Accessibility links

logo-print

ვის ერგება პარლამენტის დეპუტატის 4 მანდატი


ცენტრალური საარჩევნო კომისიის განკარგულებით, თბილისის საბურთალოს, რუსთავის, სამტრედიისა და აბაშის ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში საქართველოს პარლამენტის წევრის ხელახალი

არჩევნების თარიღად მიმდინარე წლის 24 ნოემბერი განისაზღვრა. საპროცესო ვადების მიხედვით, დეპუტატობის კანდიდატთა წარდგენა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 15 ოქტომბრიდან დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გასტანს. ამდენად, ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რამდენად მწვავე იქნება წინასაარჩევნო კონკურენცია და რომელი 4 ახალი სახით გამდიდრდება საქართველოს პარლამენტის მაჟორიტართა გალერეა. ამ ეტაპზე უდავოა მხოლოდ ის, რომ გვიანი შემოდგომიდან საქართველოს უპირველესი საკანონმდებლო ორგანო სრული შემადგენლობით შეუდგება მუშაობას.

როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ვარაუდობენ, თითოეულ საარჩევნო ოლქში კენჭს, საშუალოდ, ათი კანდიდატი მაინც იყრის. თუმცა ორთაბრძოლის სიმწვავით ოთხივე საარჩევნო ოლქი ერთნაირად გამორჩეული ვერ იქნება და ამთავითვე შეიძლება დასახელდეს ოთხეულის ორი ლიდერი მაინც - რუსთავი და საბურთალო. ეს ორი ოლქი აღსანიშნავია როგორც სიდიდით, ისე პოლიტიკური აქტივობით: რუსთავის საარჩევნო ოლქში 54 უბანი და 86 000 ამომრჩეველია, საბურთალოს ოლქში კი - 42 უბანი და 66 500 ამომრჩეველი. ამ ორი ოლქის დაწყვილება შესაძლებელია სხვა კრიტერიუმითაც: როგორც რუსთავში, ისე თბილისის საბურთალოს რაიონში აწ უკვე უფლებაშეწყვეტილი მაჟორიტარი დეპუტატები, რეზო ადამია და მერაბ ტყეშელაშვილი , ეგრეთ წოდებული ჟვანიას გუნდის წევრები არიან. რეზო ადამია, მოგეხსენებათ, ამჟამად საქართველოს წარმომადგენელია გაეროში, მერაბ ტყეშელაშვილი კი - ქალაქ რუსთავის მერი. შესაბამისად, რუსთავში, დღევანდელი ვითარებით, პოლიტიკურ ძალთა განსაკუთრებული მობილიზაცია ტყეშელაშვილის კანდიდატის ჩასაძირად იქნება მიმართული, თუ ამგვარი ვინმე დასახელდა და, სავარაუდოდ, დასახელდება კიდეც. ასეთ კონფრონტაციულ ფონზე საგრძნობლად იზრდება ლეიბორისტული პარტიის წევრის მერაბ გორდეზიანის შანსები. მერაბ გორდეზიანი 2 ივნისის ადგილობრივ არჩევნებში მერის თანამდებობაზე იყრიდა კენჭს და, დამარცხების მიუხედავად, 5000 ხმით მეორე ადგილზე გავიდა. მართალია, მეორე ადგილის საპრიზო მნიშვნელობა ამგვარ არჩევნებში აზრს კარგავს, მაგრამ სხვა მხრივ, ფაქტია, რომ რუსთავიდან საქართველოს პარლამენტის დეპუტატობის ყველაზე აშკარა პრეტენდენტი დღეისათვის სწორედ ბატონი გორდეზიანია. სხვათა შორის, არ გამორიცხავენ, რომ გუბერნატორმა მამალაძემ სწორედ ლეიბორისტთა წარმომადგენელს დაუჭიროს მხარი – ანუ რუსთავის პოლიტიკურ სარბიელზე ყველა ერთის წინააღმდეგ დაირაზმება, რათა ჟვანიას გუნდის წარმატება ამჯერად მაინც არ დაუშვან.
ჯერჯერობით ძნელად იკვეთება საბურთალოს საარჩევნო ოლქის კანდიდატთა საერთო სურათი, თუმცა კულუარებში მაინც ასახელებენ ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატს - თავისუფლების ინსტიტუტისა და ანტიკორუფციული საბჭოს წევრს გივი თარგამაძეს, რომელიც ამ საკითხზე კომენტარს კატეგორიულად არიდებს თავს. გივი თარგამაძისგან განსხვავებით, მკაფიო კომენტარი მოვისმინეთ სახელმწიფო ტელევიზიის პირველი არხის ყოფილი “ღამის მოამბის” წამყვანის, ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასაგან, რომელსაც, საზოგადოებაში გავრცელებული ინფორმაციით, სამტრედიის საარჩევნო ოლქში უნდა ეცადა ბედი. ინგა გრიგოლია უარყოფს 24 ნოემბრის არჩევნებში მონაწილეობის არათუ ფაქტს, სურვილსაც, იყოს ამ მოწვევის პარლამენტის წევრი.
აქვე შევნიშნავთ, რომ 24 ნოემბრის არჩევნების მეტ-ნაკლებად სრულფასოვნად ჩატარებისთვის პარლამენტი იძულებული იქნება გარკვეულ კომპორმისზე წავიდეს და შეაჩეროს საარჩევნო კანონის ის მუხლი, რომელიც 31 აგვისტოს შემდეგ დამტკიცებული საარჩევნო კომისიების სერტიფიცირებას ითხოვს. ამ საკითხზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ჯუმბერ ლომინაძის ინიციატივით, საქართველოს პარლამენტის სახელზე უკვე მომზადდა თხოვნის წერილი, რომელშიც შეღავათის მიზეზად არჩევნებამდე დარჩენილი დროის სიმცირე სახელდება.

დაბოლოს, პრობლემა, რომელიც არ ძველდება და რომელიც ბოლომდე თითქმის არც ერთი არჩევნებისთვის არ გვარდება: ცაიტნოტში მყოფი ცენტრალური საარჩევნო კომისია წერილს გზავნის ფინანსთა სამინისტროს მისამართითაც და საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხელახალი არჩევნებისათვის 212 414 ლარს ითხოვს.
XS
SM
MD
LG