Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დამთავრდა საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმების ტექსტზე მუშაობა


სოზარ სუბელიანი, თბილისი 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე ხელს მოაწერენ კონსტიტუციურ შეთანხმებას

საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. შეთანხმების ახალი ვარიანტი მნიშვნელოვნად განსხვავდება თავდაპირველი ტექსტისგან, რაც თუნდაც იქიდან ჩანს, რომ იგი მოცულობით თითქმის სამჯერ ნაკლებია თავდაპირველ ტექსტზე.

4 ოქტომბერს ტექსტის საბოლოო რედაქცია პარლამენტის ინტერფრაქციული ჯგუფის სხდომაზე ჩამოყალიბდა, რის შემდეგაც იგი მზად არის ხელმოწერისთვის. თავად შეთანხმებით დადგენილი პროცედურა ითვალისწინებს, რომ ხელშეკრულებას ჯერ საქართველოს პრეზიდენტმა და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა უნდა მოაწერონ ხელი, რის შემდეგაც იგი დამტკიცებისთვის საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს უნდა გადაეცეს. შეთანხმების ერთ-ერთი მხარე – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია – ამ შეთანხმების ხელმოწერას აფასებს როგორც უმნიშვნელოვანეს მოვლენას საქართველოს ისტორიაში, რაც ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსმა დანიელ დათუაშვილმა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: [მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილის ხმა] “მეოთხე საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ მეფე მირიანმა საქართველოს საყოველთაო რელიგიად, სახელმწიფო რელიგიად, გამოაცხადა ქრისტიანობა, ჩემი აზრით, ეს დოკუმენტი ამ ფაქტის ტოლფასია. რაც შეეხება იმას, მოხდება თუ არა 14 ოქტომბერს ხელმოწერა, ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ეს მოხდება და ამის ერთ-ერთი საფუძველი არის ნიშანი ღვთისაგან – სვეტიცხოველში დაიწყო მირონის დენა: ეს მოხდა მე-4 საუკუნეში, როდესაც სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა ქრისტიანობა და დღესაც მისი ტოლფასი ფაქტი ხდება და ჩვენ ღრმად გვწამს, რომ უფალი გვანიშნებს, რომ ღმერთისთვის სათნო იყო ჩვენი ეს გადაწყვეტილება და ერი, ჩვენი აზრით, დღეს გამთლიანდა და აღდგა თავის თვითმყოფადობაში.” [სტილი დაცულია]

შეთანხმების თანახმად, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს სახელმწიფო დაცვის ქვეშ მყოფ მთელ საეკლესიო საგანძურს, ამ საგანძურის იმ ნაწილის გარდა, რომელიც ადრე პირად საკუთრებას წარმოადგენდა. ამასთან, ეს საგანძური, როგორც საერთო-ეროვნული საგანძურის ნაწილი, სახელმწიფოსა და ეკლესიის ერთობლივ მფლობელობაში იქნება, გარდა წმინდა ნაწილებისა და წმინდა რელიკვიებისა, რომლებიც მთლიანად ეკლესიას გადაეცემა.

გარდა ამისა, სახელმწიფო ეკლესიის საკუთრებად ცნობს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არსებულ მართლმადიდებლურ ტაძრებს, მონასტრებს, მათ ნანგრევებსა და იმ მიწის ნაკვეთებს, რომლებზეც ისინია განლაგებული. შეთანხმების მე-15 მუხლის თანახმად კი, სახელმწიფო ადასტურებს მე-19 – მე-20 საუკუნეებში ეკლესიისთვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს და, როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის მფლობელი, აღიარებს ამ ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების ვალდებულებას. ინტერფრაქციული ჯგუფის ხელმძღვანელის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის თქმით, მუშაობის პროცესში ხელშეკრულების ტექსტი მნიშვნელოვნად დაიხვეწა, რასაც ეკლესიის მიერ მნიშვნელოვან კომპრომისებზე წასვლამ შეუწყო ხელი. კერძოდ, შეთანხმებიდან მთლიანად იქნა ამოღებული ის მუხლები, რომლებიც საპატრიარქოს სანებართვო სფეროებს განსაზღვრავდა, მასში არ ჩაიწერა, რომ ეს დოკუმენტი სხვა კანონებზე მაღლა დგას, შეიცვალა დამოკიდებულება კაპელანის ინსტიტუტის, საგანმანათლებლო სფეროში ეკლესიის როლის მიმართ და სხვა: [გიგი წერეთლის ხმა] “ბევრი მუხლი საერთოდ ამოვარდა და ეს არის, ალბათ, უმთავრესი კომპრომისი, იმიტომ რომ თავდაპირველი ვარიანტი იყო ყველაზე მიუღებელი. იგი ჩვენ მივიღეთ სახელმწიფო კანცელარიიდან და სწორედ ამიტომ შევქმენით ჯგუფი, რომ ის გაგვეკეთილშობილებინა და მიგვეყვანა გარკვეულ კონდიციამდე. იქ იყო 56 მუხლი, თუ არ ვცდები, და დღეს არის 18 მუხლი.” [ სტილი დაცულია]


მთავარეპისკოპოსი დანიელი მიიჩნევს, რომ შეთანხმების ამ სახით მიღება, ფაქტობრივად, მართლმადიდებლობის სახელმწიფო რელიგიად აღიარებას ნიშნავს: [მთავარეპისკოპოს დანიელ დათუაშვილის ხმა] “მთავარი ჩვენთვის არის შინაარსი და არა ტერმინი, ანუ რა ფორმით იქნება ფორმულირებული სახელწოდება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საკონსტიტუციო შეთანხმება, თავისი შინაარსით, უდრის სახელმწიფო რელიგიას.” [სტილი დაცულია]

მთავარეპისკოპოსის თქმით, ეკლესიისთვის ამ შეთანხმებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სახელმწიფომ აღიარა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ის როლი და სტატუსი, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში ჰქონდა.
XS
SM
MD
LG