Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის აგრესია კოდორის ხეობაში - რეალური საფრთხე თუ ხელისუფლების დაშანტაჟების მცდელობა


რუსეთის პრეზიდენტის 11 სექტემბრის მუქარის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს საზოგადოება პანიკურმა შიშმა მოიცვა. საქართველოს ხელისუფლება კი, ნაცვლად იმისა,

რომ საფრთხეზე ადეკვატური რეაგირებით მოსახლეობას რწმენას უნერგავდეს, ყოველდღიურად თავად აკეთებს უსაფუძვლო განცხადებებს რუსეთის ახალ-ახალი საშიში სცენარების თაობაზე და ასეთ უცნაურ ქმედებას პრევენციას უწოდებს. ხუთშაბათს, საქართველოს ხელისუფლების ანონიმურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით, ერთბაშად რამდენიმე ქართულ გაზეთში გამოჩნდა საგანგაშო ინფორმაცია კოდორის ხეობის ოკუპაციის შესახებ, რომელიც, ინკოგნიტო წყაროების მტკიცებით, უახლოეს რამდენიმე დღეში განხორციელდება.


რეალური მუქარის დაუნახაობა, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ისეთივე საშიში სიმპტომია, როგორც მისი ხელოვნურად გამოგონება. კოდორის ხეობა - ერთადერთი რაიონი ყოფილი აფხაზეთის ავტონომიის შემადგენლობაში, რომელშიც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება - ოკუპაციის რეალური საფრთხის წინაშე ორჯერ იდგა: ერთხელ - 1994 წლის გაზაფხულზე, მეორედ კი - გასული წლის შემოდგომაზე, ხეობაში რუსლან გელაევის რაზმების გამოჩენის შემდეგ. აქედან გამომდინარე, ლაპარაკს კოდორის ხეობის ოკუპაციის განმეორების თაობაზე მანამდე ექნება საფუძველი, სანამ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი იარსებებს.

მიუხედავად ამისა, ყოველდღიურ ქართულ გაზეთებში - "რეზონანსსა" და "მთავარ გაზეთში" გამოქვეყნებული ინფორმაციები მაინც ძალზე დამაფიქრებელია. გაზეთების კომპეტენტური წყაროების მტკიცებით, რუსეთს მომზადებული აქვს ახალი საიდუმლო სამხედრო ოპერაციის გეგმა კოდორის ხეობაში. თანახმად ამ გეგმისა, რომელიც სოხუმში რამდენიმე დღის წინ შედგა, ცოტა ხანში - სავარაუდოდ, დსთ-ს სამიტამდე - კოდორის ხეობის მიმართულებით იერიშს წამოიწყებს რუსულ-აფხაზური ერთობლივი სამხედრო ძალა, რომლის საერთო რაოდენობა 1000 ჯარისკაცი იქნება. პარალელურად, აფხაზურ ემბლემიანი, სინამდვილეში კი რუსეთის, სამხედრო ავიაცია, რომელიც ბაბუშერას აეროდრომზე იმყოფება, ხეობაში საჰაერო ოპერაციას წამოიწყებს. კომპეტენტური წყაროების მტკიცებით, კოდორის ხეობის ოკუპაციის ფორმალური მიზეზი უნდა გახდეს ხეობაში ჩეჩენი ბოევიკების გამოჩენა. ფაქტობრივად, უნდა განმეორდეს შარშანდელი ოქტომბრის ვითარება, ოღონდ იგი ამჯერად საბედისწერო შედეგით დასრულდება.

მოვლენათა ასეთ განვითარებას გამორიცხავს კოდორის ხეობაში პრეზიდენტის რწმუნებული ემზარ კვიციანი, რომელიც მსგავს განცხადებებს უსაფუძვლოს და საშიშ პროვოკაციას უწოდებს. მისი თქმით, კოდორის ხეობის მიმდებარე ტერიტორიაზე და მარუხის უღელტეხილთან არ შეიმჩნევა მოწინააღმდეგის ძალის კონცენტრაცია; გარდა ამისა, სამხედრო თვალსაზრისით, ნებისმიერი სახმელეთო ოპერაცია კოდორის მიმართულებით, ემზარ კვიციანი თქმით, ჩასაფუშად არის განწირული.

[ემზარ კვიციანის ხმა] "კოდორის ხეობა რომ ოკუპაციაში მოაქციონ, ამას სჭირდება ერთი ოთხი-ხუთი ბრიგადა მაინც. ეს სისულელეა, რა. ამაზე მე არც ვნერვიულობ, საერთოდ. ერთადერთი, რაც შეუძლიათ, ესაა - შემოუშვან თვითმფრინავები და გვანერვიულონ იმითი, რომ დაგვბომბონ. მაგრამ დაბომბვებისთვისაც მზად ვართ, მოსახლეობას გაკეთებული აქვს გვირაბები, რაღაცეები და ეგრევე დაიმალებიან და მორჩა."[სტილი დაცულია]

პრეზიდენტის რწმუნებული და კოდორის ოპერატიული მიმართულების სარდალი არ გამორიცხავს, რომ რომელიმე უწყებას ასეთი დეზინფორმაციის გავრცელებით ხელისუფლების შანტაჟი ან კოდორის ხეობის მოსახლეობაში პანიკის გავრცელება ჰქონდეს განზრახული. ასეთი ჩანაფიქრის არსებობას არც საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბათიაშვილი გამორიცხავს, რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ "ეს კომპანია, შესაძლოა, ფსიქოლოგიური დატერორებისთვის იყოს წამოწყებული."
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG