომხეთის მედიის წარმომადგენლები, რომლებიც ავრცელებენ ცნობას ვალერი ხაბურძანიას ერევანში ყოფნის თაობაზე. თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში საინფორმაციო სააგენტო "არმენინფოს" გენერალურმა დირექტორმა ემანუელ მკირტიჩიანმა განაცხადა, სომხეთის უშიშროების სამინისტროსგან მათ ამ ვიზიტის შესახებ არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ მიუღიათ. ასეთი გასაიდუმლოების მიზეზს კი მკრტიჩიანი რუსეთ-საქართველოს შორის ბოლო დროს გართულებული ურთიერთობით ხსნის, რაც, მისი თქმით, გარკვეულ შეშფოთებას იწვევს სომხეთის, როგორც რუსეთის ფედერაციის სტრატეგიული მოკავშირის, პოლიტიკურ წრეებში. მეორე მხრივ, სომხეთის ხელმძღვანელობას კარგი ურთიერთობა აქვს საქართველოსთან. ამიტომ ამ დაპირისპირებაში ერევანი პოზიტიური როლის შესრულებას იმით ცდილობს, რომ ხელს უწყობს დიალოგის განახლებას რუსეთისა და საქართველოს ოფიციალურ ხელმძღვანელებს შორის.

სააგენტო "არმენინფოს" გენერალური დირექტორის დაკვირვებით, შესაძლოა სწორედს ეს იყოს ხაბურძანიას ვიზიტის ნამდვილი მიზეზი და იგი, როგორც დავით თევზაძის შემთხვევაში მოხდა, მოგვიანებით გახდება ცნობილი. აქვე მკრტიჩიანმა სენსაციური განცხადება გააკეთა ერევანში დავით თევზაძისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აპარატის უფროსის ალექსანდრ ვალოშინის საიდუმლო შეხვედრის შესახებ.

[ემანუელ მკირტიჩიანის ხმა] "არ დაგავიწყდეთ, რომ იმხანად სომხეთში იმყოფებოდა ბატონი ვალოშინი. იგი, სომხეთის ხელმძღვანელობასთან ერთად, რა თქმა უნდა, ორ ქვეყანას შორის არსებულ პრობლემებს განიხილავდა, მაგრამ მისი ჩამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან შეხვედრა გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ არც მაშინ გავრცელებულა ოფიციალური ინფორმაცია, ჩვენ აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს შეხვედრა ნამდვილად გაიმართა და მასზე სწორედ ეს გამწვავებული ვითარება განიხილებოდა."

ერთადერთი, რაშიც ემანუელ მკირტიჩიანს გულწრფელად ეპარება ეჭვი, მისივე სააგენტოს მიერ ოთხშაბათს გავრცელებული სენსაციური ინფორმაციაა: "არმენ ინფოს" ინკოგნიტო კორესპონდენტმა ინგუშეთის სოფელ გალაშკისთან გამართული ბრძოლების შემდეგ მოუხელთებელი ჩეჩენი საველე მეთაურის რუსლან გელაევისა და მისი ორასკაციანი რაზმის კვალი უკვე ჯავახეთში, სადღაც ვარძიის მიდამოებში, აღმოაჩინა.
XS
SM
MD
LG