Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პოზიცია საქართველოსა და რუსეთს შორის უთანხმოების საკითხში


ერთი დღეც და კიშინიოვი უმასპინძლებს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტს, რომელსაც საქართველოში უჩვეულოდ დიდი ინტერესით მოელიან.

ამ ინტერესის მიზეზი კარგად არის ცნობილი: საკმაოდ გავრცელებული ვარაუდით, საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრაზე, ნაწილობრივ მაინც განიმუხტება ორ ქვეყანას შორის ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მეტად დაძაბულ ურთიერთობას. თუმცა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები არა მარტო ორი პრეზიდენტის შეხვედრის, არამედ ზოგადად, კიშინიოვის სამიტის დღის წესრიგის ერთ-ერთი თემა იქნება, რის გამოც შევეცადეთ, მის შესახებ სამიტში მონაწილე ზოგიერთი დანარჩენი ქვეყნის პოზიციაც გაგვერკვია. ციკლის წინა გადაცემებში სომხეთზე, ბელორუსიაზე, შუა აზიის ქვეყნებზე, უკრაინასა და მოლდავეთზე გესაუბრეთ. დღეს კი, ციკლის დასასრულს, აზერბაიჯანის პოზიციას მიმოვიხილავთ.

პირველ რიგში უნდა აღინიშნოს საქართველოს მხარდამჭერი აქცია, რომელიც აზერბაიჯანის სახალხო ფრონტმა 24 სექტემბერს, ბაქოში რუსეთის საელჩოსთან მოაწყო და რომლითაც ამ ორგანიზაციამ საქართველოს წინაღამდეგ რუსეთის სამხედრო მუქარასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა.

მაგრამ ოპოზიციისა თუ ფართო საზოგადოებისაგან განსხვავებით, რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას: [იბრაგიმლის ხმა] ”აზერბაიჯანი ოფიციალურად არ გამოხმაურებია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას. თუმცა არც იმის თქმა შეიძლება, თითქოს აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ცივი ურთიერთობები იგრძნობოდეს”, მითხრა დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ბაქოში განთავსებული ”კავკასიის კვლევის ცენტრის” თანამშრომელმა ხალიადდინ იბრაგიმლიმ. მისი აზრით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებისაგან განსხვავებით, რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობაში გარკვეული დათბობაც კი შეინიშნება, რაც მოსკოვისთვის დამახასიათებელი ”მათრახისა და თაფლის კვერის” პოლიტიკის მორიგ გამოვლინებად უნდა მივიჩნიოთ: რუსეთი საქართველოს სჯის, ხოლო აზერბაიჯანს კეთილგანწყობით ეკიდება. შემდგომში კი, შესაძლოა, პირიქით მოხდეს.

