Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სომხეთის შესაძლო პოზიცია კიშინიოვის სამიტზე


ერთ კვირაში დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების ლიდერები მოლდავეთის დედაქალაქ კიშინიოვში შეიკრიბებიან. სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი

უთუოდ იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის გაუარესებული ურთიერთობები. რა პოზიციას დაიკავებენ სამიტის მონაწილე ქვეყნები ამ საკითხში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მიმდინარე კვირის მანძილზე შევეცდებით. ციკლის პირველი გადაცემა სომხეთს ეძღვნება. ბიძინა რამიშვილის ზემოთ ნახსენებ შეკითხვას უპასუხებს რადიო "თავისუფლების" სომხური რედაქციის ერევნის ბიუროს თანამშრომელი, ჰრაჩ მელქუმიანი.

ჰრაჩ მელქუმიანი: ამ პრობლემაზე ძალიან ბევრი ითქვა და ბევრს მსჯელობდნენ სომხეთის პოლიტიკურ წრეებში. მაგრამ, შეიძლება ითქვას, სომხეთს ბოლოს და ბოლოს მაინც არ გამოუხატავს თავისი მკაფიო პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ანუ მკაფიოდ არ გამოთქმულა, რომელი ქვეყნის ინტერესებს დაუჭერს მხარს ერევანი კიშინიოვის სამიტზე. ეს დიპლომატიური ხასიათის ქცევა გასაგებია, ვინაიდან სომხეთს საქართველოსთანაც და რუსეთთანაც მეგობრული, მე ვიტყოდი, განსაკუთრებული ურთიერთობები აქვს. ფაქტობრივად, ურთიერთობების გაფუჭება არც რუსეთთან შეიძლება და არც საქართველოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე არ გაკეთებულა ოფიციალური განცხადებები, ოფიციალური წრეები აღნიშნავდნენ, რომ დაინტერესებული არიან, რომ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდეს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაპირისპირება არ მივიდეს სამხედრო მოქმედებებამდე. გარდა ამისა, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ამას წინათ მიანიშნა, რომ ვინაიდან სომხეთს ორივე მხარესთან კეთილმეზობლური ურთიერთობა აქვს, ერევანს შეუძლია შუამავლობა ამ საკითხის მოსაგვარებლად. თუმცა, პოლიტიკურ წრეებში არც ისე ეთანხმებიან მინისტრს. თავად მისმა მოადგილემაც კი აღნიშნა, რომ სომხეთს არა აქვს ასეთი შუამავლობის საერთაშორისო გამოცდილება. მაგრამ ჩვენ მაინც შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ პრობლემის მოგვარებასო.

არის კიდევ ერთი ფაქიზი მომენტი. ნუ დავივიწყებთ, რომ სომხეთის ტერიტორიაზე განლაგებულია რუსეთის სამხედრო ბაზა. მე დავინტერესდი, რა მოხდება, თუკი ეს ბაზა მიიღებს ბრძანებას, სამხედრო მოქმედებებში ჩაერიოს საქართველოს წინააღმდეგ. მაგრამ, როგორც რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშემ, ბატონმა ურინმა მითხრა, არც სამხედრო და არც პოლიტიკური თვალსაზრისით არა აქვს აზრი სომხეთში მდებარე სამხედრო ბაზის გამოყენებას. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აქ არ იმყოფება ისეთი საჰაერო ძალები, ბომბდამშენები, რომელთაც ექნებოდათ შესაძლებლობა დაებომბათ პანკისის ხეობა. სომხეთში მხოლოდ ავიაგამანადგურებელებია.

არ შეიძლება არ ვახსენო ჯავახეთის მომენტიც. საიდუმლო არ არის, რომ უკანასკნელი დღეების მანძილზე იქ ცდილობენ ვითარების გამწვავებას. ამ საკითხთან დაკავშირებით სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა თქვა, რომ გარეშე ძალებს სურთ საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია და ისინი ჯავახეთის გამოყენებასაც ცდილობენ, რათა ბზარი გააჩინონ საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობებში. მისი თქმით, ეს სომხეთისთვის დამღუპველი იქნებოდა. ყოველი ღონე უნდა ვიხმაროთ მოვლენების ასეთი განვითარების თავიდან ასაცილებლად. და ამიტომ უნდა ვეცადოთ, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ესკალაციას ბოლო მოეღოსო.
XS
SM
MD
LG