Accessibility links

logo-print

მორიგი დარბევა რელიგიური ნიშნით


დავით პაიჭაძე, თბილისი კვირას, 6 ოქტომბერს, გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ შემოქმედში, რელიგიურ საფუძველზე მორიგი დარბევა მოხდა. მორიგი იმიტომ, რომ მორწმუნეები შეურაცხყვეს მანამდეც, 24 სექტემბერს.

საქმე ეხება მართლმადიდებელ ეკლესიას საქართველოში, რომლის წევრები უკვე ხუთი წელია არ მიაკუთვნებენ თავს საქართველოს საპატრიარქოს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. შემოქმედში მათ დაახლოებით 30-კაციანი მრევლი ჰყავთ. მრევლის ერთ-ერთი წევრის, ფრიდონ უჩაძის, საკუთარ ეზოში მორწმუნეთა სახსრებითა და ძალისხმევით პატარა სამლოცველო შენდებოდა. გიამბობთ იმის შესახებ, თუ რა მოხდა შემოქმედში და რა ბედი ეწია სამლოცველოს.

მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოში რაოდენობრივად არცთუ დიდი რელიგიური ჯგუფია. საქართველოს საპატრიარქოს ისინი 1997 წელს გაემიჯნენ და ბოსტონის მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციაში შევიდნენ. მსოფლმხედველობითი განსხვავებანი აღმსარებლობათა და კონფესიათა შორის არასოდეს გამხდარა მსჯელობის თემა ჩვენს რადიოში. ახლაც ასეა: ხსენებული რელიგიური ჯგუფის წევრებს ღირსება და უფლებები შეულახეს.

ამა წლის 24 სექტემბერს შემოქმედში საქართველოს საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე ჩავიდა. სამღვდელო პირებთან და მოქალაქეებთან შეხვედრის დროს საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებს კრიტიკის საპასუხოდ სიტყვა არ მისცეს, დარბაზი იძულებით დაატოვებინეს, ხოლო გარეთ გამოსვლისას, როგორც ამ ეკლესიის მღვდელმა ზურაბ აროშვილმა მითხრა, მათ ნასვამი ადამიანები დახვდნენ [ზურაბ აროშვილის ხმა], “რომელთაც მომზადებული ჰქონდათ ქვები, ღვინით სავსე ბოთლები. ეს ყველაფერი დაუშინეს ჩვენი მრევლის წევრის მანქანას, დალეწეს, დაამტვრიეს, ჩვენს მრევლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სცემეს და მათ ძლივს გამოასწრეს მოძალადეებს – გადარჩნენ”.

ზურაბ აროშვილს მიაჩნია, რომ აგრესიის წაქეზებას ხელი შეუწყო გიორგი ანდრიაძის მოწოდებამაც, რომლის შინაარსი საპატრიარქოს საპარლამენტო მდივანმა ასე გადმოსცა [ანდრიაძის ხმა]: “არ შეიძლება მათ ააშენონ რაიმე ტაძარი; თუ ისინი თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ და რაღაც სხვა ტაძარს აშენებენ, საქართველოში ძალიან ბევრი სექტაა და ასეთ შემთხვევაში ისინიც ააშენებენ თავიანთ სამლოცველოებს. ეს იქნება პრეცედენტი საიმისოდ, რომ ყველამ თავ-თავისი სამლოცველო აშენოს”.

დარბევის მეორე დღეს, 25 სექტემბერს, თბილისიდან ოზურგეთში ჩასულ მღვდლებთან საუბრისას ოზურგეთის გამგებლის მოადგილემ მამაგეიშვილმა მკრეხელობა უწოდა სამლოცველოს მშენებლობას.

მრევლის წევრ ფრიდონ უჩაძის ეზოში აშენებულ პატარა ბაზილიკას გადახურვაღა აკლდა. 25 სექტემბრის შემდეგ სოფელ შემოქმედში ავრცელებდნენ და მოქალაქეებს ურიგებდნენ ასეთი შინაარსის მოწოდებას: “6 ოქტომბერს, 10 საათზე, განგაშის ზარები სოფლის ცენტრში გვიხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანებს, ადამიანებს, რომლებსაც უყვართ მშობლიური სოფელი და აწუხებთ დედაეკლესიის ბედი. მობრძანდით ყველა – დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, რათა ერთად ვებრძოლოთ სოფელში შემოჭრილ სატანას”.

საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს თანასოფლელებთან აქამდე ჩვეულებრივი, ნორმალური ურთიერთობა ჰქონდა. 6 ოქტომბერს შემოქმედში მხოლოდ ამ სოფლის მკვიდრნი არ შეკრებილან – როგორც ზურაბ აროშვილი ამბობს, ხალხი სხვა სოფლებიდანაც ჩამოიყვანეს [აროშვილის ხმა]: “მართლაც, ამ შეკრებაზე სოფლის ნაწილმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაერბია და დაენგრია მშენებარე ეკლესია, რაც განახორციელა კიდეც. ამ პროცესს ესწრებოდა ოზურგეთის პოლიციის უფროსი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი, უბრალოდ, თვალყურს ადევნებდნენ სოფლის მოსახლეთა ნაწილის ამ ქმედებებს”.

დაზარალებულთა ინტერესების დაცვა იკისრა ორგანიზაციამ “კონსტიტუციის 42-ე მუხლი”. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ადვოკატმა ლია მუხაშავრიამ განმიცხადა, რომ, კანონის თანახმად, ჯერ უნდა მიმართონ ოზურგეთის ადგილობრივ სამართალდამცავ ორგანოებს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და დამნაშავეთა გამოვლენის მოთხოვნით. ლია მუხაშავრია ეჭვობს, რომ ეს შედეგს გამოიღებს და თითქმის დარწმუნებულია, რომ საქმე, საბოლოოდ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლომდე მივა.
XS
SM
MD
LG