Accessibility links

logo-print

ოქტომბერი თბილისში კვლავაც ხელოვნების ფესტივალების


ოქტომბერი თბილისში კვლავაც ხელოვნების ფესტივალების

თვედ მიაჩნიათ და, როგორც ჩანს, რაც არ უნდა მოხდეს საქართველოში, როგორც არ უნდა უჭირდეს ქვეყანას, მუსიკის, თეატრის, კინოფესტივალების ორგანიზატორები თავიანთ საქმეს ვერაფრით შეელევიან. ხელოვნების ფესტივალი იმის ილუზიას ქმნის, რომ ამ ქვეყანაში კულტურას კვლავაც აფასებენ... თუ სახელმწიფო არა, ბიზნესმენები მაინც, თუ ბიზნესმენები არა – საერთაშორისო ორგანიზაციები. ყველანაირი ილუზია კი, როგორც წესი, თავის მოტყუებას ნიშნავს. ფესტივალის ორგანიზატორები იძულებულები არიან თავი მოიტყუონ და მოატყუონ საზოგადოებაც... და, რაც მთავარია, წლიდან წლამდე გრძელდება თავად “ფესტივალის” იდეის გაუფასურება: საქართველოში დღეს ფესტივალს ხელოვნების დღესასწაულად უკვე თავად ორგანიზატორები აღარ მიიჩნევენ. მთავრობა, ბიზნესმენები და საერთაშორისო ორგანიზაციებიც უარს ამბობენ კომერციული თვალსაზრისით წამგებიანი ფესტივალების სპონსორობაზე. მაგრამ ორგანიზატორები მაინც “იხტიბარს არ იტეხენ” – ახლა უკვე “მინიფესტივალებს” ატარებენ, როგორც ჩანს, იმ იმედით, რომ საზოგადოებას განუწყვეტლივ ახსოვდეს ამა თუ იმ ფესტივალის არსებობა. წელს თეატრალური “საჩუქრის” ბედი კინოფესტივალმაც გაიზიარა. როგორც კი მოსკოვის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი თბილისიდან გაემგზავრა, კინოთეატრ “ქოლგასა” და “ამირანში” “საჩუქრის” პროგრამით გათვალისწინებული ფილმების ჩვენება დაიწყეს. მაგრამ წლევანდელ ფესტივალს უკვე აღარც ჟიური ეყოლება (გასულ წელს აქ ერთდროულად ორი ჟიური მუშაობდა) და არც პრიზებით დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. როგორც გამოირკვა, ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” დახმარებით შესაძლებელი გახდა მხოლოდ კონფერენციის გამართვა, კონფერენციისა, რომელშიც უცხოელი პროდიუსერები მიიღებენ მონაწილეობას. სტუმრებმა უცხოური კინოინდუსტრიის განვითარებაზე უნდა ისაუბრონ. თუმცა, საეჭვოა, რომ ამ საუბრებმა მნიშვნელოვნად იმოქმედოს დღევანდელ ქართულ კინოზე, რომელსაც თავისი პროდიუსერები, ფაქტობრივად, არა ჰყავს. მენეჯმენტის პრობლემა, საერთოდ, მოუგვარებელი რჩება ქართულ კულტურაში. ამაზე დღეს ხმამაღლა ლაპარაკობენ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მესვეურები, რომელთა მიზანი ეროვნული ხელოვნების პროპაგანდაა.

ხელოვნებათმცოდნე ნინო გედევანიშვილის მიერ დაარსებულმა “არტექსპრესმა” თავის დროზე სწორედ თბილისის ფესტივალების ბედი გაიზიარა. “არტექსპრესი” თავდაპირველად გადაცემას ერქვა, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში გადიოდა. ეს იყო სახვითი ხელოვნებისადმი მიძღვნილი, ფაქტობრივად, ერთადერთი განხორციელებული პროექტი ქართულ სატელევიზიო ეთერში. თუმცა “არტექსპრესს”, რომელიც მხატვრული თვალსაზრისით, აზრის სიღრმით, პროფესიონალიზმით, აშკარად, გამოირჩეოდა ყველაფერი იმისგან, რაც კეთდებოდა და კეთდება სახელმწიფო და დამოუკიდებელ ტელევიზიებში, დიდხანს არ უარსებია. ნინო გედევანიშვილის საავტორო გადაცემა სახელმწიფო ტელევიზიის ტენდერში დამარცხდა: პროექტი მეტისმეტად “ელიტარულად” მიიჩნიეს, ანუ აღიარეს, რომ საზოგადოებას დღეს, საერთოდ, არ აინტერესებს სერიოზული ხელოვნება. მსგავსი გადაცემის მიმართ კომერციული ტელეკომპანიების გულგრილობა ადვილი გასაგებია, მაგრამ, როცა მაღალი კულტურის პროპაგანდაზე სახელმწიფო ტელევიზია ამბობს უარს – ეს უკვე გარკვეული ტენდენციის მანიშნებელი ხდება. ასეთი ტენდერის შემდეგ დამარცხებული ტელეგადაცემის ავტორმა ან ქუდი უნდა დაიხუროს და პროფესიის შეცვლაზე იფიქროს, ან მოიგონოს კომერციული პროექტი – მაგალითად, გადაცემა ქართული ესტრადის ვარსკვლავების პირად ცხოვრებაზე, ან, უფრო კონკრეტულად, გადაცემა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გახდე “ჩემი მშვენიერი ლედი”. “არტექსპრესის” ავტორმა ამ ცდუნებაზე უარი თქვა: როგორც კი გადაცემა დახურეს, ნინო გედევანიშვილმა, ხელოვნებათმცოდნე ნატა გეგენავასთან ერთად, დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც ასევე “არტექსპრესი” ეწოდა, ორგანიზაცია, რომლის მიზანი თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების პროპაგანდაა. სახეშეცვლილი “არტექსპრესის” პირველი დიდი პროექტი ამ დღეებში განხორციელდა თბილისის ისტორიის მუზეუმში: “ქარვასლის” საგამოფენო დარბაზში მოეწყო ერთდღიანი აქცია “ხელოვნებიდან – მშვიდობისაკენ”, რომელიც, მართალია, 11 სექტემბრის ტრაგედიას მიეძღვნა, თავისი შინაარსით, მაინც უფრო მასშტაბური, განზოგადებული იყო, ვიდრე მხოლოდ რეაქცია კონკრეტულ მოვლენაზე. აქციის ორგანიზატორის ნატა გეგენავას თქმით:

