Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირი პიტერ შოუს გათავისუფლებას ითხოვს


სოზარ სუბელიანი, თბილისი 1 ოქტომბერს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრთა სხდომაზე მიღებულ იქნა კომუნიკე, რომელიც საქართველოს ხელისუფლებისგან კატეგორიულად მოითხოვს,

დროზე გათავისუფლდნენ მძევლობიდან გატაცებული ევროპის ქვეყნების მოქალაქეები. ევროკავშირი საქართველოს დახმარების შეწყვეტითა და იმ მიზნობრივი პროგრამების შეჩერებით ემუქრება, რომელთა მოცულობაც მომავალი წლისთვის 46 მილიონ ევროს შეადგენს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს ტერიტორიაზე 5 ადამიანია გატაცებული, რომელთაგან უცხოელი მხოლოდ ერთი პიროვნება – ბრიტანელი ბიზნესმენი პიტერ შოუ გახლავთ. სწორედ პიტერ შოუს ბედი იყო მთავარი თემა, რომელსაც საქართველო-ევროკავშირის მეოთხე სხდომის დღის წესრიგი მიეძღვნა.

საქართველოში ადამიანის გატაცების ოფიციალური და არაოფიციალური სტატისტიკა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. სავსებით ცხადია, რომ ის ხმაურიანი გატაცებები, რომლებიც საზოგადოების ყურამდე აღწევს, ოფიციალურ სტატისტიკაშიც აღირიცხება, თუმცა არის უამრავი დანაშაული, რომლებიც ოფიციალური აღრიცხვის მიღმა რჩება მაშინაც კი, როცა ამგვარი ფაქტების შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებსაც აქვთ. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ ერთ სოფელში, თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში, 2001-2002 წლებში ფულის გამოძალვის მიზნით 5 ადამიანი გაიტაცეს და ადგილი ჰქონდა ადამიანის გატაცების ორ მცდელობას, მაშინ, როცა არაოფიციალური სტატისტიკა ამ რიცხვს თითქმის ორჯერ აღემატება. გატაცებულთა ერთი ნაწილი ახერხებს მონახოს საერთო ენა გამტაცებლებთან, გადაიხადოს გამოსასყიდი და სამართალდამცავი ორგანოების გვერდის ავლით გამოიხსნას თავი. მართალია, უმრავლეს შემთხვევაში მომხდარის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ სტრუქტურებსაც აქვთ, მაგრამ საქმის აღძვრისგან ისინიც თავს იკავებენ.

მთლიანობაში, ბოლო წლებში ადამიანის გატაცების ოფიციალური სტატისტიკა ასე გამოიყურება: შარშან, 2001 წელს, დაფიქსირდა ყველაზე მეტი ფაქტი – 69 გატაცება, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლების საშუალო მონაცემს. კერძოდ, 2000 წელს ოფიციალურად აღრიცხულია ადამიანის გატაცების 33 შემთხვევა, 1999 წელს – 28, 1998 წელს კი – 29 შემთხვევა. უფრო წინა პერიოდში სტატისტიკა ისევ უარესდება: 61 გატაცება აღირიცხა 1997 წელს, 52 – 1996 წელს და 59 გატაცება – 1995 წელს.

ამჟამად ტყვეობაში მყოფი 5 ადამიანიდან ორი პიროვნება – ლევან კალაძე და ბერი ბასილ მაჩიტაძე ჯერ კიდევ გასულ წელს, 23 მაისს და 18 ნოემბერს, მოიტაცეს, პიტერ შოუ, ზურაბ დურგლიშვილი და თამუნა გოგინაშვილი კი - მიმდინარე წელს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის პაატა გომელაურის თქმით, სამინისტროს აქვს ინფორმაცია ზოგიერთი გატაცებულის შესახებ: [პაატა გომელაურის ხმა] “მე მინდა გითხრათ ბერი ბასილ მაჩიტაძისა და პიტერ შოუს შესახებ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გააკეთა განცხადება, რომ ისინი ცოცხლები არიან.”

უფრო მეტი ინფორმაციის გაცემისგან სამინისტრო თავს იკავებს, რადგან, გომელაურის თქმით, მეტი ინფორმაციის გაცემამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მძევლების სიცოცხლეს. ამავე დროს, უშიშროების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხსენებული მძევლები ჯერ კიდევ პანკისის ხეობაში უნდა იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება უკვე გათავისუფლებულ მძევლებს, გახმაურებული საქმეების უმრავლესობა გახსნილი არ არის. მაგალითად, ესპანელმა ბიზნესმენებმა ფრანცისკო როდრიგესმა და ანტონიო ტრევილიემ, რომელთაც 373 დღე გაატარეს ტყვეობაში, გათავისუფლების შემდეგ გატაცებაში ბრალი დასდეს მაღალი თანამდებობის პირებს – ანტიტერორისტული ცენტრის აწ უკვე ყოფილ უფროსს ლევან კენჭაძესა და თბილისის შინაგან საქმეთა სამმართველოს ასევე ყოფილ უფროსს კახა ბაკურაძეს. ეს ბრალდებები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა გასული წლის 14 თებერვალს პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე, სადაც მინისტრის მოადგილემ ზურაბ ჩხაიძემ უცხოელების მიმართ განხორციელებულ თავდასხმებში თავად უცხოელები დაადანაშაულა.
XS
SM
MD
LG