Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის 24 კაციანი დელეგაცია საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს განიხილავს


რუსეთ-საქართველოს დაძაბული ურთიერთობის ფონზე, ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთვის უსაფრთხოების საკითხებში დახმარების აღმოჩენას.

8 ოქტომბერს საქართველოში მუშაობა დაიწყო "კავკასიის ორმხრივმა სამუშაო ჯგუფმა", რომელშიც მონაწილეობას ღებულობს ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტის 24 კაციანი დელეგაცია, ევრაზიის საკითხებში აშშ თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის მირა რიქარდელის ხელმძღვანელობით. ამერიკის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის სარდლის, გენერალ დევიდ პოიტრესის თქმით, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანი "წვრთნისა და აღჭურვის" პროგრამის მიმდინარეობის შესწავლაც იქნება. ოთხშაბათიდან კი კავკასიური ჯგუფი მუშაობას გააგრძელებს უკვე სამმხრივ ფორმატში, თურქული მხარის მონაწილეობით. თურქული მხარე მზადაა, "წვრთნისა და აღჭურვის" ანალოგიური პროგრამა საქართველოს სპეცდანიშნულების ძალების კიდევ ერთი ბატალიონისთვის განახორციელოს.

სამხედრო დახმარების თვალსაზრისით, ამერიკის შეერთებული შტატები და თურქეთის რესპუბლიკა საქართველოს ძირითადი დონორები არიან. თუ თეთრი სახლი უმაღლესი სტანდარტის პირველ პროფესიულ ქვედანაყოფებს წვრთნის და აღჭურავს, თურქეთმა პასუხისმგებლობა იტვირთა მიმდინარე წლიდან მომავალი ქართველი ოფიცრები ნატოს სტანდარტებით მოამზადოს. სპეციალური პროგრამის ფარგლებში, რომელიც 5 წელზეა გათვლილი, თურქეთის მხარემ დააფინანსა ყველა იმ სახელმძღვანელოს ქართულ ენაზე თარგმნა, რომლებმაც არსებითად უნდა შეცვალოს კურსანტთა სწავლების პროცესი. 8 ოქტომბერს კი თავდაცვის ეროვნული აკადემიის მსმენელებმა თურქეთის მხარის მიერ გარემონტებული საცხოვრებელი ყაზარმა, სასადილო და რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეურნეო ობიექტი მიიღეს. თურქეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკ ქოქსალ ქარაბაის განცხადებით, თურქეთი მომავალშიც აქტიურად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებული ძალების მშენებლობაში.




[ქოქსალ ქარაბაის ხმა] " თანამშრომლობას საქართველოსა და რუსეთს შორის ჩვენ ვაფასებთ როგორც მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას. ამ აკადემიაში გაიზრდებიან ის ოფიცრები, რომლებმაც ქართული ჯარის მშენებლობა ახალ სიმაღლეზე უნდა აიყვანონ. და, რა თქმა უნდა, თურქეთი და საქართველო ერთად ავაშენებთ მშვიდობას ამ რეგიონში."

სამშაბათს რეგიონალურ უსაფრთხოებაზე საუბრობდნენ პენტაგონის მაღალი რანგის წარმომადგენლებიც სასტუმრო "თორში,” სადაც "კავკასიის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის” მეორე სხდომა გაიმართა. როგორც ამერიკის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, შტატ ჯორჯიის ეროვნული გვარდიის სარდალმა, გენერალმა დევიდ პოიტრესმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა: შეხვედრის მთავარი მიზანია შეფასდეს, თუ რა შეცვალა ამერიკულმა სამხედრო დახმარებამ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში და განისაზღვროს ის ძირითადი პრიორიტეტები, რომლებზეც მომდევნო ორი-სამი წლის თანამშრომლობის პროგრამა ჩამოყალიბდება.

[დევიდ პოიტრესის ხმა] "სხდომის ბოლოს ასევე განვიხილავთ საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფების "წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამის ახალი ეტაპის შედეგებს. კერძოდ, თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროგრამა და რა ცვლილებები შეიძლება იქნეს მასში შეტანილი იმისათვის, რომ ქართველი სამხედროების მომზადება მომდევნო თვეებში უფრო სრულყოფილად და წარმატებულად წარიმართოს."

"კავკასიის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის" შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, გენერალმა დავით თევზაძემ განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის შექმნას სამწლიანი პროგრამა სპეცდანიშნულების ძალების ბრიგადის გაწვრთნისა და აღჭურვის მიზნით. მისივე ინფორმაციით, თურქეთი აპირებს სრულფასოვნად ჩაებას "კავკასიის ორმხრივი სამუშაო ჯგუფის" მუშაობაში. ეს კი, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ სამმხრივ ფორმატში მუშაობა, რომლის პრეცედენტსაც ცნობილი ვერტმფრენთა პროგრამა წარმოადგენდა, ამიერიდან ტრადიციულ სახეს მიიღებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG