Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაუმჯობესდება თუ არა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები რუსეთისთვის ჩეჩენი მებრძოლების გადაცემის შემდეგ


თამარ ჩიქოვანი, თბილისი 4 ოქტომბერს რუსეთისთვის გადაცემულ 5 ჩეჩენ მებრძოლს 5 ოქტომბერს სტავროპოლში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ უკვე წაუყენა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობისა

და იარაღის უკანონო შეძენისა და შენახვის ბრალდება. რუსეთში ჩეჩენი მებრძოლების ექსტრადიციამ საქართველოში ვნაბათაღელვა გამოწვია. მართალია, 5 ოქტომბერს საპროტესტო აქციის მონაწილე დევნილებმა და ქისტმა მოსახლეობამ გახსნა პანკისის ხეობისკენ მიმავალი გზა, მაგრამ საყვედურები საქართველოს ხელისუფლების მიმართ კვლავ გაისმის.

5 ოქტომბერს სააგენტო “პრაიმ-ნიუსმა” გაავრცელა იჩკერიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერის ახმედ ზაკაევის განცხადება, რომელშიც ჩეჩენი მებრძოლების რუსეთში ექსტრადიცია საქართველოს სისუსტის გამოვლინებად არის შეფასებული. მისივე აზრით, თუ ჩეჩნების გადაცემა მიზნად ისახავს რუსეთის სამხედრო წრეების მომადლიერებას კიშინიოვში დაგეგმილი დსთ-ს სამიტის წინ, ეს დიდი შეცდომაა.
პრეზიდენტი შევარდნაძე პრეზიდენტ პუტინს კვირას კიშინიოვში, თბილისის დროით დაახლოებით საღამოს ათი საათისთვის შეხვდება. საქართველოს მხარის ვარაუდით, კიშინიოვის სამიტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სწორედ პუტინ-შევარდნაძის შეხვედრა იქნება. მოელიან, რომ ამ შეხვედრაზე პრეზიდენტი შევარდნაძე რამდენიმე განცხადებას გააკეთებს ჩეჩნეთის პრობლემასთან დაკავშირებით. კერძოდ, რომ საქართველო არ არის ვალდებული და ვერც შეძლებს გადაწყვიტოს ჩეჩნეთის პრობლემა, რომელსაც რუსეთი რამდენიმე წელია, ვერ აგვარებს; რომ რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც ქართველ, ისე რუს მესაზღვრეებს; რომ საქართველოს თავად აქვს პრეტენზიები რუსეთის მიმართ, რომლის ტერიტორიიდან პანკისის ხეობაში ჩეჩენი მებრძოლები გადმოდიან.
რუსეთის მხარე ვარაუდობს, რომ ორი ქვეყნის პრეზიდენტის შეხვედრა რაიმე რადიკალურ ცვლილებას არ გამოიწვევს არსებულ ვითარებაში. რომ გაკეთდება რამდენიმე პროტოკოლური განცხადება, რაც, მთლიანობაში, დაძაბულობას რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში ვერ მოხსნის. განსხვავებული მოსაზრება გამოთქვა ამ დღეებში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ ქართული მხარე ორ სახელმწიფოს შორის არსებული არანორმალური ურთიერთობის მოწესრიგებისთვის მზად არის.
სამწუხაროდ, რუსეთის ექსპერტთა ვარაუდი უფრო რეალურად გამოიყურება, იმ საინფორმაციო ფონის გათვალისწინებით, რაც წინ უძღვის კიშინიოვის სამიტს. მაგალითად, კიშინიოვის სამიტის წინ რუსმა მესაზღვრეებმა კვლავ აღმოაჩინეს საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი მებრძოლების ორი ჯგუფი, დაახლოებით 100 კაცი, რომელიც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთიდან ცდილობს რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევას; რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი ივანოვი კვლავ აცხადებს, რომ ოფიციალური თბილისის ტაქტიკას, რაც საქართველოს ტერიტორიიდან ბოევიკების რუსეთისკენ გამოდევნას გულისხმობს, შესაძლოა, გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვეს.
რით დასრულდება პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა, უკვე კვირა საღამოს გახდება ცნობილი. ამ შეხვედრისას მიღწეული შედეგები, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ყოველწლიურ მოხსენებაში სოლიდურ ადგილს დაიკავებს. შეგახსენებთ: პარლამენტის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის გამოსვლა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კიშინიოვის სამიტის შემდეგ იგეგმება.
XS
SM
MD
LG