Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ევროკავშირსა და „ნატოში“


რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური აგრესიის შეკავება საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და დასავლეთის სახელმწიფოებისგან პოლიტიკური მხარდაჭერით შეძლო.

თუმცა ოფიციალური თბილისი ამით არ კმაყოფილდება და ქვეყნის უსაფრთხოების სამხედრო გარანტიებსაც ეძებს. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდა „ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში“ საქართველოს გაწევრიანების თაობაზე უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებისა და პარლამენტის განცხადების შემდეგ.

ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციას კოლეგების დარწმუნება დასჭირდა, რომ საქართველო ყოველ ღონეს მიმართავს დატყვევებული უცხოელი მოქალაქეების გასათავისუფებლად. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი დელეგაციის მეთაურს ირაკლი მენაღარიშვილს ქართული საზოგადოების დარწმუნება მოუწევს იმაში, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ევროკავშირს ულტიმატუმი არ წამოუყენებია. ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაცია საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, რაც 3 ოქტომბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა კახა სიხარულიძემ ოფიციალურად უარყო.

[სიხარულიძის ხმა] „ის, რაც მოხდა ბრიუსელში, არის აბსოლუტურად სხვა. არავინ გახარებული არ არის არც საქართველოში და არც ევროკავშირში პიტერ შოუსთან დაკავშირებული ამბებით, მაგრამ არანაირი დახმარებების შეწყვეტაზე, არანაირი პროექტების შეჩერებაზე არ არის საუბარი და, მერწმუნეთ, არც ერთი წუთითაც არ ყოფილა გადაწყვეტილება დროებით შეჩერებაზეც კი.“[სტილი დაცულია]

ცხადია, რომ ევროკავშირის ასეთი რეაქცია უფრო პოლიტიკური ნების გამომხატველი ნაბიჯია და რომ არა რუსული აგრესია, სავარაუდოა, ევრკავშირი უფრო მკაცრ პოზიციას დაიკავებდა.

ევროკავშირის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი „ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის“ შტაბბინას ესტუმრა. მენაღარიშვილს შეხვედრა ჰქონდა „ნატოს“ გენერალურ მდივან ჯორჯ რობერტსონთან. შეხვედრის დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება მაგრამ ცხადია მთავარი მიზანი.

[სიხარულიძის ხმა] „ჩვენი ქვეყნის უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, უკვე ოფიციალურად გაცხადდა საქართველოს კურსი, კერძოდ, ის , რომ, მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება და, ამასთან დაკავშირებით, ბატონ ირაკლი მენაღარიშვილს შეხვედრა ჰქონდა ბატონ ჯორჯ რობერტსონთან. მთავარი ამოცანა ჩვენთვის რა არის? როდესაც მოახლოვდება პრაღის ღონისძიება, იქ ჩვენი განაცხადიც და ჩვენი აქცენტებიც იყოს შექმნილი სიტუაციის ადეკვატური, ანუ რეალური, რეალობასთან მისადაგებული, სწორედ ამ თვალსაზრისით იყო კონსულტაციები.“

ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ნატოსთან შეუთანხმებლად ალიანსში გაწევრიანებისთვის ოფიციალური ნაბიჯების გადადგმას ერიდება. თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან შესაერთებლად, ჩვენს გადაცემებში არაერთხელ გვისაუბრია. თუმცა ამჟამად რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში არსებულმა დაძაბულობამ შეიძლება ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესი დააჩქაროს. მით უმეტეს, ნატოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას არასდროს დაუმალავს თავისი პოზიცია თბილისის მიმართ მოსკოვის აგრესიის გამო. ჯერ კიდევ სექტემბრის შუა რიცხვებში ნატოს პოლიტიკურმა კომიტეტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და საზღვრების ურღვეობა დაადასტურა.

ნატოს სტანდარტებთან მიახლოების მცდელობის კიდევ ერთი ნიშანია ალიანსის შტაბბინაში ირაკლი მენაღარიშვილისა და ნატოს მომარაგებისა და ზურგის უზრუნველყოფის სამსახურის გენერალური დირექტორის ხელმოწერებით დამოწმებული მემორანდუმი ზურგის უზრუნველყოფის საქმეში თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შესახებ. ეს თანამშრომლობა კი იმაში გამოიხატება, რომ, ნატოს ინსტრუქტორების დახმარებითა და 1 მილიონ 250 ათასი ევროს გამოყოფით, „ნატოს“ პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისათვის“ ფარგლებში განხორციელდება ძველი სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების უტილიზაცია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი პროექტები უკვე დასრულდა უკრაინაში, მოლდოვასა და ალბანეთში. ეს ის ყოფილი საბჭოთა და სოციალისტური ბანაკის ქვეყნებია, რომლებიც ნატოში გაწევრიანების რეალური კანდიდატები არიან. საქართველო ამ სიაში მეოთხე ადგილზე აღმოჩნდა.
XS
SM
MD
LG