Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შუა აზიის ქვეყნები და საქართველო - რუსეთის ურთიერთობა


სულ მალე დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტი გაიმართება მოლდავეთში, კიშინიოვში. ამ სამიტზე ერთმანეთს შეხვდებიან საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტები,

რომელთა შორის, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთობა არაკეთილგანწყობილია. ამ კვირაში ჩვენ უკვე გაგაცანით სომხეთისა და ბელორუსიის მთავრობათა დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი რუსეთისა და საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე.
დღეს შუა აზიის სახელმწიფოების ჯერი დადგა.
დავიწყოთ ყაზახეთით. ამ სახელმწიფოს ხელისუფლებას სექტემბერში საგანგებო ამბავი შეემთხვა. პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ეჭვმიტანილია საერთაშორისო მასშტაბის აფერაში, რომლის საზღვრები სცილდება ყაზახეთს და თანამეგობრობას. როგორი შეიძლება იყოს დღეს ნაზარბაევის მთავრობის პოზიცია საქართველოსა და რუსეთის მიმართ, რა ამოძრავებს მას, როცა ეს ქვეყანა საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ირჩევს? ამ თემაზე ჩვენი რადიოს ყაზახურენოვანი რედაქციის რედაქტორს მერხათ შარიფჯანს მოუსმინეთ [შარიფჯანის ხმა]:
“ყაზახეთის საგარეო პოლიტიკა, ნაზარბაევის მიერ მრავალვექტორიან პოლიტიკად გამოცხადებული, ჩემი აზრით, ძალის ცენტრებს შორის მანევრირების პოლიტიკაა. სექტემბრის მეორე ნახევარში ნიუ იორკის მანჰეტენის სასამართლომ გამოაცხადა, რომ ნაზარბაევს ვერ დაიცავს ეგრეთ წოდებული სუვერენული იმუნიტეტი, რისი მიღწევაც ყაზახეთის პრეზიდენტის დამცველებს სურდათ. ლაპარაკია ყაზახგეიტად წოდებულ საქმეზე, რომელშიც ნაზარბაევი ეჭვმიტანილია, მისი ეკონომიკური მრჩევლის შუამავლობით და მისივე ფირმების მეშვეობით, დიდი რაოდენობით ქრთამის აღებაში. ეს საქმე ორი წელია ძიებაშია და ახლანდელი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო. მალევე ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაეროში განაცხადა, რომ მისი ქვეყანა სრულიად ემხრობა რუსეთის პოზიციას ერაყის საკითხში. მინისტრმა თქვა, აგრეთვე: პანკისის საკითხში მხარეებმა მათთვის მისაღები მეთოდებით უნდა იმოქმედონო. ერთი დღის შემდეგ, მოულოდნელად გამართულ პრესკონფერენციაზე, ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა: ნავთობის დასავლეთში გასატანად ყაზახეთისთვის უფრო ხელსაყრელია ირანის და რუსეთის გავლით არსებული მილსადენები და ბაქო-თბილისი- ჯეიჰანი არ არის მისაღებიო. 1997 წლიდან იმეორებდა ნაზარბაევი ყველგან, რომ ბაქო-ჯეიჰანს ემხრობა, თუმცა ირანისა და რუსეთის გზები მისთვის უფრო ეკონომიურია; ემხრობა იმიტომ, რომ აშშ მეგობრული ქვეყანაა. აქედან ჩანს, რომ მრავალვექტორიანი პოლიტიკა, სხვა ინტერესებთან ერთად, ნაზარბაევის პირად ინტერესებს ეყრდნობა, რადგან ყაზახგეიტის სკანდალი არა მხოლოდ მის პოლიტიკურ კარიერას, არამედ პირად თავისუფლებას შეიძლება დაემუქროს”.
ეს იყო ჩვენი რადიოს ყაზახურენოვანი რედაქციის თანამშრომელი მერხათ შარიფჯანი.
