Accessibility links

logo-print

ერაყი გაეროს უფრო მკაცრ რეზოლუციაზეც თანახმაა


ერაყის მთავრობა ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოცხადებასთან ერთად გაეროს უწინდელზე უფრო მკაცრი რეზოლუციების წინააღმდეგი არ არის.

გაეროში ამ ქვეყნის წარმომდგენელმა მოჰამად ელ დურიმ ეს “ეი-ბი-ეს”-ს ამერიკულ სატელივიზიო არხს განუცხადა. ბაღდადის დესპანმა იქვე განმარტა, რომ, ამასთან, ამ რეზოლუციის შემოწმების საშუალება გვსურს მოგვეცესო. ამის ფონზე, ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი ემიგრაციაში წასვლის შესახებ ჭორს უარყოფს და, მისი სიტყვებით, “ერაყის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის საკუთარ მისიაზე” ლაპარკობს. მოვლენების განვითარება ააშკარავებს, რომ გაეროს განიარაღების ინსპექტორების ქვეყანაში უპირობო შეშვებაზე ბაღდადის დაყოლიების მიუხედავად, ინსპექცია ჯერ არ დაიწყება, დაელოდებიან გაეროს ახალ რეზოლუციას.
ოქროპირ რუხაძე გესაუბრებათ იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ამ რეზოლუციისთვის მზადება და რა პირი უჩანს შესაძლებელ ომს.
იმ დროს, როცა სადამის ჩამოგდებაზე და იმაზეა ლაპარაკი, რომ ერაყი საშიშია მსოფლიოსთვის, ჟურნალი “ნიუსუიკი” უწყება, რომ სადამ ჰუსეინმა ერაყის არმიის მეთაურებს აშშ-ის თავდასხმის შემთხვევაში ქიმიური იარაღის გამოყენების უფლება მისცა. იმავე ცნობით, რომლის წყარო ერთ-ერთი არაბული ქვეყნის საიდუმლო სამსახურის ინფორმაციას ეყრდნობა, შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების ნაწილის ოფიცრები ერაყის დასავლეთში მოიძიებენ “სკადის” ტიპის რაკეტების გამშვები დანადგარების ადგილსამყოფელს. უფრო ადრე ბრიტანეთის ერთი ჟურნალი წერდა, რომ ისრაელის არმიაც იყო ამავე საქმით დაკავებელი. ისრაელში დიდია შიში, რომ ეს ქვეყანა მძევლის როლში შეიძლება აღმოჩნდეს, ომის შემთხვევაში მას ერაყი სამიზნედ გაიხდის, როგორც ეს 1991 წელს მოხდა.
გაეროს ახალი რეზოლუციის მიღებისთვის მზადება ჩქარი ტემპით არ ხერხდება. აშშ-ის პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს წარმატება აქვს საშინაო ოფიციალურ ფრონტზე. როგორც ჩანს, წარმომადგენელთა პალატასთან ერთად, აქ პრეზიდენტმა უკვე მიაღწია თავისთვის სასარგებლო შეთანხმებას, ახლა დემოკრატების ხელში მყოფი სენატიც მიემხრობა მის კურსს. ორშაბათს გვიან ღამით ტელევიზიით ჯორჯ ბუშის გამოსვლის ტექსტში ბაღდადის მხრივ საშიშროებაზეა კიდევ ერთხელ ლაპარაკი, რათა პრეზიდენტმა მოიპოვოს კონგრესის სრული უფლებამოსილება - განახორციელოს სამხედრო დარტყმა. ტექსტი არ შეიცავს სადამ ჰუსეინის სრული განიარაღების ვადას და შესაბამის ულტიმატუმებს.
ამერიკის მოქალაქეებში ამ დროს იზრდება უკმაყოფილება ერაყის წინააღმდეგ კურსის მიმართ. არაერთი დემონსტრაცია გაიმართა შეერთებული შტატების ქალაქებში. ნიუ იორკში, ცენტრალურ პარკში ათასობით დემონსტრანტი გამოთქვამდა პროტესტს მოსალოდნელი ომის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ამ გამოსვლისკენ მოწოდება გამოთქვა ორგანიზაციამაც, რომელშიც 11 სექტემბრის მსხვერპლთა ნათესავები და ახლობლები არიან გაერთიანებული.
რაც შეეხება გაეროს რეზოლუციას: გამოიკვეთა ორი პრინციპული პოზიცია, ერთი შეერთებული შტატებისა, რომელიც ემხრობა რეზოლუციას, რომელიც უნდა აყენებდეს იარაღის კონტროლის პირობებს და ერაყის წინააღმდეგობის შემთხვევაში სამხედრო ძალის გამოყენებას უნდა ითვალისწინებდეს. საფრანგეთი ეგრეთწოდებულ ორსაფეხურიან გადაწყვეტილებას ესწრაფვის. ამ ქვეყნის მთავრობა პირველ რიგში მოითხოვს განიარაღების ინსპექტორების სწრაფ მივლინებას ერაყში. რუსეთი მიემხრო ამგვარ მიდგომას, განაცხადა რა, რომ საერთოდ, ახალი რეზოლუციის მომხრე არ არის, მაგრამ საფრანგეთის იდეის საწინააღმდეგო არაფერი აქვს, რადგან ის არ ითვალისწინებს სამხედრო ძალის გამოყენებას.
კიდევ ერთი ასპექტი: ბრიტანეთის პრემიერის ტონი ბლერის მრჩევლებმა გამოაცხადეს, რომ სამხედრო ძალით სადამის ჩამოგდება უკანონობა იქნება. ბრიტანეთი კი, მათივე თქმით, საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში აპირებდა ერაყთან პაექრობას. ისე რომ, ბრიტანეთს ჰააგის ტრიბუნალში შეიძლება მოუწიოს პასუხისგებამ.
XS
SM
MD
LG