Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთი რუსეთსა და საქართველოს შორის. ვინ როგორ ხედავს ამ პრობლემის მოგვარების გზას


თბილისში, აჭარის წარმომადგენლობაში, ხუთშაბათს აფხაზეთის პრობლემის მოგვარების გზებზე დისკუსია შედგა და ის, რაღა თქმა უნდა, ჰამლეტ ჭიპაშვილის მიერ ასლან აბაშიძის გახმაურებული

წინადადებების მიმოხილვით დაიწყო. აჭარის ლიდერი, იმავდროულად, აფხაზეთის პრობლემის მოწესრიგების პროცესში პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნას ითხოვს და მის ამ მოთხოვნას აჭარის წარმომადგენლობაში მისულმა კონფლიქტოლოგებმა - გოგი ხუციშვილმა და პაატა ზაქარეიშვილმაც დაუჭირეს მხარი. აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნა გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნიეს პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა და სახელმწიფო სამართლისა და რელიგიის ინსტიტუტის დირექტორმა ბაადურ გელაშვილმა.

აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების გაუქმების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად აჭარის წარმომადგენლობაში მისულმა პოლიტოლოგმა რამაზ კლიმიაშვილმა უცხოელი სოციოლოგების მიერ ქართველ და აფხაზ ბავშვებს შორის ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მოიშველია. შედეგები კი ასეთია: გამოკითხული ქართველი ბავშვების 90 პროცენტი აფხაზებს ძმებად მოიხსენიებს, აფხაზი ბავშვების 90 პროცენტი კი ქართველებს მტრებად მიიჩნევს. თუ რატომ აღიქვამენ აფხაზი ბავშვები ქართველებს მტრებად, ამას მრავალი მიზეზი აქვს. აჭარის წარმომადგენლობაში გამართულ დისკუსიაზე მრავალჯერ აღინიშნა, რომ ქართველებსა და აფხაზებს შორის ურთიერთობის აღდგენისთვის მტრის ხატი უნდა დაიძლიოს და ეს პროცესი აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნითა და აფხაზებთან მობოდიშებით უნდა დაიწყოს. დისკუსიაში მონაწილეთა საერთო აზრით, ყველაზე დიდი შეცდომა 1992 წლის აგვისტოში აფხაზეთში საქართველოს შინაგანი ჯარების შეყვანა იყო და ამიტომ, როგორც ჰამლეტ ჭიპაშვილმა ედუარდ შევარდნაძის მისამართით თქვა:

[ჰამლეტ ჭიპაშვილის ხმა] “ უპრიანი იქნება, თუ ის ბოდიშს მოიხდის როგორც ქართველი ხალხის, ისე აფხაზების წინაშე. ასე გააკეთა გერმანიის პრეზიდენტმა ისრაელის წინაშე, ასე გააკეთა ამას წინათ ჩრდილო კორეის პრეზიდენტმა იაპონიასთან მიმართებით. ვინ დაიწყო რკინიგზის მაგისტრალის დაცვა სამხედრო შენაერთებით? საქართველომ და პრეზიდენტმა. ასე რომ, ამაზე საუბარი ზედმეტია. ეს ეპოპეა დაიწყო პატივცემულმა ედუარდმა.” [სტილი დაცულია]

მართლაც საიდან და ვისგან დაიწყო აფხაზეთის დაკარგვის ეპოპეა, უფრო ვრცელი სასაუბროა. აჭარის წარმომადგენლობაში შემდგარი დისკუსიის მონაწილეებისგან განსხვავებით, ბევრი ფიქრობს, რომ მიზეზი გაცილებით ღრმა იყო და, რომ არა რკინიგზის მაგისტრალის გაკონტროლების მიზნით აფხაზეთში შინაგანი ჯარების შეყვანა, რაც ყველას კარგად ახსოვს, რომ ვლადისლავ არძინბასთან შეთანხმებით მოხდა, აფხაზეთი მაინც დაიკარგებოდა. ასე ფიქრობს გია ყარყარაშვილიც, რომელმაც 1992 წლის თებერვალში ერთგვარი პოლიტიკური აქცია მოაწყო, რაც მაშინდელი ეროვნული გვარდიის ნაწილის ფსოუმდე გასვლით და უკან დაბრუნებით გამოიხატა. ის, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა იმ მოვლენებთან, რომელთაც აფხაზეთში ომის დაწყების წინა პერიოდში ჰქონდა ადგილი, ფიქრობს, რომ მოსახდენი მაინც მოხდებოდა.