რას ფიქრობს ყირგიზეთი, სახელმწიფო, რომელმაც ანტიტერორისტული გლობალური ომის დაწყებისას მოულოდნელად დამოუკიდებელი პოზიცია დაიკავა და ვაშინგტონს სრული მხარდაჭერა აღუთქვა? დაპირებას საქმეც მოჰყვა და ყირგიზეთის მთავრობამ დასავლეთს თავისი უდიდესი სამხედრო აეროდრომი დაუთმო. ასკარ აყაევს, ყირგიზეთის პრეზიდენტს, მოსკოვის უკითხავად გადადგმული ამ ნაბიჯისა თვითონაც შეეშინდა და მალევე, როცა ამერიკის თვითმფრინავები უკვე ავღანეთის თავზე დაფრინავდნენ, მოსკოვთან თავის მართლება დაიწყო. ტელეფონით დავუკავშირდით ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციას. მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელმაც არ ისურვა თავისი ვინაობის გამხელა, თქვა, რომ უცხოელ სამხედრო მოსამსახურეთა იქ ყოფნა არავითარ შემთხვევაში სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობას. ამიტომ ეს ფაქტი არ უნდა განვიხილოთ, როგორც შეერთებული შტატებისკენ ამ ქვეყნის გადახრა. ჩემმა რესპონდენტმა ისიც თქვა, რომ ყირგიზეთისთვის ქვეყნის სუვერენიტეტი მთავარია, საიდანაც ის უნდა დავასკვნათ, რომ ყირგიზეთი, არსებითად, არ ეთანხმება საქართველოს მიმართ რუსეთის უტიფარ პოზიციას - ძალას ვიხმარ, თუკი შენი ტერიტორიიდან დამემუქრებიანო . ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომელმა თავის თავს უწოდა მოხელე, რომელიც ოფიციალურ პოზიციას ეთერისთვის ვერ გაამჟღავნებს, მაგრამ მან, ამავე დროს, აყაევის დამოკიდებულება გამოხატა, როცა თქვა: საერთაშორისო სამართალი ნაციონალურ ინტერესებზე მაღლა დგასო. ყირგიზეთის მთავრობის მოხელე ერთობ ოპტიმისტურად არის განწყობილი კიშინიოვის სამიტზე შევარდნაძე-პუტინის შეხვედრის მიმართ. მისი წინასწარმეტყველებით, პრეზიდენტები ერთმანეთს რომ გაესაუბრებიან, ყველაფერი გაირკვევა.
განსაკუთრებული ურთიერობა აქვთ საქართველოსა და უზბეკეთს. ჩემი თანამოსაუბრე, ჩვენი რადიოს უზბეკური რედაქციის თანამშრომელი აბდულა ისკანდარი, ამბობს: უზბეკეთი პირველმა საქართველომ აღიარა როგორც სახელმწიფო, ამიტომ ეს ქართველებს უნდა დავუფასოთო. სამწუხაროდ, ამასთან ერთად, ისკანდარის აზრით, უზბეკეთის პოზიციას ორი სხვა ფაქტორი განსაზღვრავს.
[ისკანდარის ხმა]:
“პირველი არის პანკისი, სადაც რუსეთის თანახმად, ჩეჩენი მებრძოლები იმყოფებიან. უზბეკეთს კი მიაჩნია, რომ იქ, ჩეჩნებთან ერთად, არიან უზბეკეთის ისლამური მოძრაობის წევრები - ისინი, ვინც უზბეკეთის ახლანდელი მათავრობის იარაღით ჩამოგდებას ისახავენ მიზნად. ამიტომ ამ შემთხვევაში უზბეკეთი პრორუსულ პოზიციაზეა”.
უზბეკი ჟურნალისტის აზრით, კიდევ ერთი რამ განსაზღვრავს უზბეკეთის პრომოსკოვურ განწყობილებას. [ისკანდარის ხმა]:
“უზბეკეთი და მისი ჩინოვნიკები არსებობენ რუსული მასმედიის სივრცეში, რომელიც ერთობ ცალმხრივია. საგარეო საქმეთა მინისტრმა უზბეკური არ იცის, ის რუსულენოვანია.”
ჩემმა რესპონდენტმა ბოლოს თქვა: უზბეკეთს შეიძლება ჰქონდეს კიდევ ერთი პოზიცია, რომელიც აღმოსავლური ყაიდისაა - დუმილი, პოზიციის არქონაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG