Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადა და შესაძლებელია თუ არა მისი გაუქმება


აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის ალტერნატიული კონცეფციის გამოჩენამ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიათა ლიდერებს შორის ახალ დაპირისპირებას ჩაუყარა საფუძველი.

აჭარის მეთაური და პრეზიდენტ შევარდნაძის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ასლან აბაშიძე აფხაზეთისათვის გამოცხადებული ეკონომიკური ბლოკადის გაუქმებას და რეგიონთან აქტიური ეკონომიკური კავშირების დამყარებას მოითხოვს. ამის კატეგორიული წინააღმდეგია აფხაზეთიდან დევნილი ხელისუფლება, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების პირველ ნაბიჯად რეგიონის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას მიიჩნევს.

გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების ახლად დანიშნული წარმომადგენელი, რომლის მისია ამ გაჭიანურებული კონფლიქტის დროული გადაწყვეტით დასავლეთის მზარდ დაინტერესებაზე მიანიშნებს. მით უმეტეს, რომ კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში აქტიურ ჩართვას აპირებს დიდი ბრიტანეთიც. დასავლეთი თავის სამოქმედო გეგმად აცხადებს „გაეროს“ გენერალური მდივნის ყოფილი პირადი წარმომადგენლის დიტერ ბოდენის კონცეფციას, რაც, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის განსაზღვრას ითვალისწინებს საქართველოს ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში.

ამ დროს კი, აჭარის ლიდერის ასლან აბაშიძის ინიციატივით, თბილისში აქტიური კამათი იწყება აფხაზეთის სტატუსის გარკვევის მიზანშეწონილობისა და ეკონომიკური ბლოკადის მოხსნის თაობაზე. აბაშიძემ ასეთი კონკრეტული და წერილობითი სახის სამოქმედო გეგმა მოსკოვში უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ ჩამოაყალიბა.

აჭარის პოლიტიკური ელიტა ირწმუნება, რომ აფხაზებს სტატუსზე ლაპარაკის გაგონებაც არ სურთ, ეკონომიკური ბლოკადა არ მუშაობს, ამიტომ ერთიც და მეორეც უნდა დავივიწყოთ და სეპარატისტებთან ერთობლივი ბიზნესის წამოწყებაზე ვიმუშაოთ. თბილისში აჭარის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ჰამლეტ ჭიპაშვილმა ჩემთან საუნბარში, აი, რა განაცხადა:

[ჭიპაშვილის ხმა] „როდესაც გაჩნდება საერთო ინტერესი, როდესაც იქ გაიხსნება ქარხანა, როდესაც იქ ვიღაც ფულს ჩადებს, ინვესტიციას, და მარტო ჩვენი კი არა, აქ უნდა მოხდეს, ჩვენთან ერთად, დასავლური კაპიტალის შეტანა აფხაზეთში. ჩვენი თანხმობით და ჩვენთან ერთად. როდესაც დაიწყება ხალხის მიმოსვლა, აი, მატარებლის გახსნასთან ერთად, დაიწყება სხვა კავშირები, ამას ნელ-ნელა მოჰყვება ის, რასაც ჰქვია პოლიტიკის ცვლა.“[სტილი დაცულია]

ჭიპაშვილმა სწორედ იმას გაუსვა ხაზი, რასაც ეგრეთ წოდებული აფხაზეთის ეკონომიკური ბლოკადის განმსაზღვრელი დოკუმენტი ითვალისწინებს. ლაპარაკია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის წევრი ქვეყნების მეთაურთა სამიტის 1996 წლის 19 იანვრის გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთი ცნობილია საქართველოს განუყოფელ ნაწილად. შესაბამისად, მოთხოვნილია აფხაზეთთან ყოველგვარი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით განხორციელების აუცილებლობა. ამ დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, იმ დროს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ელჩი ვაჟა ლორთქიფანიძე ასეთ კითხვას სვამს:

