Accessibility links

logo-print

პარლამენტი თვითლუსტრაციას იწყებს?


თამარ ჩიქოვანი, თბილისი საქართველოს უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ საიდუმლო დოკუმენტის პროექტს, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების ღონისძიებებს სახავს და ერთ-ერთ პუნქტად

პარლამენტის წევრების უკანონო საქმიანობის გამომზეურებას გეგმავს, საპარლამენტო ფრაქციის “გაერთიანებული დემოკრატების” საპასუხო ინიციატივა მოჰყვა: ფრაქციის მიერ მომზადებული დადგენილების პროექტით, პარლამენტარების ლუსტრაციის პროცესი საჯარო უნდა იყოს. 8 ოქტომბრის პარლამენტის სხდომაზე კიდევ ერთი ინიციატივა წამოაყენა ფრაქცია “მრეწველებმა”, რომელიც კოლეგა-პარლამენტარებს იმუნიტეტის მოხსნისკენ მოუწოდებს.


ლუსტრაციის თემა ახალი არ არის საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში. დამოუკიდებლობააღდგენილი საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სხვადასხვა ქვეყნის აგენტობის საკითხი საკმაოდ ხშირად აღმოჩენილა ხმაურიანი დებატების მიზეზად. სულ ცოტა ხნის წინათ, როცა პარლამენტარებმა შეიტყვეს, რომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესების გეგმის ერთ-ერთ პუნქტად უშიშროების საბჭომ პარლამენტარების საქმიანობის კანონიერების შესწავლის საკითხი შეიტანა, ჯაშუშობის თემამ ისევ შეიძინა აქტუალურობა. პარლამენტართა დამოკიდებულება ამ პრობლემისადმი ფრაქცია “აღორძინების” წევრის სანდრო ბრეგაძის მოსაზრებით შეიძლება შეჯამდეს:
[ სანდრო ბრეგაძის ხმა] “ჩემთვის სულერთია – რუსეთის აგენტია თუ ამერიკის. უცხო ქვეყნის აგენტი ყველა შემთხვევაში აგენტია.”
შეგახსენებთ, უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებული დოკუმენტის 27-ე მუხლი ითვალისწინებდა პარლამენტართა უკანონო საქმიანობის შესახებ ფართო საზოგადოების ინფორმირებას. სწორედ ეს გახდა პარლამენტარების შეშფოთების მიზეზი, რადგან ბევრმა მიიჩნია, რომ ეს მიმართულია არა კანონის უზენაესობის აღიარებისა და მისი მოთხოვნის აღსრულებისკენ, არამედ ნიშანია ოპოზიციის პოლიტიკური დევნის დასაწყებად.



რაც შეეხება სადეპუტატო იმუნიტეტის “ყოფნა-არყოფნის” საკითხს – ინიციატივა იმუნიტეტის მოხსნის შესახებ ფრაქცია “ მრეწველებმა” წამოაყენეს. ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ტყემალაძის განცხადებით:
[ზურაბ ტყემალაძის ხმა] “მივიღოთ, საერთოდ, გადაწყვეტილება და მოვიხსნათ იმუნიტეტი დამამტკიცებლად იმისა, რომ არაფრის არ გვეშინია და არაფერს ისეთს არ ვაკეთებთ.”
პარლამენტის თავმჯდომარე, საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით, მაინცდამაინც ოპტიმისტურად არ არის განწყობილი პარლამენტარების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, რადგან წინა მოწვევის პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა მაშინ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ინიციატივას იმუნიტეტის მოხსნის შესახებ. მისი პესიმიზმი რომ უსაფუძვლო არ გახლავთ, ეს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებითაც დადასტურდა. ფრაქცია “ოცდამეერთე საუკუნის” წევრის ჯემალ გამახარიას განცხადებით:
[ჯემალ გამახარიას ხმა] “ როგორც ოპოზიციონერი დეპუტატი, მომხრე არა ვარ, რომ იმუნიტეტი საერთოდ მოიხსნას, ის ერთადერთი დამცველი, რომელიც ოპოზიციონერს დღევანდელ სქართველოში გააჩნია. მაგრამ მას შემდეგ, რაც დეპუტატის წინააღმდეგ იქნება სერიოზული ბრალდება წაყენებული, თანაც გენერალური პროკურატურის მხრიდან, და ეს მტკიცებულებები იქნება პარლამენტში, უნდა გამარტივდეს პროცედურა.”[სტილი დაცულია]

კიდევ ერთი ინიციატივა უკვე დეპუტატთა ნარკოლოგიურ შემოწმებას უკავშირდება. ამ ინიციატივის ავტორი, აგრეთვე, ფრაქცია “გაერთიანებული დემოკრატებია.” თუმცა, მთლიანობაში, საეჭვოა, პარლამენტმა მხარი დაუჭიროს იმუნიტეტის მოხსნას. ყველაფერი ეს პარლამენტის არჩევნების ვადის მოახლოებასთან დაკავშირებულ ფ.რ.-ს კამპანიის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს.
XS
SM
MD
LG