Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სომხეთის პროდასავლური ორიენტაცია და მისი მეზობელი ირანი


სომხეთი, როგორც ყველა მცირე სახელმწიფო,

იძულებულია თავის მეზობლებთან და სხვა, მსოფლიო მასშტაბით გავლენის მქონე, სახელმწიფოებთან კარგი ურთიერთობა იქონიოს. ეს არ არის იოლი. ერევანს უწევს ორ მოსისხლე ქვეყანას - ირანსა და შეერთებულ შტატებს შორის წონასწორობა დაიცვას. ცნობილია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ირანს ჯორჯ ბუშისეული “ბოროტების ღერძის” ერთ-ერთ ნაწილად მიიჩნევს, ირანი კი, თავის მეზობელ ქვეყანაში, სომხეთში, დასავლური ფაქტორის გაძლიერების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს. საქართველოსგან განსხვავებით, სომხეთს რუსეთთან კარგი, შეიძლება ითქვას, მშვენიერი ურთიერთობა აქვს. ფაქტობრივად, სომხეთი მოსკოვის ერთადერთი საიმედო საყრდენია კავკასიაში. ასე რომ, ერევნისთვის რუსეთის პრობლემა არ დგას. არ დგას იმიტომაც, რომ ირანიცა და შეერთებული შტატებიც რუსეთთან სომხეთის მეგობრობას მისაღებად მიიჩნევენ, ყოველ შემთხვევაში, გაგებით ეკიდებიან. ირანსაცა და სომხეთსაც ერთმანეთი სჭირდებათ. ვინ ვის მეტად, სხვა საკითხია, მაგრამ არის რა სომხეთი აზებაიჯანთან დაპირისპირებული ძალა, ასევე, თურქეთის მიმართ არამეგობრულად განწყობილი, ირანი სომხეთთან ურთიერთობას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. ეს მას, სულ მცირე, საკუთარი სეპარატისტი აზერბაიჯანელების გაკონტროლების თვალსაზრისით აძლევს ხელს. შემთხვევითი არ არის, რომ ირანი სომხეთს მხარში ამოუდგა ყარაბაღის ომის დროს . გასულ შაბათს ირანის ელჩმა სომხეთში, მოჰამად ფარჰად კოლეინიმ, საჯაროდ გააკრიტიკა სომხეთის მთავრობა მისი საგარეო პოლიტიკის გამო. ეს მოხდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვართან ოსკანიანთან შეხვედრაზე, რომელსაც, სომხეთის მმართველი პარტიის ასამდე აქტივისტთან ერთად, დასავლელი დიპლომატები და ჟურნალისტები ესწრებოდნენ. ოსკანიანმა სომხეთის მთავრობის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები ჩამოთვალა და იმაზე ილაპარაკა, რომ სომხეთი ანტიტერორისტულ ომში მონაწილეობს და შეერთებულ შტატებთან - მან საქართველოში და შუა აზიაში ამერიკელი სამხედრო მოსამსახურების ყოფნაც ახსენა - უსაფრთხოების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს.
ირანის ელჩმა საკომპიუტერო ლექსიკა მოიშველია და ოსკანიანს უთხრა, თქვენი საგარეო პოლიტიკა შეთავსებადობის პრინციპზეა აგებული, მაგრამ შეთავსებადობას ორივე - ჰარდვერიცა და სოფტვერიც - სჭირდება, სომხეთს კი სოფტვერის მხრივ კარგად აქვს საქმე, მაგრამ ჰარდვერში უჭირსო.
[კოლეინის ხმა]
იქვე კოლეინიმ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ჰკითხა, ხომ არ ფიქრობთ, რომ თქვენს პოლიტიკას მრავალმხრივი დიალოგი უნდა ვუწოდოთ და არა შეთავსებადიო.
[კოლეინის ხმა]
ირანის ელჩმა, რომელსაც თავშეკავებულ და მოზომილი ფრაზებით მოლაპარაკე დიპლომატად იცნობენ, თამამი კრიტიკით გააოცა მსმენელები, გამოაცხადა რა, რომ სომხეთის მთავრობა “გლობალისტურ პოლიტიკას” მისდევს. ამის გამო იყო, რომ სომხეთის მთავრობის ერთმა წარმომადგენელმა კოლეინის შენიშვნები დიპლომატიური ეთიკის სერიოზულ დარღვევად შეაფასა. ასეთი კრიტიკის მიუხედავად, ოსკანიანმა მოულოდნელი თავშკავებით უპასუხა სპარსელ კოლეგას. მან თქვა: ჩვენ რეგიონში არაფერს გავაკეთებთ, რაც მეზობელი ქვეყნების ინტერესებს ეწინაღმდეგება, - ეს სტრატეგიულად ჩვენთვის მნიშვნელოვანიაო.
[ოსკანიანის ხმა]
სომხეთის მინისტრმა იქვე კატეგორიულად უარყო დასავლელი შუამავლების მიერ შეთავაზებული, ისედაც სადავო, იდეა აზერბაიჯანთან ტერიტორიების გაცვლის თაობაზე. ამ შემთხვევაში სომხეთს ირანთან საერთო საზღვარი აღარ ექნებოდა. ოსკანიანმა ისიც თქვა: ყარაბაღში საერთაშორისო ჯარის განთავსების საკითხი რომ დადგეს, ირანის ინტერესებს მაშინაც გავითვალისწინებთო.
რას ფიქრობს ამ დროს შეერთებული შტატები, ქვეყანა, რომელსაც, სომხეთთან კარგი ურთიერთობის ფონზე, ერევნისთვის შეხსნება უწევს, ნუ გადაიხრები ზედმეტად ირანისკენო? სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა სომხეთის ბიოქიმიურ ფირმას, რომელმაც ირანს თავისი პროდუქტი მიჰყიდა. სომხეთის მთავრობამ დაამშვიდა ვაშინგტონი, ამ ფრონტზე ვაჭრობას ვაკონტროლებთო. ასეთ ფონზე, შეერთებული შტატები სამხედრო სფეროში 4,3 მილიონი დოლარით ეხმარება სომხეთს. სომხეთში შეერთებული შტატების ელჩი ჯონ ორდუეი პირველი ამერიკელი პოლიტიკოსია, რომელმაც ირანთან სომხეთის ტრადიციულად კარგი დამოკიდებელება გააკრიტიკა. რამდენიმე თვის წინ ჩვენს “რადიოსთან” საუბარში მან კიდევ ერთხელ დაადასტურა ისლამური რესპუბლიკის მიმართ თავისი ადმინისტრაციის ძველი ბრალდებები.
სომხეთი, როგორც ჩანს, თურქეთსა და აზერბაიჯანთან რთული ურთიერთობის გამო, ირანთან განხეთქილებას არ აპირებს. ამ ორმა სახელმწიფომ ენერგეტიკის სფეროში გარიგებას მიაღწია და მალე ირანიდან სომხეთში ელექტროენერგია შევა.
ერთი სომეხი ოფიციალური პირი, რომელმაც არ ისურვა ვინაობა გაემხილა, თქვა, ირანელები ყოველთვის რაღაცით არიან უკმაყოფილო, ეს მათი დიპლომატიის სტილიაო.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG