Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“გაერთიანებული დემოკრატები” პარტნიორებს ეძებენ


დავით პაიჭაძე, თბილისი “ახალ მემარჯვენეებთან” დაახლოება რადიო “თავისუფლებასთან” საუბარში არ უარუყვია ”გაერთიანებული დემოკრატების” ლიდერს ზურაბ ჟვანიასაც, რომელმაც ყოფილ თანაპარტიელებსა და

ოპონენტებთან ურთიერთობაზე ასეთი კომენტარი გააკეთა [ზურაბ ჟვანიას ხმა]:

"ამ ბოლო დროს ისე მოხდა, რომ დაემთხვა ჩვენი პოზიციები რუსეთის აგრესიულ მუქარასთან მიმართებით. ჩვენ აქტიურად დავუჭირეთ მხარი "ახლების" ინიციატივას, გადადებულიყო პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში. ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ბევრ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან, მათ შორის, “ახლებთანაც”. საერთოდ, ამ ძალიან რთულ ვითარებაში საჭიროა დიალოგი სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს შორის და აქ იგულისხმება ჩვენი დიალოგი "ახალ მემარჯვენეებთანაც".

"გაერთიანებული დემოკრატები" პარტნიორებს ეძებენ არა მხოლოდ პოლიტიკოსთა შორის; ეს პარტია მეორეა "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის შემდეგ, ვინც მოკავშირედ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციები იგულა. პარასკევს, 4 ოქტომბერს, "გაერთიანებულმა დემოკრატებმა" და გენდერული პოლიტიკის ჯგუფმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს. რას ნიშნავს და რას მოასწავებს პოლიტიკური და არასამთავრობო ჯგუფების ეს დაძმობილება?

ზურაბ ჟვანია მოკავშირეებს ეძებს და კრებს. საზოგადოებრივად აქტიურ ქალბატონებთან პოლიტიკური პარტიის დაკავშირების მიზნად “გაერთიანებული დემოკრატები” მიიჩნევენ სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანი ინიციატივების მხარდაჭერასა და ლობირებას პოლიტიკაში. “დემოკრატების” ლიდერი გენდერის პრობლემებს მიათვლის ომის შედეგად დაქვრივებულ ახალგაზრდა დედებს, მარტოხელა, გაჭირვებულ მოხუცებს, საერთოდ, ქუჩასა თუ სამსახურში, ბიზნეს-კონკურენციის დროს უსამართლოდ დაჩაგრულ ქალებს. ეს ჩვენი საზოგადოების რეალური პრობლემაა და არა ყურით მოთრეული, განმიცხადა ზურაბ ჟვანიამ. [ჟვანიას ხმა]: “ბოლო ათწლეულში ამ პრობლემათა წნეხმა, პრაქტიკულად, შეცვალა ის, რასაც ჩვენ მივიჩნევთ ქართული ტრადიციული ყოფის მთავარ ღირებულებებად. დღეს აუარებელი ქალი იმ მდგომარეობაშია, რომელსაც ვერ წარმოიდგენდა სულ რაღაც 15 წლის წინ. ჩვენ ვლაპარაკობთ არა გერმანული ტიპის ფემინისტური მოძრაობის მხარდაჭერაზე, არამედ იმაზე, რომ ჩვენი ტრადიციული ღირებულებების პატივისცემით, დღევანდელ სირთულეთა გათვალისწინებით, გადავდგათ ნაბიჯები და შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ ქალებს უმძიმეს პრობლემათა წნეხი”.

ეს, თუ შეიძლება ითქვას, პარტიის პროგრამა-მაქსიმუმის ნაწილია, რისი შესრულებაც არჩევნების მოახლოებისას “გაერთიანებულ დემოკრატებს,” გარკვეულწილად, გაუზრდის ქალთა ხმებს. პროგრამა მინიმუმი კი უკვე სრულდება: მესამე სექტორში დასაქმებული ქალბატონების პოლიტიკაში მიპატიჟება, სქესთა თანასწორობის იდეის ახალ, პრაქტიკულ განზომილებაში განხილვა, თანაბარი შესაძლებლობების დეკლარირება და სხვა, გათვლილია არა იმდენად ქართველ ამომრჩეველზე, რამდენადაც ჟვანიასა და “გაერთიანებული დემოკრატების” მხარდაჭერაზე ევროპიდან, სადაც ტერმინი “გენდერული (ან კულტურული) მგრძნობიარობა” თანდათან ანაცვლებს პოლიტიკური კორექტულობის ცნებას.
XS
SM
MD
LG