კიშინიოვის სამიტისაგან, შესაძლოა, დიდ ცვლილებებს არ უნდა მოველოდეთ, მაგრამ თბილისსა და მოსკოვს შორის დაძაბულობა გარკვეულწილ მაინც განიმუხტება - ხალიადდინ იბრაგიმლის ამ მოსაზრებას იზიარებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ყოფილი სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობის საკითხებში, ვაფა გულუზადეც. და აი, რატომ: მიუხედავად ცნობებისა, რომელთა თანახმად ვლადიმირ პუტინი და ედუარდ შევარდნაძე კიშინიოვში პანკისის პრობლემას არ შეეხებიან, ვაფა გულუზადე ვარაუდობს, რომ ორ პრეზიდენტს შორის უთუოდ გაიმართება კონფიდენციალური მოლაპარაკება. გულუზადე მრავალჯერ დასწრებია თანამეგობრობის სამიტებს და იცის, რომ დამკვიდრებული ტრადიციით, ასეთ ფორუმებს პრეზიდენტები ორმხრივი შეხვედრებისათვის იყენებენ. შესაბამისად, გულუზადეს აზრით, აუცილებლად გაიმართება აგრეთვე აზერბაიჯანის პრეზიდენტის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს, რუსეთის პრეზიდენტებთან, შესაძლოა სომხეთის ლიდერთანაც. აზერბაიჯანელი ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს მისამართით რუსეთის აგრესიული განცხადებების ნამდვილი მიზეზი პანკისის ხეობაში არ უნდა ვეძიოთ: [გულუზადეს ხმა] ”ვფიქრობ, საქმე ის არის, რომ რუსეთი შეშფოთებულია კავკასიის დაკარგვის საფრთხით. ნახეთ, რა ხდება – აზერბაიჯანი, საქართველო სუვერენული სახელმწიფოები არიან. დასავლეთის ქვეყნები ცდილობენ, მიაღწიონ სომხეთის სუვერენულობას და მისი რუსეთისაგან ჩამოშორებას. ასე რომ, რუსეთი კარგავს პირდაპირ გასასვლელს ირანზე, თურქეთზე სომხეთის ტერიტორიის გავლით. და მომავალში შესაძლოა ისე მოხდეს, რომ, როცა რუსეთს დასჭირდება დერეფანი სომხეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის გავლით, როგორც ეს პოლონეთში მოხდა იუგოსლავიის ომის დროს, რუსეთი, შესაძლოა, ამ დერეფნის გარეშე დარჩეს. ამიტომ არის, რომ რუსეთი კავკასიისათვის იბრძვის. კავკასიას რუსეთისათვის უზარმაზარი სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ ნურავინ იფიქრებს – ნურც საქართველო, და ნურც აზერბაიჯანი,- რომ დამოუკიდებლობისა და სუვერენობის დაცვა ადვილი იქნება”.

და მაინც, მოსკოვის მხრივ ზეწოლას ყველაზე მეტად საქართველო განიცდის. რატომ?

[გულუზადეს ხმა]”აზერბაიჯანს საქართველოსთან ერთად იმიტომ მოვიხსენიებ, რომ ამ ორი ქვეყნის ბედი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. მომავალშიც ასე იქნება. მათი დამოუკიდებლობა დაკავშირებულია იმასთან, თუ რამდენად წარმატებული იქნება ბაქო-თბილისი ჯეიჰანის პროექტი”.

მაგრამ ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ იკვეთება ნავთობსადენის პროექტში მონაწილე ორი კავკასიური სახელმწიფოსადმი რუსეთის პოზიციის ასიმეტრიულობა. იქნებ რუსეთის გაღიზიანებას პირველ რიგში ის გარემოება განაპირობებდეს, რომ საქართველო არის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ერთადერთი წევრი, რომელიც ღიად აცხადებს ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების შესახებ? ამ შეკითხვაზე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგისაგან შემდეგი პასუხი მივიღე: [გულუზადეს ხმა] ”მართალია, ნატოში გაწევრიანება აზერბაიჯანსაც უნდა, მაგრამ ამის შესახებ ოფიციალური პირები არ ლაპარაკობენ. როცა პრეზიდენტის მრჩეველი ვიყავი, მე პირველმა წამოვაყენე ეს იდეა. მას მთავრობის მომხრე ყველა პარტია და ყველა ოპოზიციური პარტია მიემხრო. საქართველო იბრძვის, წინააღმდეგობას უწევს ზეწოლას და დარწმუნებული ვარ, რომ თავს გაართმევს სიძნელეებს. დარწმუნებული ვარ, დასავლეთის ქვეყნები მხარდაჭერას უწევენ და გაუწევენ კიდეც – როგორც მორალურ, ისე სამხედრო მხარდაჭერას”.

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოახლოებული სამიტისადმი მიძღვნილ წინასწარი მიმოხილვას აზერბაიჯანელი დამოუკიდებელი ექსპერტის, ვაფა გულუზადეს ამ დამაიმედებელი სიტყვებით დავამთავრებთ. ორშაბათიდან კი, ცხადია, უკვე კიშინიოვის სამიტის მიმდინარეობის შესახებ მოგითხრობთ.
XS
SM
MD
LG