Accessibility links

დიალოგი სამართალმემკვიდრეობის თემაზე ჩიხშია


ეგრეთ წოდებულ კანონიერ და ფაქტობრივ ხელისუფლებათა დიალოგი ხელისუფლების სამართალმემკვიდრეობის თემაზე, იდეალურ ვარიანტში,

ორხელისუფლებიანობის მშვიდობიან დასასრულს უნდა მოასწავებდეს. რეალობა, მოგეხსენებათ, იდეალს ძნელად უპასუხებს ხოლმე და ასეა საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი საბჭოს საგანგებო კომისიების მოლაპარაკებათა შემთხვევაშიც, როცა, კონსტრუქციული დიალოგისა და პოზიციათა დაახლოების ნაცვლად, მხარეები ყოველი მორიგი შეხვედრის შემდეგ კიდევ უფრო შორდებიან ერთმანეთს. ორხელისუფლებიანობის აბსურდი კი, თავის მხრივ, სულ უფრო მოუთმენელი ხდება სახელმწიფოსთვის, რომელიც, წარმატებული დიალოგის შემთხვევაშიც კი, საკონსტიტუციო წესრიგის დარღვევის საფრთხის წინაშე დგება.

დავიწყოთ იმით, რომ ხელისუფლებათა დიალოგის ძირითადი არსია რიგგარეშე და ეგრეთ წოდებული სამართალმემკვიდრე არჩევნების დანიშვნა მანანა არჩვაძე-გამსახურდიას უზენაესი საბჭოს მიერ. ამისათვის კი, სულ ცოტა, საჭიროა საქართველოს ფაქტობრივი ხელისუფლების მხრიდან რამენაირი კომპრომისი, რომელიც ამ ეტაპზე პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მრავალთვიანი აქციის ხელშეუხებლობის, საგანგებო საპარლამენტო კომისიის შექმნისა და დიალოგის დაწყების ფორმით ვლინდება. სხვა საკითხია, რატომ დაინიშნა საპარლამენტო კომისის თავმჯდომარედ მოქალაქეთა კავშირის ფრაქციის წარმომადგენელი, პარტიულ დავალებათა ზედმიწევნითი შემსრულებლობით გამორჩეული ვიტალი ხაზარაძე, რა შენიღბული პრინციპული პოლიტიკური ღირებულებები უნდა დაიდოს ამჯერად სასწორზე და რა ძალები უმაგრებს ზურგს საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა და ორგანიზაციათა მრგვალ მაგიდას, რომლის წევრები თითქმის შვიდი თვეა ყოველდღე გამოდიან ქუჩაში. შეკითხვები და ვერსიები საკმარისზე მეტია, ფაქტი კი ისაა, რომ ხელისუფლებათა დიალოგის ბოლო რაუნდი პრესისათვის რატომღაც დახურულად გამოცხადდა და ამის ინიციატორი საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი მანანა არჩვაძე-გამსახურდია იყო, გასაგებია, რომელი ხელისუფლების სახელით. ეს სახელისუფლებო აბსურდი გახდა დიალოგის ჩაშლის ძირითადი მიზეზი. კერძოდ, დეფაქტო ხელისუფლებასთან არაკანონიერების გამო მებრძოლმა უზენაესმა საბჭომ მსოფლიო საზოგადოებრიობისადმი, სახელმწიფოთა მეთაურებისადმი, გაერთიანებული ერების ორგანიზაციისადმი, მსოფლიოს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, საქართველოში არსებული დიპლომატიური მისიებისა და ყველა კეთილი ნების ადამიანისადმი, ევროსაბჭოში წარდგენის მიზნით მომზადებული, მიმართვის ადრესატთა შორის არ მოიხსენია საქართველოს დეფაქტო ხელისუფლება. ამით კი რატომღაც შეურაცხყოფილი დარჩა საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე ვიტალი ხაზარაძე, რომელსაც პრინციპულად მიაჩნია, რომ მიმართვის ადრესატთა შორის უსათუოდ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლება, როგორც თუნდაც ბრალდებული მხარე, რომლისგანაც მანანა-არჩვაძე გამსახურდიას უზენაესი საბჭო, ფაქტობრივად, შეუძლებელს ითხოვს: წარმოადგინოს საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატებისა და პრეზიდენტის, ასევე - ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმმართველობის უფლებამოსილების ვადის დასრულების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი, რომელიც, ცხადია, ბუნებაში არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს კანონი, დადგენილება თუ ბრძანებულება, რომელიც, კანონიერი ხელისუფლების დამხობის მიზნით, უცხო ძალის გამოყენებას ნებადართულად აცხადებს. გასაგებია, რომ საქართველოს დეფაქტო ხელისუფლების ადრესატებში ჩასმით ხელისუფლება უზენაესი საბჭოს ზემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნების შესრულებას ვერ გაიიოლებს. ჩადენილი დანაშაულის კვალიფიცირების კვალში დგომით შეურიგებლობის იმიჯს ინარჩუნებს მანანა არჩვაძე-გამსახურდიას ფრთაც, რომელიც ნელ-ნელა და მკაფიოდ ეწერება შიდაპოლიტიკური ინტრიგების სცენარში.
XS
SM
MD
LG