Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შემცირებაში მოყოლილი ქართველი სამხედროების დასაქმებაზე ბრიტანელები იზრუნებენ


საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ყბადაღებული

რეფორმები ჯერჯერობით მხოლოდ პირადი შემადგენლობის შემცირებაში გამოიხატა. თანაც რეორგანიზების პროცესში არანაირი სოციალური დაცვის ელემენტი არ იქნა გათვალისწინებული. მეტიც, შემცირებაში მოყოლილ ოფიცრებსა და ზემდეგებს სრულად არ მიუღიათ გასულ წლებში დაგროვებული სახელფასო დავალიანება, ხოლო იმის გამო, რომ შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს, მათი უმრავლესობა უმუშევრობისთვის აღმოჩნდა განწირული. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი ქართველი ოფიცრების სოციალური რეაბილიტაციის პრობლემას და მისი გადაწყვეტის გზების ძიებას მიეძღვნა გასულ კვირაში სამი ქვეყნის - დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროების მიერ მოწყობილი ერთობლივი სემინარი თბილისში.

კანონის თანახმად, სამხედრო პენსიის დანიშვნის უფლების მოსაპოვებლად, სამხედრო მოსამსახურემ შეიარაღებული ძალების რიგებში 20 წელი უნდა იმსახუროს. 10 წლის ისტორიის მქონე ქართულ არმიაში მყოფი უფროსი თაობის ოფიცრები, რომლებმაც სამხედრო ფორმა 90-იანი წლების დასაწყისში ჩაიცვეს, ბუნებრივია, ამ უფლებას საპენსიო ასაკის მოახლოების შემდეგ დაკარგავენ. მათზე ოდნავ უკეთეს მდგომარეობაში აღმოჩნდებიან ოფიცრის თანამდებობაზე მყოფი სამხედრო მოსამსახურეები, ვისაც ბედი გაუმართლებთ და საშტატო შემცირებაში მოყვებიან. ამ კატეგორიის სამხედრო მოსამსახურეებს თადარიგში გასვლის დროს სახელმწიფო, თავის გასატანად, ერთჯერად დახმარებას მაინც უნაზღაურებს.

კიდევ უფრო უარესი ხვედრი ელის სამხედრო სფეროში მყოფ სამოქალაქო პერსონალს, რომლის მიმართ სახელმწიფო, საერთოდ, არანაირ ვალდებულებას არ გრძნობს.

აქედან გამომდინარე, იმ ადამიანთა უმრავლესობა, რომლებიც შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე საშტატო რეორგანიზების გამო შემცირებაში მოყვნენ, განწირულია მიმართოს თვითდასაქმების ტრადიციულ ფორმას. ამიტომ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს მრავლად შეხვდებით მტვირთავებად ბაზრობებზე, დარაჯებად და წვრილ მოვაჭრეებად მაღაზიებსა და სხვადახვა სავაჭრო ობიექტებში.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსის პოლკოვნიკ დიმიტრი ლეჟავას თქმით, საკადრო რეორგანიზაციის მიზნით განხორციელებულ საშტატო შემცირებას, კანონის თანახმად, უკვე დაექვემდებარა 1150 კაცი, წლის ბოლოს კი მათი რაოდენობა 1500-მდე გაიზრდება. შემცირებულთა პროფესიონალიზმისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ რამდენიმე მათგანისთვის სამოქალაქო თანამდებობის გამოძებნა შეძლო. მაგრამ დაახლოებით 500 ადამიანის ბედი, ვისი დასაქმებაც პირველი რიგის ამოცანას შეადგენს, კვლავაც ჰაერშია გამოკიდებული. შარშან დასაქმების ერთიანმა სახელმწიფო ფონდმა თითქოს დაიწყო სამხედრო მოსამსახურეთა დასაქმებაზე მუშაობა, შეგროვდა თანხები, შეიქმნა პროგრამის პროექტიც, მაგრამ თბილისის მიწისძვრის შემდეგ ეს თანხები უკვალოდ დაიკარგა და ეს პროგრამა შემდეგ აღარავის მოუკითხავს.

