Accessibility links

რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე


რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე,

ჩვენში ისევ აქტუალური გახდა ეგრეთ წოდებული “რუსული იდეა”, რომლის კრიტიკული გააზრება მეოცე საუკუნეში პირველად ნიკოლოზ ბერდიაევმა სცადა. საბჭოთა კავშირში “რუსულ მესიანიზმზე” საუბარი მხოლოდ 60-იანი წლების მიწურულს დაიწყეს მოსკოველმა, ლენინგრადელმა, ციმბირელმა მწერლებმა. დღეს ასტაფიევის, ბელოვის, რასპუტინის ნაწარმოებებს უკვე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებიც იხსენებენ –რუსული კულტურის, “პოჩვენიკებად” წოდებულ, მოღვაწეთა ნაწარმოებების ციტირებას კრემლის მაღალჩინოსნები მიმართავენ. რუსეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ დღესაც რუსული “მესიის იდეა” განსაზღვრავს.

გავრცელებულია აზრი, რომ რუსული მესიანიზმი თავისებური რეაქცია იყო ჩაადაევის ცნობილ წერილზე, რომელშიც მეცხრამეტე საუკუნის პუბლიცისტი რუსეთს “ადამიანთა მოდგმის მსოფლიო აღზრდისაგან” განზე გადგომაში ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ, “ამავე დროს, რუსეთი ცდილობს ჭკუა ასწავლოს მთელ მსოფლიოს”. საბჭოთა ეპოქაში ეს წერილი სრული სახით მხოლოდ 1987 წელს დაიბეჭდა. რუსმა, ეგრეთ წოდებულმა, “პოჩვენიკებმა”, რომლებიც იმხანად განსაკუთრებით გააქტიურდნენ, ჩაადაევს საბჭოთა კავშირის მწერალთა ყრილობაზე უპასუხეს: “ჭკუას კი არ ასწავლის, არამედ ცდილობს უჩვენოს გზა, რომელსაც, რუს ხალხთან ერთად, გაჰყვება მთელი სამყარო, - გზა ტაძრისაკენ, რომელიც მსოფლიოს გააერთიანებს”. მწერალთა ყრილობა სწორედ იმ დროს ჩატარდა, როცა თენგიზ აბულაძის “მონანიებას” ხალხით გადაჭედილ საბჭოთა კინოთეატრებში უჩვენებდნენ. ისე მოხდა, რომ სამყაროს გადარჩენის მესიანური როლის ხელახალი შეგრძნება “ერის მონანიებისა” და “ტაძრისკენ მიმავალი გზის” აღდგენის იდეას დაუკავშირდა. ამ პროცესმა, გარკვეული თვალსაზრისით, გააერთიანა კიდეც ეგრეთ წოდებული “ორი რუსეთი”. მწერალთა ყრილობაზე ბელოვისა და რასპუტინის პატრიარქალურ-რელიგიურ ლოზუნგებს უმრავლესობამ დაუჭირა მხარი... რუსი “პოჩვენიკების” ყველაზე რადიკალურმა ოპონენტებმა, კინემატოგრაფისტებმა, ერთი შეხედვით, თითქოს გაილაშქრეს ასტაფიევ-რასპუტინის შოვინიზმის წინააღმდეგ, მაგრამ ამ დაპირისპირებით მხოლოდ და მხოლოდ განამტკიცეს “რუსული მესიანიზმის” იდეა. იმავე, 1987, წელს ჩატარებულ თავიანთ ყრილობაზე კინემატოგრაფისტებმა, რომლებიც “ზაპადნიკებად” ითვლებოდნენ, “საკულტო ფილმებად” მიიჩნიეს ნიკიტა მიხალკოვის “ობლომოვი” - ფილმი, რომელშიც ობლომოვი ცხადდება “რუსული სულიერების, რელიგიურობის”, შტოლცი კი “გერმანული პრაგმატიზმისა და ფარისევლობის” სიმბოლოდ, და ანდრეი ტარკოვსკის “სარკე”, თავისებური შინაგანი მონოლოგი კაცისა, რომელიც აღიარებს, რომ დაკარგული აქვს სიყვარულის უნარი და ამიტომ... ეცოდება თავისი თავი... კინემატოგრაფისტების ყრილობაზე არავის უთქვამს, რომ მონანიება და თავის შეცოდება ერთსა და იმავეს სულაც არ ნიშნავს. თუმცა მიხალკოვსა და ტარკოვსკიზე რა უნდა ვთქვათ, როცა თავის დროზე “რუსულმა იდეამ” თვით გენიალური რუსი პოეტი ტიუტჩევიც კი მოხიბლა: “მოსკოვი და პეტრეს ქალაქი, კონსტანტინეს ქალაქი – აი, სად იმეფებს ყველაფერი რუსული,” –წერდა პოეტი. თურქეთის დედაქალაქი აქ ნამდვილად არ არის უბრალო პოეტური სახე. ტიუტჩევი ოცნებობდა მესიანური იდეის ზეიმზე, რომელიც არა მოსკოვში თუ პეტრეს ქალაქში, არამედ სტამბულში, სოფიის ტაძარში უნდა მოწყობილიყო... ანუ გზა ტაძრისკენ რუსებს კონსტანტინოპოლამდე უნდა აღედგინათ.

