Accessibility links

პრეზიდენტ ბუშის მიმართვა ამერიკელი ხალხისადმი ერაყის პრობლემასთან დაკავშირებით


ანდრო ეული, პრაღა ორშაბათს, 7 ოქტომბერს, სატელევიზიო მიმართვაში ამერიკელი ხალხისადმი, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ერაყმა თავისი მასობრივი განადგურების იარაღის სრული ლიკვიდაცია უნდა მოახდინოს.

ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში გამოსვლისას ჯორჯ ბუშმა დასძინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ბაღდადს ამის გაკეთებას შეერთებული შტატების თაოსნობით შექმნილი კოალიცია აიძულებს.

ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ ერაყის პრეზიდენტი სადამ ჰუსეინი სერიოზულ საფრთხეს უქმნის ახლო აღმოსავლეთს, შეერთებულ შტატებსა და მთელს მსოფლიოს. ბუშის თქმით, შეერთებული შტატები და მსოფლიო ვერ დაელოდებიან იმას, როდის შეწყვეტს სადამ ჰუსეინი თავისი მასობრივი განადგურების იარაღის შექმნის პროგრამას, რაც გაეროს მიერ 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დამთავრების შემდეგ მიღებული რეზოლუციითაა გათვალისწინებული:

[ჯორჯ ბუშის ხმა] "რაც უფრო დიდხანს დავიცდით, მით უფრო ძლიერი და მოურიდებელი გახდება ჰუსეინი. შეგვიძლია დავიცადოთ და ვიქონიოთ იმედი, რომ სადამი არ მისცემს იარაღს ტერორისტებს, და არც ბირთვულ იარაღს შექმნის, რომლითაც შეუძლია შანტაჟი მოუწყოს მსოფლიოს. თუმცა დარწმუნებული ვარ, ამგვარი იმედი ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული".

ამასობაში, კონგრესმა დაიწყო განხილვა რეზოლუციის პროექტისა, რომელიც უფლებას მისცემს პრეზიდენტს ბუშს, საჭიროების შემთხვევაში ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს.

ზოგიერთი კონგრესმენი, მათ შორის ბუშის რამდენიმე თანაპარტიელიც, აცხადებს, რომ ძალის გამოყენება მხოლოდ გაეროს თანხმობით უნდა მოხდეს. ხოლო სხვების აზრით, გაუმართლებელია ერაყის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყება ახლა, როცა შეერთებული შტატები გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ომს აწარმოებს საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ.

ჯორჯ ბუშმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროს უშიშროების საბჭო მიიღებს ახალ რეზოლუციას, რომლის ძალითაც განიარაღების საერთაშორისო ექსპერტებს უფლება მიეცემათ, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეამოწმონ ერაყის ნებისმიერი ობიექტი.

შეერთებული შტატები და ბრიტანეთი ამჟამად ცდილობენ, დაიყოლიონ უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლების მქონე დანარჩენი 3 მუდმივი წევრი: ჩინეთი, საფრანგეთი და რუსეთი, რომ ახალი რეზოლუციის მიღება აუცილებელია. მიმომხილველების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ჩინეთი წინ არ აღუდგება ახალი რეზოლუციის მიღებას და კენჭისყრისას, უბრალოდ, თავს შეიკავებს. მაგრამ რუსეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ ამგვარი რეზოლუციის მიღება აუცილებელი არ არის.

სატელევიზიო მიმართვაში პრეზიდენტმა ბუშმა ისიც აღნიშნა, რომ სადამ ჰუსეინს ახლო ურთიერთობა აქვს ტერორისტებთან, მათ შორის "ალ-ყაიდის" ქსელთან. მისივე თქმით, ერაყის მიმართ უმოქმედობა მხოლოდ გაამხნევებს სხვა დიქტატორ ლიდერებს და ტერორისტებისთვისაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება მასობრივი განადგურების იარაღი, რომლითაც ისინი იოლად მოუწყობენ შანტაჟს მსოფლიოს.

საზოგადოებრივი აზრის უკანასკნელი გამოკითხვის თანახმად, ერაყის პრობლემაზე მეტად ამერიკელებს ის ადარდებს, რომ მათს ქვეყანაში დაღმავლობის გზაზეა ეკონომიკა. ზოგიერთმა გამოკითხულმა განაცხადა, რომ ერაყის წინააღმდეგ ომის დაწყება აშშ-ის ეკონომიკას კიდევ უფრო დააზარალებს.
XS
SM
MD
LG