Accessibility links

logo-print

რუსეთ-საქართველოს ერთობლივი ანტიტერორისტული თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები


კიშინიოვის სამიტის დამთავრებისთანავე საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია მოსკოვში გაემგზავრა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სწორედ ის იქნება საქართველოს პრეზიდენტის

პირადი წარმომადგენელი საქართველო - რუსეთის ანტიტერორისტულ თანამშრომლობაში. რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ხაბურძანია მოსკოვში, თავის კოლეგებთან ერთად, საქართველოში ბოევიკების შესაძლო შეჭრის აღსაკვეთად საჭირო გეგმაზე მუშაობს.

კიშინიოვის სამიტიდან საქართველოში მომავალმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოსკოვში საქართველოს უშიშროების მინისტრი ვალერი ხაბურძანია თავის რუს კოლეგასთან, ნიკოლაი პატრუშევთან, პანკისის ხეობის შესახებ მოლაპარაკებას აწარმოებს.
[შევარდნაძის ხმა] „ეს 2 პიროვნება შექმნის რაღაც შტაბის მსგავსს და ვიმუშავებთ იმისათვის, რომ იქ არ იყვნენ არც ბოევიკები და პანკისის ხეობაში იყოს მშვიდობა, რომელიც დამყარდა. ბევრი არაა დარჩენილი. შეიძლება იყოს დარჩენილი რამდენიმე ათეული კაცი, რომელთა იზოლირება იქნება აუცილებელი, ანდა რომლებიც უნდა გაეცალონ საქართველოს.“

შევარდნაძის ეს განცხადება და კიშინიოვში რუსეთის პრეზიდენტთან მიღწეული შეთანხმება საზღვრის ერთობლივი პატრულირების შესახებ ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ტერიტორიაზე ერთობლივი რუსულ-ქართული სამხედრო ოპერაციის განხორციელების გადაწყვეტილებად მიიჩნია. ამას თან დაერთო რუსულ საინფორმაციო საშუალებებში გავრცელებული ცნობები, რომელთა სათაურები იუწყება, რომ საქართველო და რუსეთი პანკისის ხეობაში ერთობლივ მოქმედებათა გეგმას ამუშავებენ. საბუთად კი ხაბურძანიას მოსკოვში ვიზიტი სახელდება. თუმცა ცნობებში არაფერია ნათქვამი იმის შესახებ, თუ რა იგულისხმება ერთობლივ მოქმედებებში.

ამ გაურკვევლობამ თბილისში კიდევ უფრო გააღრმავა ეჭვი, რომ მუშაობა სწორედ რუსული შეიარაღებული ძალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის თაობაზე მიმდინარეობს, საზღვრის ერთობლივი პატრულირების ინიციატივის ფარგლებში. მითუმეტეს, რომ 8 ოქტომბერს რუსეთ-საქართველოს საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე რუსეთის სხვა რეგიონებიდან შეიარაღებული ძალებისა და სასაზღვრო ნაწილების გადასროლა დაიწყო. რუსული საინფორმაციო წყაროების ცნობით, ეს გამოწვეულია საქართველოს მხრიდან ჩეჩენ ბოევიკთა 200 კაციანი დაჯგუფების შეჭრის შესაძლებლობით. სწორედ საზღვარზე მომხდარ შეტაკებას შეიძლება მოჰყვეს რუსული არმიის საქართველოს ტერიტორიაზე გადმოსვლა და საბრძოლო მოქმედებების საქართველოს სიღრმეში გადმოტანა.

თუმცა რუსული საინფორმაციო საშუალებების ნაწილი იუწყება, რომ საქართველოს მხრიდან დაღესტანში ჩეჩნების შეჭრის შესაძლებლობა არ დასტურდება. ამასვე აცხადებს საქართველოს უშიშროების სამინისტროს წარმომადგენელი ნიკა ლალიაშვილი. სანაცვლოდ, იგი არ გამორიცხავს ბოევიკების საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილებას.

[ლალიაშვილის ხმა] „რა თქმა უნდა, ამის საშიშროება არის. იმიტომ რომ ბოევიკები გადაადგილდებიან არამარტო რუსეთის ტერიტორიაზე, რადგანაც იქ ისინი ხვდებიან შეიარაღებულ წინააღმდეგობას, დიდი შანსია რომ მათ გადაწყვიტონ უკან დაბრუნდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია და ვფიქრობ, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი საკითხი მინისტრებს შორის მოლაპარაკებისა.“[სტილი დაცულია]

რუსი გენერლები აცხადებენ: გელაევის რაზმს ვებრძვით და მას 2 დღეში მთლიანად გავუსწორდებითო. ბოევიკებს საქართველოში გადმოსვლის ინტენსიური მცდელობა შეიძლება სწორედ ამ 2 დღის მანძილზე და შემდეგაც ჰქონდეთ და ისიც შესაძლებელია, რომ ჩეჩენთა შეიარაღებულ ჯგუფებს რუსი სამხედროები საქართველოს ტერიტორიაზეც დაედევნონ. თუმცა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე ირწმუნება, რომ ამას არ ითვალისწინებს კიშინიოვში პრეზიდენტებს შორის მიღწეული შეთანხმება. მისი განმარტებით, საზღვრის ერთობლივი პატრულირება და სპეცსამსახურების მჭიდრო თანამშრომლობა არ ნიშნავს საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთ-საქართველოს ერთობლივი სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ეს გამორიცხულიაო, - აღნიშნა საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა.
XS
SM
MD
LG