საბჭოთა ეპოქაში “რუსული იდეის” აღორძინების ფარული ტენდენცია პირველად სტალინის დროს, ეგრეთ წოდებულ “ექიმების საქმეში” წარმოჩნდა. ებრაელი ექიმების გამოცხადება “იმპერიალიზმის აგენტებად” თავისთავადაა სიმბოლური... და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აღორძინდა “პოგრომების” ძველთაძველი რუსული ტრადიცია... თავად ფაქტი, რომ “რუსულ” - ამ შემთხვევაში კი, “რუსულ-საბჭოთა” -მესიანურ იდეას ექიმები შეეწირნენ, ცხადყოფს ამ იდეის პათოლოგიურობას. არადა, “ექიმთა საქმეში” იმხანად მთელი რუსული საზოგადოება ჩაერთო. ისევ აქტუალური გახდა ტურგენევის სიტყვები, რომლითაც მან რუსი “სლავიანოფილები” დაახასიათა. “ისინი მიირთმევენ ბოლოკს, –წერდა ტურგენევი, – ლანძღავენ დასავლეთს და პატაკებს წერენ”. ტურგენევი აქ ხმარობს სიტყვას “დონესენიე”, რაც არა “პატაკის”, არამედ” დაბეზღების”, “დანოსის” ასოციაციას უფრო ქმნის. მოგვიანებით მერაბ მამარდაშვილი იტყვის, რომ

“რუსული ცხოვრების, რეალობის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი არის ადამიანის მუდმივი ჩამოკიდებულება კეთილ ან ავ ნებაზე. ავი ნება რაღაცნაირად უნდა მოთაფლო; ამიტომ მთელი შენი ცხოვრება იქცევა მოთაფლვად ამ ავი ინსტანციისა, რასაც ბლოკი ეძახდა სტიქიას... ბრალისა და თვითგამართლების მექანიზმი აღმოცენდება ადამიანში, ვინც საკუთარ თავს პატივს არ სცემს, რადგან არ უცდია საკუთარი თავის გაგება და არა აქვს გამოცდილება და ცოდნა თავისუფლებისა”.

ისტორიკოსი ლაშა ბაქრაძე, პირიქით, მიიჩნევს, რომ რუსული კულტურა ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის შეცნობას, ოღონდ, როგორც წესი, ეს პროცესი ნარცისული თვითგვემით მთავრდებოდა ხოლმე. [ლაშა ბაქრაძის ხმა]: “დიდია, უზარმაზარია რუსეთი, მაგრამ თვითკმარობის გრძნობა არა აქვს – ყოველთვის ცდილობს, რომ ვინმეს მოაწონოს თავი. მთელ რუსულ კინოში ხომ აუცილებელია, რომ ერთი ვიღაც უცხოელი იყოს და იმან რაიმე სისულელე თქვას რუსებთან დაკავშირებით და ამაზე ჩვენ გავილაღოთ, რომ უცხოელმა ისევ ვერ გაუგო რუსეთს – რუსებს ეს მოსწონთ ძალიან, რომ “რუსული სული” ვერაფრით ვერ გაიგეს. თვითონ რუსებიც, რასაკვირველია, ბევრს ფიქრობენ ამ სულის შესახებ”.

