Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა შემთხვევაში განხორციელდება ანტიკრიმინალური ოპერაცია ცხინვალის რეგიონში


უკანასკნელი ორი დღე გორსა და ცხინვალში ურთიერთდაკავშირებული მოვლენების სინქრონიზაციით ხასიათდება და რეგიონის სისხლხორცეულ საკითხს - საომარი მოქმედებების შესაძლო ესკალაციას ეხება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გამსვლელი სხდომა გორში იმავე დღეს ექსცესების გარეშე დამთავრდა, რასაც ვერ ვიტყვით ქართულ-ოსური შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაზე, რომელიც, პრაქტიკულად, მხოლოდ 4 ოქტომბერს დასრულდა არცთუ ხელშესახები შედეგით: მხარეებმა მხოლოდ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კეთილი ნება დაადასტურეს და დღის წესრიგით გათვალისწინებულ ძირითად საკითხზე - მხარეთა სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთქმედებასთან დაკავშირებით - ვერ იმუშავეს.


შერეული საკონტროლო კომისია ცხინვალში თავის მორიგ სამუშაო შეხვედრაზე შეიკრიბა, მაგრამ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე კომისიის ქართული მხარისთვის ცნობილი გახდა, რომ ოსური მხარე კატეგორიულად წინააღმდეგი იყო ესაუბრა სამართალდამცავი ორგანოების ურთიერთქმედების თემაზე. ამ კატეგორიულობის მიზეზი საზოგადოებამ თვალნათლივ დაინახა იმავე დღეს გორში, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნები პრაქტიკულად შეუდგნენ შიდა ქართლში კრიმინოგენური სიტუაციის განსამუხტავი ღონისძიებების დაგეგმვას. ცხინვალში ეს ღონისძიებები იმთავითვე პანკისის ხეობის ოპერაციის ანალოგად და, შესაბამისად, ანტიკრიმინალურ ოპერაციად მოინათლა. ამას დაერთო ინფორმაციაც იმის შესახებ, თითქოს რუსი მშვიდობისმყოფელების მიერ კონტროლირებადი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში დიდი რაოდენობის იარაღითა და საბრძოლო მასალებით დატვირთული სამი სამხედრო სატვირთო მანქანა შევიდა. შედეგად, ცხინვალის ზონა როგორღაც ცხელ წერტილად ასოცირდა და შერეული საკონტროლო კომისიის ქართველ წარმომადგენლებს ძალისმიერი საშიშროების გაქარწყლების ფუნქცია დაეკისრათ. მათი განმარტებებით, საქართველოს ხელისუფლება, საერთაშორისო ვალდებულებებით, უძლურია რაიმე ანტიკრიმინალური ოპერაცია ჩაატაროს ოსური მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე. ამ შეზღუდვებს კი, თუ შეიძლება ასე ითქვას, არეგულირებს 1992 წლის 24 ივნისს საქართველო-რუსეთს შორის სოჭში მიღწეული შეთანხმება, რომელიც კონფლიქტის ზონაში გარკვეული მომრიგებლური სტრუქტურების შექმნას ითვალისწინებს. ამ სტრუქტურებს შორის პირველ რიგში უნდა დასახელდეს სამშვიდობო ძალები და შერეული საკონტროლო კომისია, რომელსაც შერეული სამშვიდობო ძალები ექვემდებარებიან.
[ირაკლი მაჭავარიანის ხმა]“საქართველომ თუ ცალმხრივი მოქმედებების ჩატარება მოინდომა, ამისათვის მან უნდა მოახდინოს, უპირველეს ყოვლისა, ამ შეთანხმების დეზავუირება, ე.ი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაცხადოს, რომ ის აუქმებს სოჭის 1992 წლის 24 ივნისის შეთანხმებას, აუქმებს ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც ამ შეთანხმების საფუძველზე არსებობს რეგიონში, ანუ - არავითარი შერეული სამშვიდობო ძალები, არავითარი საკონტროლო კომისია და ასე შემდეგ”.
ირაკლი მაჭავარიანი, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი, კონფლიქტის ზონაში ქართველი სამართალდამცავების შესვლის შემაკავებლად ასახელებს საერთაშორისო ორგანიზაციებს - ეუთოსა და ევროკავშირს და, ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ცხინვალის რეგიონით თავისი დაინტერესება პრეზიდენტის წარმომადგენლის, ელჩ პერინას ცხინვალში ამასწინანდელი ვიზიტით გამოხატა.ასეთ პირობებში კი კიდევ უფრო დამაჯერებელი ხდება მტკიცება იმისა, რომ ქართული მხარე კონფლიქტის განახლებას არ დაუშვებს და ანტიკრიმინალურ ოპერაციას, თუ ასეთი რამ მართლაც იგეგმება, მხოლოდ ცხინვალთან შეთანხმების შემდეგ და მასთან ერთად განახორციელებს. რაც შეეხება მხოლოდ ქართული სოფლების გაკონტროლებას, შეუძლებელია ვინმეს თუნდაც გულუბრყვილოდ სჯეროდეს, რომ ბოროტმოქმედებისა და კრიმინალებისათვის ქართულ-ოსური სოფლების საზღვრები სერიოზულ დაბრკოლებას წარმოადგენს.
XS
SM
MD
LG