[ნატა გეგენავას ხმა] “ეს იყო აქცია ძალადობის წინააღმდეგ - ეს შეიძლება მოხდეს ამერიკაში, შეიძლება მოხდეს საქართველოში და ხდება... მხატვრებმა იცოდნენ, რომ ეს თემა იყო. უბრალოდ, 11 სექტემბერი ავიღეთ კონკრეტიზაციისთვის...მხატვრებმა თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს – ბევრმა სპეციალურად შექმნა ამ თარიღისთვის, ბევრმა ის ნამუშევრები წარმოადგინა, რომლებიც, მათი აზრით, ამ თემას უპასუხებს... აი, მაგალითად, მიშა გოგრიჭიანის “ასანთის კოლოფი”. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ მთელი სამყაროა ასანთის კოლოფი, რომელსაც ცეცხლი შეიძლება წაუკიდო.”

“არტექსპრესი” არ აპირებს სამხატვრო გალერეის გახსნას თბილისში. ნატა გეგენავას თქმით, სამხატვრო დარბაზი საქართველოს დედაქალაქს ისედაც ბევრი აქვს და აქ, როგორც წესი, ერთი და იგივე მხატვრები იფინებიან ხოლმე. უფრო მნიშვნელოვანი დღეს კონტაქტები და არტმენეჯმენტის სრულყოფაა. ფაქტია, რომ თანამედროვე ქართულმა ფერწერამ ყველაზე ნაკლებად განიცადა ეროვნული კულტურის საერთო კრიზისი. მიუხედავად ამისა, ქართველ მხატვართა შემოქმედების მიმართ ინტერესმა დასავლეთში დღეს, აშკარად, იკლო, თუნდაც 80-იანი წლების მეორე ნახევართან შედარებით, როცა მთელი მსოფლიო “სოცარტის” მოდამ მოიცვა. “არტექსპრესის” მესვეურები დარწმუნებულები არიან, რომ ამის მიზეზი ცუდი მენეჯმენტია. ტრადიციულად, ცუდი საქართველოში... ჯერ კიდევ ნიკო ფიროსმანის ეპოქიდან დაწყებული – დღემდე. არიან მხატვრები, რომლებიც უცხო ენაზე არ ლაპარაკობენ, საერთოდ, უჭირთ კომუნიკაცია, მაგრამ ძალიან საინტერესოდ მუშაობენ. რატომ უნდა იყოს ასეთი მხატვარი დაჩაგრული?– რიტორიკულ კითხვას სვამს “არტექსპრესის” მესვეური.
[ნატა გეგენავას ხმა]: “ეს სახელწოდება ხელოვნებიდან - მშვიდობამდე, საწყისი ეტაპია იმ პროექტისა, რომელიც ჩვენ იდეაში გვაქვს და რომელიც კავკასიურ რეგიონს შეეხება.

გამოდის, რომ “არტექსპრესი” აპირებს მოიცვას მთელი კავკასიური რეგიონი და დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ კულტურა აქ კვლავაც მშვიდობისმყოფელის ფუნქციას ასრულებს, რომ სულაც არ არის აგრესიული, დესტრუქციული. როგორც ვხედავთ, ჩვენში ამისათვის ჯერჯერობით კერძო პირები, არასამთავრობო ორგანიზაციები იღვწიან. ქართული მასმედია, მათ შორის, სამთავრობოც, ძირითადად, იმითაა დაინტერესებული, რომ საზოგადოებამ შეიტყოს, “როგორ უნდა გახდე ჩემი მშვენიერი ლედი”
XS
SM
MD
LG