Accessibility links

logo-print

მოსაზრებები ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის გარშემო


თამარ ჩიქოვანი, გიორგი კაკაბაძე, თბილისი რუსეთში დღემდე განსხვავებულად აფასებენ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის პროექტის შესაძლებლობებს. მაგალითად, ერთობ კრიტიკულ დამოკიდებულებას ავლენენ 4 ოქტომბრის “ნეზავისიმაია

გაზეტას” წერილის ავტორები - ეკონომიკური ექსპერტი იური ალეკსანდროვი და პოლიტიკური ექსპერტი დმიტრი ორლოვი.

“ნეზავისიმაია გაზეტას” წერილში ნათქვამია, რომ “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის მთავარი იმედი უკავშირდება კასპიის შელფის აზერბაიჯანული სექტორის “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” საბადოების ბლოკს, რომელსაც “ბრიტიშ პეტროლიუმი” ითვისებს”, მაგრამ, ავტორთა თქმით, დღესდღეობით ამ ბლოკიდან ნავთობის მიწოდების პერსპექტივა საკმაოდ ბუნდოვანია. “განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ რუსეთისა და ყაზახეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანმა ჯერჯერობით ვერ გადაჭრა სასურველი კუთხით ზღვის ფსკერის გამიჯვნის პრობლემა თავის მეზობლებთან, უპირველესად კი – თურქმენეთსა და ირანთან.
მთავარ დაბრკოლებად ირანთან დავაში იქცა ნახშირწყალბადებით მდიდარი “აზერი-ჩირაგ-გიუნეშლის” სტრუქტურის სამხრეთი ნაწილი”.

წერილის მიხედვით, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის რენტაბელობასთან დაკავშირებული გათვლები გამომდინარეობს წარმოდგენიდან, რომ მილსადენი საჭირო რაოდენობით იქნება უზრუნველყოფილი ნავთობით”. მაგრამ ავტორები აცხადებენ, რომ “სწორედ ეს საკითხი დგას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ” და იმასაც მიიჩნევენ, რომ “პროექტი პოლიტიკური თვალსაზრისითაც სუსტადაა დასაბუთებული”. მათი თქმით, “ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტი, არსებითად, წარმოადგენს მსოფლიო არენაზე ირანის იზოლაციის ამერიკული სტრატეგიის ნაწილს”, თუმცა, როგორც წერილშია აღნიშნული, ამ ხაზს ამერიკის ბევრი მოკავშირე არ იზიარებს.

შემდეგ ავტორები საუბრობენ ირანის მიმართ რუსეთის მხარდაჭერაზე. მათი დასკვნით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ირანმა კონკურენცია ვერ გაუწიოს იმ ნავთობს, რომელიც სანავთობო ბაზრებს თურქეთის გავლით უნდა მიეწოდოს.

წერილში აღნიშნულია, რომ “ბრიტიშ პეტროლიუმის” საბაზრო კაპიტალიზაცია ორჯერ აჭარბებს რუსეთის არა მხოლოდ სანავთობო, არამედ ერთად აღებული ყველა კომპანიის ჯამურ კაპიტალიზაციას. ამიტომ, ავტორთა აზრით, მძლავრ სანავთობო კომპანიებს შეუძლიათ გარისკონ და ეკონომიკურად სუსტად დასაბუთებულ და პოლიტიკურად არცთუ უდავო პროექტში მონაწილეობა მიიღონ.

ავტორთა თქმით, “ბაქო-ჯეიჰანის პროექტის ლობისტთა იმედები, როგორც ჩანს, უმთავრესად, ყაზახეთის ნავთობს უკავშირდება. შესაძლოა, ასეთი გათვლები გამართლდეს იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული დროის შემდეგ ყაზახეთის კომპანიებს არ ეცოდინებათ, ვის მიაწოდონ თავიანთი ნავთობი. მაგრამ დღესდღეობით ყაზახეთის მოღვაწეობა საექსპორტო სანავთობო კომპლექსის განვითარების მხრივ სრულიად განსაზღვრულად რუსეთზეა ორიენტირებული”.

“ნეზავისიმაია გაზეტას” ავტორები მიიჩნევენ, რომ პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს, მისწრაფებების შესახებ დეკლარაციად დარჩება, თუ მის გარშემო არსებული ვითარება დეტალურად არ იქნა შესწავლილი.

2 ოქტომბრის “პარლამენტსკაია გაზეტაში” კი ფედერაციის საბჭოს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ვადიმ გუსტოვი აცხადებს:

“საქართველოსთვის ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ამერიკელებამდე მივიდა ინფორმაცია, რომ კასპიის ზღვაში ნავთობისა და გაზის კოლოსალური მარაგია. დსთ-ის ქვეყნებს შორის მსოფლიო საზოგადოებრიობის ყველაზე დიდ ინტერესს იწვევენ ის სახელმწიფოები, რომლებსაც ნედლეულის მარაგი აქვთ. ესენია – რუსეთი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი. საქართველო კი იმ კვანძად იქცა, რომელსაც პერსპექტივაში ბევრი ფულის შოვნა შეუძლია ტრანზიტზე. მის ტერიტორიაზე გამავალი ნავთობსადენები მილიარდობით დოლარი ღირს. ხოლო საკითხი იმის თაობაზე, თუ ვინ გახდება ამ სახელმწიფოს “კურატორი”, დღეს უდიდეს მნიშვნელობას იძენს”.
XS
SM
MD
LG