[გია ყარყარაშვილის ხმა] “იმგვარად რომ გაგრძელებულიყო მოვლენების განვითარება, რუსული ინვესტიციებით გაჯერებული აფხაზეთი ბევრად უფრო დაკარგული იქნებოდა. ჯარი რომ არ შესულიყო, რუსეთი ბევრად უფრო მყარად ჩაგვიკეტავდა აფხაზეთის კარს, ვიდრე ის ახლაა ჩაკეტილი.”

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დარწმუნებულია, რომ არა აფხაზეთისკენ შინაგანი ჯარების დაძვრა, რუსეთი აფხაზეთში სხვა მექანიზმებს აამუშავებდა. გია ყარყარაშვილი ფიქრობს, რომ შეიარაღებული კონფლიქტი ყველა ვარიანტში შედგებოდა. ასეა თუ ისე, ჩვენი საზოგადოების ნაწილი მომხდარში საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების ბრალს ხედავს, ყველაფრის გამო ბოდიშის მოხდას მაინც ედუარდ შევარდნაძეს სთხოვს და ფიქრობს, რომ საქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ წარსული დანაშაულის გამოსყიდვა აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნით, ანუ ასლან აბაშიძის წინადადებების რეალიზაციით, უნდა დაიწყოს.

ეს წინადადებები გულისხმობს: აფხაზეთში კომუნიკაციების აღდგენას; სოხუმის პორტის, აეროპორტისა და აფხაზეთის რკინიგზის ამუშავებას; რუსეთიდან სამხრეთისკენ, აფხაზეთისა და აჭარის გავლით, ენერგომატარებლების გატარებას, ენგურჰესის სრული დატვირთვით ამუშავებას და აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების გაუქმებას. აჭარის წარმომადგენლობაში გამოითქვა აზრი, რომ მხოლოდ ამ გზით მოხდება აფხაზების და ქართველების დაახლოება, მაგრამ როგორ და როდის უნდა მოხდეს აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება? ამაზე ვერაფერი ითქვა. რომელი მოვლენა რომელს უნდა უსწრებდეს, აფხაზეთისთვის ეკონომიკური სანქციების შეჩერება თუ აფხაზეთში დევნილთა დაბრუნება, ამაზე საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას თავისი ერთმნიშვნელოვანი პოზიცია აქვს. ასლან აბაშიძის პროექტში კი მსგავსი პოზიცია არ იკითხება. იქ ლაპარაკია იმაზე, რომ აფხაზებთან პოლიტიკურ საკითხებზე დიალოგს წინ იმ სანქციების მოხსნა უნდა უძღოდეს, რომლებიც ისედაც არ მუშაობს.

“ამ პროექტში დევნილთა დაბრუნება ისედაც, კონკრეტული მინიშნების გარეშე, იგულისხმებაო,” განმიმარტა ჰამლეტ ჭიპაშვილმა და ნათქვამს დასძინა, რომ აფხაზები არ არიან დევნილთა დაბრუნების წინააღმდეგნი, ოღონდ აცხადებენ, რომ არ დააბრუნებენ იმათ, ვინც საომარ მოქმედებებში იღებდა მონაწილეობას.
პოზიცია ნათელია და ნიშნავს იმას, რომ აფხაზები დევნილთა დაბრუნებას არ დაეთანხმებიან, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე. ალბათ, სხვაგვარად იქნებოდა, მათ რომ რუსეთი არ უმაგრებდეს ზურგს. რუსეთის პრობლემას კი ასლანის გზა ვერ გაანეიტრალებს.
XS
SM
MD
LG