ლაშა ბაქრაძის აზრით, “რუსული იდეის” დამკვიდრებას დასავლეთმაც შეუწყო ხელი. ევროპა გატაცებით კითხულობდა, თუნდაც, დოსტოევსკის რომანებს და თვალს ხუჭავდა ამ რომანების ავტორის ანტისემიტიზმსა და მესიანიზმზე. [ლაშა ბაქრაძის ხმა]: “თუ არ ვცდები, სოლოგუბთან არის შესანიშნავი ეპიზოდი, როცა პეტრე დიდი მიდის რუსეთის რუკასთან, უყურებს მისი ძალაუფლების დროს გაზრდილ რუსეთს და ამბობს, რომ რუსეთი არც ევროპაა და არც აზია, ეს არის ცალკე კონტინენტი... და აი, ეს “უცხოობა” არის არა მხოლოდ ის, რომ რუსეთს არ ესმის ევროპელების და სხვანაირად უყურებს, არამედ ევროპელებსაც არ ესმით რუსებისა. ამდენი ხანი ისინი ერთმანეთის გვერდში ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთს კარგად ვერ გაუგეს, მათი მენტალობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. ეს უცნობი იზიდავს, რა თქმა უნდა, ადამიანს...როგორი მხიარულება შეუძლიათ რუსებს, როგორ შეუძლიათ იმხიარულონ, აღიარონ თავიანთი დანაშაული, მერე ისევ გავიდეს და ნაჯახით აკუწოს კაცი, მერე წავა ეკლესიაში და მოინანიებს... ძალიან “სხვანაირი” სამყაროა, იდუმალებით მოცული სამყარო, რომელიც ევროპელების ფანტაზიას ეხმარება, რომ კიდევ უფრო დაამშვენოს ეს.”[სტილი დაცულია]

და არა მარტო ევროპელების ფანტაზია. სწორედ 80-იანი წლების მიწურულს, როცა საზოგადოებამ თავისუფლად დაიწყო “რუსული იდეის” შესახებ მსჯელობა, ჟურნალ “ისკუსტვო კინოში” დაიბეჭდა მოსკოველი კინოდრამატურგის იური არაბოვის წერილი, რომელიც ასე იწყება: “რუსული იდეის” უტოპიას ნებისმიერი წესიერი კაცი მოაწერს ხელს, თუმცა ბევრი არ დაფიქრდება, რომ ნებისმიერი უტოპიის განხორციელება სიკვდილს ნიშნავს, ანუ ისტორიის დასასრულს”. არაბოვის აზრით, ამ ნაციონალურ უტოპიაში გამოჩნა რუსული კულტურის ძველთაძველი თვისება – სიკვდილის მიმართ ლტოლვა და სიცოცხლის შიში, თუ სიცოცხლის სიძულვილი, სიცოცხლისა, მთელი მისი წინააღმდეგობებით. რუსი ინტელიგენტის უუნარობამ შეძლოს თავისი თავის გამოხატვა სამოქალაქო, სოციალურ მოღვაწეობაში, მხოლოდ ხელი შეუწყო ამ უტოპიის დამკვიდრებას. ამას დაემატა ტოტალიტარული სახელმწიფო, რომელმაც თავის თავზე აიღო საზოგადოების კონტროლი და დატოვა რუსი ინტელიგენტი მის მიერვე შექმნილი უტოპიის წინაშე.

ეგრეთ წოდებული “რუსული იდეა”, მოგეხსენებათ, “სამოთხის” დამყარებას გულისხმობს მთელ მსოფლიოში. ახლა უკვე არა აქვს მნიშვნელობა, თუ რას დაარქმევენ ამ იდეის ავტორები “სამოთხეს” – ეს იქნება მართლმადიდებლობის აღორძინება, ეს იქნება “კომუნისტური სამოთხე”, ან, თუნდაც, მეზობელი ქვეყნების განთავისუფლება ტერორისტებისგან და იქ “წესრიგის აღდგენა”. ფაქტია, რომ “სამოთხე”, რომელსაც ეყრდნობა რუსული მესიანიზმი, უკონფლიქტოა, ამიტომ არა აქვს, მაგალითად, დრო, რომელიც განვითარებას გულისხმობს. ისიც ფაქტია, რომ ამ იდეის ავტორები დარწმუნებულები არიან - “სამოთხის დედაქალაქი” აუცილებლად მოსკოვი, ან პეტერბურგი, ან “რუსული კონსტანტინეპოლი” უნდა იყოს. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ერთი პატარა კუნძული თუ კონტინენტი, რომელსაც “სამოთხე” შეიძლება დავარქვათ, უკვე არსებობს ამ პლანეტაზე... და მას “რუსეთი” ჰქვია. ყველაზე საინტერესოა, რომ დღეს ზოგიერთ ქართველსაც სჯერა ამ იდეის. გავიხსენოთ, თუნდაც, როგორ შეაფასა რუსეთ-საქართველოს შორის სავიზო რეჟიმის შემოღება ერთმა ქართველმა ქალბატონმა თბილისის აეროპორტში, მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ:
[მოქალაქის ხმა] “ჩვენი შვილები წლობით ცხოვრობენ იქ – მოქალაქეობა აქვთ, საუკეთესო პირობები აქვთ, ვიყავით სამოთხეში, დავბრუნდით ჯოჯოხეთში, იქ სიცოცხლეა, აქ სიკვდილია."
XS
SM
MD
LG