დიმიტრი ლეჟავას თქმით, ადამიანის სამხედრო კარიერა ისე უნდა გაიწეროს, რომ სამხედრო სამსახურის ბოლოს სახელმწიფო ხარჯზე შეეძლოს გამოსადეგი სამოქალაქო სპეციალობის შეძენა. "სამხედროებს უნდა ჰქონდეთ ერთი ცხოვრება, ორი კარიერა," მაო ძე-დუნის ცნობილი გამოთქმის ("ერთი ერი, ორი სისტემა") პერიფრაზი მოჰყავს დიმიტრი ლეჟავას, თუმცა ამ დევიზის უკან არ დგას არანაირი სახელმწიფოებრივი ნება.

არადა, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის მოგვარება, ამის მაგალითი დიდმა ბრიტანეთმა უკვე მისცა რუსეთს, სადაც ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 17 ათასი ოფიცრის გადამზადება მოხერხდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა ხელშეწყობისა და გადამზადების ცენტრის წარმომადგენლის ჯეკ ჰემსლის თქმით, რუს ოფიცერთა გადამზადებაზე დიდმა ბრიტანეთმა 9 მილიონი ფუნტი სტერლინგი გამოყო, ხოლო მათი საქმიანობის წარმატებაზე ის ფაქტი მეტყველებს, რომ ბრიტანულ გადასამზადებელ ცენტრში მომზადებაგავლილ სპეციალისტებზე დიდი მოთხოვნილება არსებობს.

ყველაფერი ეს კი კეთდება იმისთვის, რომ არ მოხდეს სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი ოფიცრების მარგინალიზაცია, რაც არა მარტო რუსეთის, არამედ მისი მეზობელი ქვეყნების უსაფრთხოებასაც შეუქმნის სერიოზულ საშიშროებას.


მომავალი წლიდან დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს ასეთი გადასამზადებელი ცენტრები სამ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში - საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში - დააფინანსოს. მანამდე კი ბრიტანული გამოცდილების გასაზიარებლად მანჩესტერში სამი სახელმწიფო უწყების - საქართველოს თავდაცვის, ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს - და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რვაკაციანი დელეგაცია გაემგზავრა. დელეგაცია იმავე პრინციპით შეირჩა, როგორც ესახებათ ამ პრობლემის გადაჭრა საქართველოში ბრიტანელ ექსპერტებს: თავდაცვის და ჯანმრთელობის დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროებმა, სასურველია, წილობრივი მონაწილეობით, ერთად უნდა შექმნან გადამზადების კონკრეტული პროგრამა და განსაზღვრონ სამუშაო ადგილები. პოლიტექნიკურ ბაზაზე არსებულ ცენტრში კი, რომელზეც უკვე შეაჩერა არჩევანი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ, მოხდება შერჩეული კონტინგენტის ექვსთვიანი გადამზადება სხვადახვა სპეციალობით.

აღსანიშნავია, რომ ყველა ხარჯს, რაც პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში ამგვარი ცენტრის აღჭურვას და პედაგოგთა შრომის ანაზღაურებას დასჭირდება, მთლიანად ბრიტანეთის მხარე გაიღებს. შემცირებულ ოფიცერთაგან შერჩეული კონტინგენტი კი შეისწავლის ყველა იმ სპეციალობას, რომელზეც იმ დროისთვის ნამდვილად იქნება მოთხოვნილება შრომის ბირჟაზე. საქართველოს კი მხოლოდ ერთადერთი საზრუნავი რჩება - რეალურად შექმნას ის ახალი სამუშაო ადგილები, რომელსაც საქართველოს მოსახლეობას გულუხვად შეჰპირდა ჯერ კიდევ წინა არჩევნების დროს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG