Accessibility links

logo-print

რამდენად კანონიერია დაკავებულ ჩეჩენთა რუსეთისთვის ექსტრადიცია


გასული კვირის ბოლოს 5 ჩეჩენი პატიმრის რუსეთისთვის ექსტრადიცია მოულოდნელი და ძალზე უსიამოვნო სიურპრიზი იყო მრავალთათვის. თითქოს საპნის ბუშტივით გასკდა ილუზია იმის თაობაზე,

რომ საქართველო არ დაჰყვებოდა დიდი მეზობლის ვერბალურ თუ ფიზიკურ მუქარას და წინ აღუდგებოდა მოსკოვის უკანონო მოთხოვნებს. უკანონოს, ვინაიდან საერთაშორისო კონვენციების ძალით, რომელთა მონაწილე საქართველოც არის, დაუშვებელია დაკავებულ პირთა გადაცემა იმ ქვეყნისთვის, სადაც მოსალოდნელია მათი სიკვდილით დასჯა და წამება.

უკმაყოფილოთა შორის მარტო ჩეჩნები არ არიან. გაჩნდა მრავალი ეჭვი. ჯერ ერთი, ეჭვი იმი თაობაზე, რომ თბილისი გარიგებაზე მიდის მოსკოვთან. მოსკოვთან გარიგება კი მხოლოდ ხუთი ადამინის გადაცემით არ სრულდება ხოლმე. როგორც წესი, პატარა დათმობებს დიდი მოჰყვება. ამის საუკეთესო მაგალითი იყო აფხაზეთი ომი, სადაც კარგად გამოჩნდა, რამდენად შეიძლება ენდო დიდ ძალას, რომლისთვისაც პირობის დარღვევა ჩვეული რამაა.

ცხადია, უკმაყოფილო და იმედგაცრუებულია ჩეჩენთა ხელმძღვანელობა. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკა იჩკერიის პრეზიდენტმა ასლან მასხადოვმა იმედი გამოთქვა, რომ ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობები არ გაუარესდება.

ჩვენი გადაცემის წინ დავუკავშირდით იჩკერიის ვიცე-პრეზიდენტს, აჰმად ზაკაევს, რომლის აზრით, ექსტრადიცია წმიდა წყლის პოლიტიკური ნაბიჯი იყო თბილისის მხრიდან.

[ზაკაევის ხმა] ”ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, აღსრულებულ იქნა შეერთებული შტატების ნებართვით, შეგულიანებით თუ მითითებით. ამაში მყარად ვარ დარწმუნებული. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, რომ როცა შეერთებული შტატები აცხადებს თავისი ეკონომიკური ინტერესების შესახებ საქართველოში, ლაპარაკობს მისთვის ამ რეგიონში სტაბილურობის მნიშვნელობაზე, არ უნდა ავიწყდებოდეთ ამერიკელებს და არც სხვებს, რომ კავკასიის ქედი გამყოფი ფაქტორი კი არ არის საქართველოსა და ჩეჩნეთს შორის, არამედ დამაკავშირებელი. და, რა თქმა უნდა, არავითარი სტაბილურობის მიღწევა ქედის მარცხნივ, როცა გრძელდება ბაკქანალია მის მარჯვენა მხარეს, ანუ ჩეჩნეთში, არ შეუძლიათ არც ამერიკელებს, არც არავის, არც ჩეჩნებს, არც ქართველებს”.

მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ჩეჩნები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ დაარწმუნონ თავიანთი ხალხი ქართველებთან კეთილმეზობლობის აუცილებლობაში. აქვე ზაკაევმა უარყო გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, თითქოს რუსლან გელაევს ეთქვას, რომ შურს იძიებს მისი საკუთარი ხალხის ექსტრადიციის შემთხვევაში.

[ზაკაევის ხმა] “მინდა უარვყო ეს ინფორმაცია, რომელიც თითქოს გელაევისგან მოდის, რომ თუკი ექსრტადიცია მის ხალხს შეეხება... ასეთი განცხადება არ ყოფილა და არც შეიძლება ყოფილიყო. გელაევი ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში და მასხადოვის დაქვემდებარებაში იმყოფება. ქართველებსა და ჩეჩნებს შორის ურთიერთობა პოლიტიკური საკითხია და იგი მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ მასხადოვის პრეროგატივაა.”

ზაკაევის მეტ-ნაკლებად ზომიერ პოზიციასთან შედარებით ერთობ მწვავე რეაქცია ჰქონდა ჩეჩენთა ექსტრადიციის ფაქტზე ჩეჩნეთის საკითხების ექსპერტს, ამერიკელ პროფესორ ფრენსის ბოილს, რომელმაც ჩვენს რადიოს განუცხადა:

[ბოილის ხმა] ”ჩემის აზრით, მსოფლიოში ყველა, ვისაც გული შესტკივა ადამიანის უფლებებისთვის, უნდა აღდგეს და პროტესტი განუცხადოს საქართველოს მთავრობას იმისთვის, რაც მან გააკეთა ჩეჩენი ლტოლვილების უკანონო ექსტრადიციით. თუკი ყველანი არ შევეწინააღმდეგებით ამას, მათ შორის გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატი და გაეროს ლტოლვილთა საკითხების უმაღლესი კომისარიატი, შეიძლება საქმე გვექნეს მასობრივ კატასტროფასთან, თუკი საქართველო გააგრძელებს დიდი რაოდენობით ჩეჩენი ლტოლვილების გადაცემას რუსეთის ფედერაციისთვის, სადაც მათ აწამებენ და მოკლავენ, ან, თუ არ მოკლავენ, მათი საჩვენებელი პროცესები მოეწყობა”.

ბოილის თქმით, გარდა იმისა, რომ დაკავებულ ჩეჩენთა რუსეთისთვის გადაცემა საერთაშორისო კონვენციების დარღვევაა, ეს პოლიტიკური თვალსაზრისითაც მცდარი ნაბიჯია. ამგვარი პრეცედენტით საქართველო მის ხელთ არსებულ კოზირებზე უარს ამბობს რუსეთთან გართულებულ ურთიერთობებში.

[ბოილის ხმა] ”თუკი შევარდნაძეს ჰგონია, რომ რუსეთის ზეწოლაზე დაყოლით და ამ ჩეჩენი ლტოლვილების სიცოცხლის გაწირვით იგი როგორღაც აპირებს საქართველოს დაცვას რუსეთის აგრესიისგან, მე მგონია, იგი ღრმად ცდება. ჩემის აზრით, კანონსა და ადამიანის უფლებებზე უარის თქმით პრეზიდენტი შევარდნაძე ძირს უთხრის ზოგიერთ ძალიან ძლიერ დამცველ მექანიზმს, რომლებიც თავად საქართველოს მოეპოვება რუსეთის დედერაციის წინააღმდეგ”.

უახლოეს მომავალში საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ დაკავებული კიდევ 8 ჩეჩნის ბედი უნდა გაირკვეს. ჯერჯერობით ძნელის სათქმელია, ამ შემთხვევაში რა ნაბიჯს გადადგამს თბილისი.
XS
SM
MD
LG