[ლორთქიფანიძის ხმა] „აი, გეკითხებით, რატოა ეს ბლოკადა, ან რატომ არის ეს უსამართლო. აქედან რომელს მოხსნით თქვენ, რა არის მოსახსნელი: ის, რომ საქართველოს შემადგენელი ნაწილია აფხაზეთი თუ ის, რომ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები მხოლოდ საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით უნდა განხორციელდეს. და ასეთი გაუგებრობა და, მართლა, აღვირახსნილობა, რაც ახლა განხორციელდა იქ, აფხაზეთ-რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობა, ასეთი ჩვენ არ ვიცით. ეს აღმაშფოთებელია, ეს აბუჩად აგდებაა მეგობარი ქვეყნის, მისი სუვერენიტეტის, მისი მთლიანობის. აი, რომელი მოვხსნათ, აი, მე ცოტა ეს არ მესმის.“ [სტილი დაცულია]

ვაჟა ლორთქიფანიძეც ეთანხმება იმ აზრს, რომ მოლაპარაკებების საფუძველზე, საქართველოს მონაწილეობითა და ნებართვით, აფხაზეთში ეკონომიკური განვითარების პირობები უნდა შეიქმნას. მაგრამ ამის დაშორება პოლიტიკურ მხარესთან, ანუ აფხაზეთის სტატუსთან, შეუძლებელია. არც ერთი საერთაშორისო კორპორაცია და არც ერთი ჭკუათმყოფელი ქართველი ბიზნესმენიც კი ერთობლივ საწარმოს შექმნას ან სხვა ბიზნესს ისე არ წამოიწყებს, თუ გარკვეული არ არის ამ საქმიანობაში მონაწილე მხარეების იურიდიული სტატუსი და, შესაბამისად, მისი პასუხისმგებლობა.

ასეც რომ არ იყოს და ქართული ბანკები აფხაზეთში საკუთარი ფილიალების გახსნის ინიციატივაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, თავად აფხაზ სეპარატისტებს ამის არავითარი სურვილი არ გააჩნიათ. სეპარატისტული ხელისუფლების ბუნებიდან გამომდინარე, მისთვის მისაღები უფრო ჩრდილოვანი, შავი ბიზნესია, რაც კარგა ხანია ყვავის ქართულ და აფხაზურ კლანურ დაჯგუფებებს შორის.

აფხაზეთიდან დევნილი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი ფიქრობს, რომ აფხაზეთის კონფლიქტს ვერც საქართველოს ეკონომიკური ძალისხმევა გადაწყვეტს და ვერც რუსეთის მონდომება.

[ნადარეიშვილის ხმა] „ეს არის პოლიტიკური კონფლიქტი, გლობალური კონფლიქტი, მსოფლიო გადანაწილების პროცესი კავკასიაში. ამერიკის და რუსეთის გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. ახლა ასლან აბაშიძე ამ საკითხს გადაწყვიტავს, მე ძალიან შორს ვიყავი ამ აზრისგან. ამიტომ, იცით, რუსეთიც ვერ დაარეგულირებს ამ კონფლიქტს, რადგანაც ძალიან ღრმად არის შესული, ასე ვთქვათ, დასავლეთი და აშშ საქართველოში.“[სტილი დაცულია]

როგორც ჩანს, აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ორი სხვადასხვა - დასავლური და რუსული - მოდელის ჭიდილს ორი ავტონომიის წარმომადგენლების დაპირისპირება განასახიერებს, თუმცა მასში გამარჯვებული სულაც არ განსაზღვრავს აფხაზეთის კონფლიქტის გადაწყვეტის შესაბამისი მოდელის უპირატესობას. აჭარისა და აფხაზეთის წარმომადგენელთა კონფრონტაციას შიდაპოლიტიკური დაძაბულობის მოტანა უფრო შეუძლია, ვიდრე აფხაზეთის პრობლემის დაძლევაში რაიმე წვლილის შეტანა.
XS
SM
MD
LG